"ალიას" მასალების მიხედვით
"ე.წ. რადიკალურად ხელისუფლებამ მონათლა სამართლიანობისთვის მებრძოლი ოპოზიცია და თუ ამასვე უწოდებს ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური გუნდი სამართლიანობისთვის მებრძოლ ოპოზიციას, ესე იგი ისინი ხელისუფლების სიტყვებს იმეორებენ. თუ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტიები პროამერიკელები არიან, გადასახლდნენ და იქ იცხოვრონ, საქართველოში რა უნდათ. საქართველოში პროქართული პოლიტიკა უნდა იყოს, არა პრორუსული, პროამერიკული და ა.შ.", - აცხადებს "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტიები პროამერიკელები არიან, გადასახლდნენ და იქ იცხოვრონ, საქართველოში რა უნდათ / როცა ნახევარი მსოფლიოა ქუჩაში გამოსული და ჩვენ ჩუმად ვართ, ისინი ან იდიოტებად გვთვლიან, ან საერთოდ ნაციად არ გვთვლიან..."
"რატომ ამბობს ძიძიგური იმას რაც არ არის - სად არის გამოცხადებული, რომ ერთიანი ეროვნული ფრონტია შექმნილი? ან ვისთან იყო კონსულტაციები, რომ შეიქმნას ერთიანი ეროვნული ფრონტი? გულწრფელად მაინტერესებს, შესაძლოა მე გამომრჩა და თვალი ვერ მივადევნე, 200-მდე პარტიაა და რომელიმე მათგანთან ჰქონდათ კონსულტაცია? ნეტავ მანახა, მე თვითონაც გამოხარდებოდა... საერთოდ, კარის დაკეტვა ეს არის არაადამიანური, არაკაცური - თუნდაც შემცდარი იყოს პოლიტიკოსი, მას რომ კარს უკეტავ, ეს დაუშვებელია. ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ შემცდარი ადამიანიც უნდა მიიღო და აპატიო. შენ ვინ ხარ, რომ თუნდაც ცდომილებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს და პოლიტიკოსს გადაუწყვიტო პოლიტიკური ბედი? შენ გაავლო წყალგამყოფი - ვინ მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და ვინ არა. თვითონ შეუცდომლად არიან მოსული პოლიტიკაში?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ბურჯანაძე.
"მე არ მეგულება დღეს პოლიტიკაში პიროვნება, ვინც უშეცდომოა. ამიტომ არ უნდა ჰგონდეს პიროვნებათა ჯგუფს უფლება, გადაუწყვიტოს სხვას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება. მაშინ რაღა სხვაობაა "ნაციონალურ მოძრაობასა" და ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, ვინც ამას აცხადებს, რომ შენ უნდა იყო კოალიციაში და შენ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი ჯგუფი მოვა ხელისუფლებაში, "ნაციონალებზე" უარესად მოიქცევა, გააყალბებს არჩევნებს, რათა ვინც არ მოსწონს, იმან არ გაიმარჯვოს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სამწუხაროდ, "სახალხო კრებას" მიაწებეს ის იარლიყი, თითქოს ჩვენ ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მომხრე ვართ. ის, რაც ვერ იკადრა "ნაცმოძრაობამ", ოპოზიციამ იკადრა - ალასანიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა. სამწუხაროდ, ხელისუფლების ტელევიზიების იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექცა საზოგადოებაც, ჩვენთვის დახშულია ელექტრონული მედია - ის ელექტრონული მედიაც, რომელიც დღეს ობიექტურად ითვლება. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, ჩვენი პოზიციები გამოვხატოთ. გამოდის პოლიტიკოსთა ჯგუფი და ისინი წყვეტენ, ვინ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ვინ არა. პირადად მე, გია ბურჯანაძეს მაინტერესებს თამრიკო ჩხეიძე არ არის პოლიტიკოსი, გაქრა პოლიტიკური ველიდან? ვიღაც პოლიტიკოსები, ვინც გუშინწინ გამოიჩეკნენ, პარტია შეუქმნეს და გაუპიარეს, ისინი მიწყვეტენ მე პოლიტიკურ ცხოვრებას და იმ პოლიტიკოსებს, ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მებაირახტრეები იყვნენ, იმათ არაფერს ეკითხებიან... ზვიადისტურ მოძრაობასთან მე პირადად დალაგებული ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ როგორც შეიძლება, საჯაროდ აცხადებ, ზვიადისტები არ უნდა გავიკაროთო, - მიიჩნევს გია ბურჯანაძე.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის, პირველი "სახალხო კრება" იყო, რომელმაც 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა თავისი მიმართვა, ჩვენ მივესალმეთ მის გამოჩენას და ყველანაირად დავუდგებით გვერდში... მესამე პოლუსი თუ შესაქმნელია - შეიქმნება და ხელისუფლება მესამესაც შექმნის და მეოთხესაც. მთავარი ის არის, თუ მართლა გვინდა ამ ქვეყნის გადარჩენა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და თვალები კი არ უნდა დავხუჭოთ, თუკი ერთ პოლიტიკურ ძალას მეორით ჩაანაცვლებს, არამედ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. დღევანდელი საარჩევნო გარემო არის წამგებიანი, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ შევქმნათ გარემო, სადაც შეიძლება მონაწილეობა მიიღოს წესიერმა პოლიტიკურმა მოთამაშემ" - დასძენს "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი.
"ქართულმა საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ქუჩაში გასვლა იმას კი არ ნიშნავს, რომ კარვები დასცე - შენი უფლებები უნდა დაიცვა და შესაძლებელია ამ პროტესტით მიზნის მიღწევა. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. ყველა გამოსულია ქუჩაში და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის, მთელი დემოკრატიული ევროპა ქუჩაშია, პატარა დარღვევასაც კი აპროტესტებენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრორუსები არიან და პუტინის დავალებას ასრულებენ. ქუჩაში გასვლა იდეაფიქსი კი არ არის, მაგრამ ასე სახლებში შეკეტვა და ყველაფერზე გაჩუმება როგორ შეიძლება. სამსაათიანი საპროტესტო აქციები უნდა გაიმართოს, როცა ნახევარი მსოფლიოა ქუჩაში გამოსული და ჩვენ ჩუმად ვართ, ისინი ან იდიოტებად გვთვლიან ან საერთოდ ნაციად არ გვთვლიან. 26 მაისს გასაგებია რაც მოხდა, მაგრამ იმდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ თითოეული ადამიანისთვის, მე ეს დუმილი მაოცებს" - დასძენს გია ბურჯანაძე.
"მაისის შემდეგ იყო, პარლამენტმა რელიგიური კონფესიების კანონი რომ მიიღო, ნაგვის გადასახადი დენს რომ მიაბეს, დრაკონულ საარჩევნო კანონში დრაკონული ცვლილებები შეიტანეს. ყველაფერს თავი დავანებოთ - კონსტიტუცია რო აღარ გვაქვს და თავის ჭკუაზე რომ ასწორებენ - ამაზე არ უნდა გამოვიდეს ხალხი? მსოფლიომ ხომ უნდა დააფიქსიროს, რომ ქართველები დაუნები კი არ არიან, არამედ ვართ ერი, რომელსაც აქვს ღირსება. შენ თუ ამას არ აკეტებ და საკუთარ ეროვნულ ღირსებას არ იცავ, ევროპელი მხარს არ დაგიჭერს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევდექით საზოგადოებად, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ ქვეყანა. უკიდურესობა გვახასიათებს - ვეცემით ეგრევე - აბა ჯოხი, აბა თოფი, თუ ჩვენ არა, ისინი დაგვხოცავენ. საქართველოში არჩევნებით არ შეცვლილა პრეზიდენტი, არანორმალურების შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ამ ყველაფერში საზოგადოებაა დამნაშავე და იმას ვიმსახურებთ, რაც საზოგადოებაც არის, ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ", - დაასკვნის რესპონდენტი.
823
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85