წყლის გადასახდის ახლებური მეთოდით დარიცხვამ მოსახლეობაში უკვე გამოიწვია განსაკუთრებული პროტესტი. ოპოზიცია კი იმდენად გამწარდა, რომ პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ჯერ იანვარი არ დამთავრებულა და ყველა ოჯახში არ მისულა ახალი წესით დაანგარიშებული გადასახადი. უკმაყოფილება პიკს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მიაღწევს.
ლეიბორისტული პარტია კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, “თბილისის წყალი” პრეზიდენტ სააკაშვილისა და თბილისის მერის უგულავას ხელშეწყობით თბილისის მოსახლეობას აყაჩაღებს. მისი თქმით, მოსახლეობას წყლის კომუნალურ ქვითარში აბონენტების ოჯახის წევრების რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, შესაბამისად, გაზრდილია წყლის გადასახადიც.
ლეიბორისტები ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილება საჯარო რეესტრთან შეთანხმებით ხორციელდება და ამოღებული თანხები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების პიარს მოხმარდება. “სააკაშვილ-უგულავას დამსახურებით, ამ თაღლითმა რუსულმა კომპანიამ “თბილისის წყალმა” მასობრივად დაიწყო თბილისელების დაყაჩაღება ფინანსურად და მაგალითად, თუ წინა თვეში მოქალაქეები იხდიდნენ გადასახადს ოჯახის სამ წევრზე, მეორე თვეში გადასახადი მიუვიდათ შვიდ ადამიანზე”, - განაცხადა ჯიბლაძემ და დასძინა, რომ პარტია მიმართავს პროკურატურას, აღიძრას საქმე “თბილისის წყლის” თანამშრომლების წინააღმდეგ 219-ე მუხლის თანახმად, რომელიც თაღლითობას გულისხმობს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.
ჯიბლაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ვინც დამნაშავეა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. არავის აქვს უფლება უკანონოდ აფათუროს ხელები ჩვენს ჯიბეებში”, - აღნიშნა ჯიბლაძემ.
წყლის გადასახადის ახლებური მეთოდიკის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გავრცელდა. მაშინ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განაცხადეს, რომ ინიციატივა მათი არ არის და ისინი მხოლოდ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნას ასრულებენ.
აღნიშნული კანონის 496 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების გამწევი კომპანიები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.
წყლის გადასახადის ამოღებასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესს გმობს საკრებულოს ოპოზიციაც. “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ ახალი წესით ხელისუფლებას და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სურთ, უფრო მეტი ფული ამოიღოს მოსახლეობის ჯიბიდან და ის “ნაციონალების” საარჩევნო ყულაბაში გადაისროლონ.
“დამერწმუნეთ, ეს ახალი წესი ბევრ პრობლემას წარმოშობს. ამიტომ კეთილი ინებოს ამ კომპანიამ და ის ვალდებულებები, რომელიც მას გააჩნია და რომლის მიხედვითაც საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა, გააკეთოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გამრიცხველიანებას. მრიცხველის დაყენების შემთხვევაში მოსახლეობა გადაიხდის იმას, რასაც მოიხმარს.
საერთოდ კი, იმ კანონს, რომლის მიხედვითაც ეს წესი დგინდება, დანაშაულებრივი ჯგუფი - “ნაცმოძრაობა” იღებს. ამ წესით სურთ, რომ უფრო მეტი ფული ამოიღონ გაჭირვებული მოსახლეობიდან და ნაცმოძრაობის ყულაბაში გადაისროლონ, რათა შემდგომ არჩევნებისთვის დახარჯონ. სხვა მიზანი ამ ცვლილებას ნამდვილად არ აქვს”, - განაცხადა აბაშიძემ.
წყლის გადასახადის ახალ წესს გაძვირების ერთგვარ ფორმას უწოდებს საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
“ეს არის გაძვირების ერთგვარი ფორმა. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ტოტალური გაძვირება, რაც 2011 წელს განხორციელდა, სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ და ამიტომ ახლა ამ ფორმით გადაწყვიტეს ადამიანებისთვის ხარკის გაზრდა. სხვანაირად გაუგებარია გადასახადის ეს ახალი წესი. რეალურად ოჯახებს გაუძვირებენ გადასახადს, თან გაუძვირებენ არაადეკვატურად.
საერთოდ, ადრე სულადობრივი გადასახადი კარგად არ იყო განმარტებული, ალბათ, ახლა ჩაწერეს, რომ გადასახადი ბავშვებზეც უნდა გადაიხადო, მანამდე ასეთი გადასახადები წესდებოდა ზრდასრულ, საარჩევნო ასაკის ადამიანზე”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
809
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85