"ქართული ოცნების" წევრებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული პრობლემები გააცნეს.
შეხვედრაზე 20-მდე საელჩოს წარმომადგენელი მოვიდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უჩვენეს ორი ვიდეოსიუჟეტი, რომლებშიც მიმოხილული იყო ის პრობლემები, რომლებიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ. ასევე, დეტალურად იყო აღწერილი როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ ის, რომ თბილისის მერიამ არ მიიღო ექსპლუატაციაში შენობა, ხოლო პირველ სართულზე, 150 კვ.მეტრი დაკავებული აქვთ უცხო პირებს. როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სასამართლოსთვის მიმართვის მიუხედავად, პოლიცია არ იღებს არანაირ ზომას ამ პირების შენობიდან გაყვანისთვის.
ბესელიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მიმართვას არ გამოხმაურებია არც გამომძიებელი, არც შს მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამასთან, პრობლემებს შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ასახელებენ შენობის გარშემო ღობის შემოვლებას.
"მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენი მოსვლის წინ დაიწყო ამ შენობის წინ მდებარე შენობაზე სამშენებლო სამუშაოები, მანამდე კი ღობე ორი თვის განმავლობაში ფაქტიურად უფუნქციოდ იყო შემოვლებული და ერთადერთი მიზანი იყო "ქართული ოცნების" ოფისისთვის ხელის შეშლა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთანავე, იგი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დახმარებით, პრობლემების მოგვარება მოხეხრდება.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ დაათვალიერებინეს, როგორც უშუალოდ შენობა, ასევე ეზო, რომელსაც ღობე აქვს შემოვლებული.