შაჰის მოკავშირე დასავლეთს ირანის ბირთვული პროგრამა აქამდე არ აწუხებდა

შაჰის მოკავშირე დასავლეთს ირანის ბირთვული პროგრამა აქამდე არ აწუხებდა

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე Presage.tv–სთან  საუბარში აცხადებს, რომ ირანში სახმელეთო ოპერაცია გამორიცხულია, რადგან ეს უზარმაზარი ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი ცენტრია და, ერაყისგან განსხვავებით, ამერიკას რეალური წინააღმდეგობა ექნება.

 

- ირანის პრობლემა დღეს არ დამდგარა. უბრალოდ, პერიოდულად მწვავდება ხოლმე, რაც უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას, რაც დღეს ძალიან გამწვავებულია. თუმცა ცალკეული განცხადებების მიუხედავად, ჯერჯერობით, არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ირანში ომი ნამდვილად იქნება. ირანში ომის წარმოება, ერთი მხრივ, გაცილებით უფრო ძვირადღირებული და რთული საკითხია, ვიდრე ერაყში. მეორე მომენტიცაა, დღევანდელ ვითარებაში დასავლეთს მაინც აქვს სხვა საშუალებებით ირანის შეკავების შესაძლებლობა. პირველ რიგში, ეს გამოიხატება მკაცრი სანქციებით, რომელიც ირანზე სერიოზულად მოქმედებს. არ არის გამორიცხული, ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. მე უფრო ასეთ პერსპექტივას ვხედავ.

 

ის საომარი რიტორიკა, რომელიც, რეალურად, დღეს ორივე მხრიდან ისმის,  უფრო ნერვების თამაშად მიმაჩნია. რაც შეეხება სანქციებს, მათ შორის, პირველია, რომ უცხოურ კომპანიებს ირანში ინვესტიციების საშუალება ესპობათ, ასევე, ირანის ბანკებს მსოფლიო ბაზარზე თავისუფალი მოქმედება ეკრძალებათ. მთელი რიგი ირანული კომპანიები დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ვეღარ მოღვაწეობენ.

 

მაგალითისთვის, ირანი მსოფლიოში ნავთობით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ ამ სანქციების გამო, პრაქტიკულად, ძალიან ცუდად აქვს განვითარებული ნავთობმრეწველობა. ის აწარმოებს და ყიდის ნედლ ნავთობს და, სამაგიეროდ, ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ სანქციების მიხედვით კი, ახალი ტექნოლოგიების მიღების საშუალება არ ეძლევა. ეს  ირანისთვის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც უკვე კარგა ხანია, დგას ამ ქვეყნის წინაშე. გარდა ამისა, სხვა სანქციებიცაა დაწესებული, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას აზარალებს.

 

ირანში ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობაზე საუბრობს დასავლეთი. რეალურია ეს, თუ როგორც ერაყის შემთხვევაში მოხდა, არ აღმოჩნდება ბირთვული იარაღი?

- რთული კითხვაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ჯერ კიდევ 70-იან წლებში, შაჰის მთავრობის დროს, გერმანიისა და შეერთებული შტატების ხელშეწყობით დაიწყო. ბუნებრივია, ეს პროგრამა ითვალისწინებდა ატომური ელექტროსადგურების ამუშავებას, მაგრამ, როდესაც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობ, შესაბამისად, შენ გეძლევა ატომური ბირთვული იარაღის წარმოების პოტენციალიც. ვინაიდან შაჰის მოკავშირე იყო დასავლეთი, იმ დროს ამაზე არავინ ლაპარაკობდა, პროგრამა დიდი ხნის მანძილზე გაყინული იყო, 90-იანი წლების მიწურულს კი აღდგა, თანაც რუსეთის დახმარებით. ძალიან დიდი შეკვეთები ჰქონდა რუსეთს სხვადასხვა ატომურ საიტებზე.

 

დღესდღეობით დასავლურ პრესას რომ გადახედოთ, ზუსტ წარმოდგენას ვერ შეიქმნით, რა დონეზეა მიახლოებული ირანი კონკრეტულად ატომური იარაღის შექმნასთან. მეორე მომენტიცაა, ირანს არასდროს გამოუცხადებია, რომ ის ცდილობს ატომური იარაღის შექმნას. თუმცა, არავისთვის დასამალი არაა, რომ რეალურად აქეთკენ მიდის მოძრაობა. მესამეც, თვითონ ირანში ერთიანი საზოგადოება დღეს არ არის და საკმაოდ ძლიერია ოპოზიციური მოძრაობა; განსაკუთრებით, ეს შეეხება სტუდენტობას.

 

გულისხმობთ არაბული რევოლუციების ტალღას?

- ირანში ცოტა სხვანაირი ვითარებაა. ის, რაც არაბულ სამყაროში მოხდა, ირანში ცოტა განსხვავებულადაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ირანის მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა, ქვეყანა აღიჭურვოს ატომური იარაღით.

 

მაინცდამაინც ვინმეს წინააღმდეგ?

- ისტორიულად ატომური იარაღი ყოველთვის იყო შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. კიდევ მნიშვნელოვანია, რაზეც დასავლეთი, პრინციპში, თვალს ხუჭავს ისაა, რომ ირანის მეზობლად, ინდოეთსაც და პაკისტანსაც აქვთ ატომური იარაღი. ბუნებრივია, აქაც შეკავების მომენტია; ინდოეთსა და პაკისტანს რთული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ხშირ შემთხვევაში, ომამდეც კი მიდის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი დემოკრატიულ ქვეყნადაა აღიარებული (რადგან ომს არ იწყებს), ხიფათის თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ატომური იარაღით აღჭურვილი ინდოეთი საშიშია. ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება, ამ თვალსაზრისით, ფართო რეგიონში, შეიძლება, გაცილებით უფრო სახიფათოც იყოს.

 

თუმცა ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული იარაღი პრობლემას არ ქმნის ამერიკის თვალში, განსხვავებით, - ირანისგან.

- დიახ, რადგან აშშ-ის აზრით, ირანი არის სახელმწიფო, რომელიც ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან.

 

აშშ-ირანს შორის ომის შემთხვევაში, რუსეთის პოზიცია როგორი იქნება?

- რუსეთის პოზიცია იქნება ისეთი, როგორც ყოველთვის -თავისი სარგებლის ძიება. რუსეთის პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოველთვის ორჭოფული იყო. ბოლო ხანს ის უფრო დასავლეთისკენ გადაიხარა, რადგან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთსაც არ აწყობს თავისი საზღვრების ახლოს ახალი ატომური სახელმწიფოს შექმნა. მაგრამ რუსეთმა ძალიან დიდი ფული იშოვა ირანის ატომური პროგრამიდან, რომლის მთავარი დამფინანასებელი და ტექნოლოგიური დამხმარე ყოველთვის რუსეთი იყო. თუმცა გაეროს დონეზე გადაწყვეტილებების მიღების დროს რუსეთი სადღაც შუალედურ პოზიციას იჭერდა. ხშირ შემთხვევაში, ამ ბოლო ხანებში, რუსეთის პოზიცია უფრო დასავლეთისკენ გადაიხარა. კიდევ ერთი მომენტია, ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო საუბარი, რომ შეიძლებოდა, მოსკოვი და თეირანი სტრატეგიულ პარტნიორებად გადაქცეულიყვნენ. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ეს რეალობას მოკლებულია. ხვალ რა მოხდება, არ ვიცი.

 

საქართველოს პლაცდარმად გადაქცევის საშიშროება ემუქრება? ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში სწორედ ამ მიზნით აიგო ჰოსპიტლები, აეროდრომები.

- პლაცდარმად გადაქცევის საშიშროებას ვერ ვხედავ. გვინდა თუ არა, ამერიკას, საქართველოსთან შედარებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს, თურქეთის სახით, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა. თურქეთი ნატოს წევრია და ყველაფერი ამერიკული თურქეთში გაცილებით მეტადაა განლაგებული.

 

თუმცა, ამერიკის გამო თურქეთი არ გადაიკიდებს მუსლიმანურ სამყაროს.

- ეს პრობლემაც შეიძლება იყოს, მაგრამ არა მგონია, ომში საქართველოს ტერიტორიის გამოყენება აქტუალური საკითხი იყოს.

 

მართალია, სტრატეგოსი არ ბრძანდებით, მაგრამ, თუ ირანში ომი გარდაუვალია, ეს საჰაერო დარტყმა იქნება, თუ სახმელეთო?

- ჩემი თვალთახედვით, სახმელეთო ოპერაცია გამორიცხულია, რადგან ირანი არის უზარმაზარი ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი ცენტრია და, ერაყისგან განსხვავებით, ამას რეალური წინააღმდეგობა ექნება. საჰაერო დარტყმებს რაც შეეხება, ეს ყველაზე რეალური მიმართულებაა. ამ შემთხვევაში, გავიხსენებ ერთ ფაქტს. თავის დროზე ატომურ სადგურს აგებდა სადამ ჰუსეინი.

 

იმ დროს ირან-ერაყის ომი მიმდინარეობდა და ისრაელმა განახორციელა საჰაერო თავდასხმა ერაყში, ამ ადგილზე, და მთლიანად გაანადგურა. ამის შემდეგ, სხვათაშორის, დიდად არ გაუარესებულა ისრაელისა და ერაყის ურთიერთობები, მაგრამ, რაც შეეხება ირანს, აქ საქმე გვაქვს მრავალ ადგილთან, სადაც ურანის გასამდიდრებლად მრავალ ადგილას მიმდინარეობდა მუშაობა. გარდა ამისა, არსებობს მიწისქვეშა ლაბორატორიები და გადაადგილებადი ლაბორატორიები. ეს დაფარული ინფორმაციაა, მაგრამ რასაც წერენ, იმას მოგახსენებთ. ამ მხრივაც ძალიან რთული იქნება, სახმელეთო ოპერაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ მომავალში რა იქნება, ზუსტი წინასწარმეტყველება რთულია. ასევე, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული საჰაერო ოპერაციაც.

 

სპარსეთის ყურიდან გარკვეული ადგილების დაბომბვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ დღევანდელ ვითარებაში უფრო რეალურად მეჩვენება სანქციების გამკაცრება. მეორე მხრივ, რაც გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა, ესაა ირანის თამაშის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც კრიზისი გარკვეულ დონემდე მიდის, გარკვეულ საკითხებში, ირანი უკან იხევს ხოლმე და ისევ იწყება მოლაპარაკებები. ხშირად ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება, სამაგიეროდ, დროში იწელება. დღევანდელი კრიზისის პირობებში ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, რადგან ისევ მონიტორინგს და დამკვირვებლების დაშვებას დათანხმდნენ.

 

საომარი ვითარების შემთხვევაში, ხალხი დაიჭერს ახმადინეჯადის მხარეს, რომელიც არაორდინარული პიროვნებაა?

- ეს რთული კითხვაა, რადგან ვერ ვიტყვი, რომ ახმადინეჯადი ძალიან პოპულარულია ქვეყანაში არა მარტო მისი ექსცენტრულობის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ირანში ცხოვრების დონე, გარკვეულწილად, დაეცა. თუმცა ატომური პროგრამა რაღაც ნაციონალურ-ეროვნული ნარატივის სახეს იღებს ირანში. ამ მხრივ ეს არ არის პრეზიდენტის ან ქვეყნის ლიდერის საკითხი, არამედ- საერთოდ მოსახლეობის, საზოგადოების დამოკიდებულებაა. ირანში მაინც ძლიერია თვითმყოფადობის პრინციპი - ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, ჩვენ ჩვენთვის ვართ და სხვამ თავი დაგვანებოსო. ამიტომ, თუ საომარი მოქმედება დაიწყება, ეს ირანელ ხალხში აგრესიად გამოცხადდება. ასევე, არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს მუსლიმანურ სამყაროში.