ხელისუფლებამ ქართული საბანკო სექტორი ივანიშვილთან ბრძოლას შეწირა

ხელისუფლებამ ქართული საბანკო სექტორი ივანიშვილთან ბრძოლას შეწირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ქართუ ბანკის“ შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა. იმავე პერიოდში ივანიშვილმა „ქართუ ბანკის“ მართვა ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ (1993-98 წწ) ნოდარ ჯავახიშვილს ჩააბარა. „ქართუ ბანკის“ ყოფილი მმართველი კი, როგორც ივანიშვილის წერილში იყო ნათქვამი, ამ ხელისუფლების მიერ იყო შეგზავნილი და თავის კანონიერ უფროსებს დაუბრუნდა.

თავის დროზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ „ქართუ ბანკში“ შესვლა ასე ახსნა: „ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო სს „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი, რაც, ეროვნული ბანკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა“.

ამას მოჰყვა „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის და თანამშრომლების დაპატიმრება, რომლებსაც თითქოს „საქართველოს ბანკიდან“ გათეთრებული ფული გამოჰქონდათ. ეს თანხა მოგვიანებით ისევ დაუბრუნეს ბანკს, თუმცა ფულის წაღება-დაბრუნების პროცედურაშიც ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. მოგვიანებით ეს ამბავი გადაფარა იმ კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევის თემამ, რომლებსაც „ქართუდან“ სესხები ჰქონდათ აღებული. მოკლედ, ბოლო დროს „ქართუ ბანკის“ ირგვლივ რაღაც ყოველთვის ხდება, რაზედაც presage.tv-ს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრება.

ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა საოპერაციო დღის დაკვირვების უფლება, რაზედაც თქვენგან უარი მიიღო. თუ შეიძლება მკითხველს ავუხსნათ, რას გთხოვთ ეროვნული ბანკი და თუ ეს მოთხოვნა კატეგორიული გახდება რა მოხდება ამ შემთხვევაში?

- ეს ფაქტობრივად, დაკვირვების მოთხოვნა არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ დაკვირვების შესაძლებლობას ვაძლევთ. უბრალოდ, ეროვნული ბანკი ცდილობს, სიტყვებით ითამაშოს და შინაარსში სხვა რამეა. მე მათ არაერთი წერილი გავუგზავნე სადაც ვეუბნები, რომ დაკვირვების საშუალებას მივცემ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე. ასე უწერია ეროვნულ ბანკს მონიტორინგის ინსტრუქციაში, რომ რამდენიმე ადილას შეუძლია დაკვირვება, რაზედაც უარს არ ვეუბნებით.  ესენი თხოულობენ, ჩაურთეთ ჩვენს შემმოწმებლებს საოპერაციო დღის პროგრამა მათ კომპიუტერშიო. ეს არ არის დაკვირვება, ეს არის ტექნოლოგიაში სრულყოფილი, 100%-იანი წვდომა. კანონში წერია, რომ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს. ჩვენ მივცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის, ამ ტექნოლოგიაში შემავალსაც, იმაზე დაკვირვების საშუალებაც იქნება, როგორ მუშავდება ეს ინფორმაცია და ნახავენ გამომავალ ინფორმაციასაც. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მოითხოვო, მაჩვენე, დაზგა როგორ მუშაობსო. დადექი და დააკვირდი, არავინ გიშლის, მაგრამ როდესაც მეუბნები, სახლში გამატანეო, ეს უკვე აღარ არის დაკვირვება.

როდესაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ამგვარ მოთხოვნას უყენებს, რამდენადაც ცნობილია, შემდეგი ეტაპი უკვე ბანკის ხელმძღვანელობის გადაყენება და დროებითი მმართველის დანიშვნაა..

- თუ გაინტერესებთ, რეალურად რისი გამკეთებლები არიან, ეს სულ სხვა რამეა, კანონი რის უფლებას იძლევა, ეს სულ სხვაა. დავიწყოთ იმით, რომ კანონი არც ამისთანა მოთხოვნებს ითვალისწინებს, რასაც ისინი თხოულობენ და არც შემოწმების იმ ფორმას, რომელსაც დღეს ახორციერლებენ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მიიღონ ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება. ეს აუცილებლად გამოიწვევს ყველა დონის სასამართლოში ჩივილს, მათ შორის უცხოეთშიც.

თუ მოთხოვნა კანონიერი იქნება უნდა შევასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს სრული უფლება ექნებოდა, გაეკეთებინა ის, რაც თქვენ თქვით, მაგრამ ასე მარტივად არ არის. კანონში გაწერილია, რა შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია ეროვნულ ბანკს. როდესაც ლაპარაკია დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანაზე, ამას სულ სხვა საფუძველი სჭირდება და მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილის ჯიუტობა ამისთვის სამარისი არ არის.

არაერთხელ გააკეთეთ განცხადება, სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე, ეროვნულ ბანკს უნდა უჩივლოთ?...

- გააჩნია სასამართლოში რა საკითხზე მოგვიწევს სარჩელის შეტანა და რა ეტაპზე. არ არის სასიამოვნო, როდესაც ეროვნული ბანკი, რომელსაც კომერციული ბანკების მამა ჰქვია, 29 დეკემბერს უგზავნის ბანკს (სხვათა შორის, საახალწლო და საშობაო მილოცვის გარეშე, რაც უბრალოდ, დელიკატურობის გამოხატულებაა) წერილს, რომ თუ 5 იანვრამდე ამას არ გააკეთებ, მაშინ გადაგაყენებ თანამდებობიდან. გვიან ღამით მივიღეთ ეს წერილი და 30 დეკემბერსვე გადავუგზავნე პასუხი ბანკის საბჭოს დელიკატურობის ყველა ნორმის დაცვით და სხვათა შორის, საახალწლო მილოცვებითაც. მე მათ ვთხოვე, რომ გაერკვნენ, რას თხოულობენ და მომცენ დამატებითი მითითებები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონით არ არის გათვალისწინებული და რასაც ეროვნული ბანკის „შემმოწმებლები“ აკეთებენ ქართუ ბანკში, ამას არ ჰქვია შემოწმება.

რას აკეთებენ?

- ამას არც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, არც უცხოური და მსგავსი რამ საერთოდ, პრაქტიკაში არ არსებობს. ისინი აქ არაფერს არ ამოწმებენ, სხედან და ყოველდღიურად, ჩვენს მიერ ჩასატარებელი ოპერაციების წინასწარ შეთანხმებას ითხოვენ, რაც არც ერთ კანონში არ დევს და პირდაპირი ვოლუნტარიზმია. რაღაც პერიოდი ჩვენ ამას ვითმენდით, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ველოდები ეროვნული ბანკის საბჭოს წერილს და თუ მათაც იგივე მოთხოვნა ექნებათ, სასამართლოს წესით მოვითხოვ, ან წავიდნენ აქედან, ან მიიღონ შემოწმების პროგრამა და იმ პროგრამის მიხედვით იმუშავონ.

ეროვნული ბანკის საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება და შეიძლება სამი თვე მოგიწიოთ ლოდინი?

- ეროვნული ბანკის საბჭოს მოწვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, ქვეყანა რომ იქცეოდეს სამი თვე დაელოდებიან? როგორც მახსოვს, სამი წევრის მოთხოვნა სრულიად საკმარისია საბჭოს მოსაწვევად და ეს სამი კაცი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაშია.

კიდევ ერთი პრობლემა რაცქართუ ბანკსშეექმნა, არაუზრუნველყოფილი სესხებია, ანუ იმ ორგანიზაციებს ვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული, ბიუჯეტის წინაშე დავალიანებები აღმოაჩნდათ და მათ ეს გირაოში ჩადებული ქონება ჩამოართვეს...

- 28 ოქტომბერს მიიღეს კანონში ცვლილებები, რომელიც 7 ნოემბერს შევიდა ძალაში. კანონი საგადასახადო ორგანოებს საშუალებას აძლევს, თუკი იქამდე, ვიდრე ქონებას გირაოში ჩადებდა, აღმოაჩნდება ბიუჯეტის დავალიანება, მაშინ სახელმწიფოს ამ ქონების ჩამორთმევის უფლება ეძლევა.

ამ კანონით, ჩვენთვის ან ნებისმიერი სხვა ბანკისთვის, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, გირაო აღარ არის სესხის უზრუნველყოფის მყარი გარანტია. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის ქურდი ათეულობით კომპანია  თავმოყრილი აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართუ ბანკში“, სხვა ბანკებში კი, არა ერთი მსგავსი კომპანია არ მოხვედრილა.

შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი კომპანიებია, რომლებსაც უეცრად საბიუჯეტო დავალიანებები აღმოაჩნდა? კოდუების და მათი დედის, ლაურა ღაჭავას კომპანიების თაობაზე უკვე გახმაურდა ინფორმაცია...

- სამი დღის განმავლობაში მოხდა ოთხი კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევა და მათ შორის იყო კოდუების კომპანიაც

სხვა რომელი კომპანიები იყო?

- რისთვის უნდა ჩამოვთვალო ეს კომპანიები, არც მახსოვს ზეპირად და ეგ არც არის მთავარი. აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება საბანკო სექტორთან, სახეზე გვაქვს ხელისუფლების დამოკიდებულება პოლიტიკურ მოწინაარმდეგესთან. კოდუა იქნება ღაჭავა თუ ჯავახიშვილი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრს ლაპარაკობენ ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბიზნესჯგუფებზე, რომლებიც მის დაკვეთებს ასრულებენ, საინტერესოა საბიუჯეტო დავალიანებები მაინცდამაინც სახელისუფლებო ბიზნესჯგუფებს აღმოაჩნდათ თუ სხვა კომპანიებსაც...

- დამანახეთ,  ვინ არ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს - 19 ბანკიდან 17 ხმას არ იღებს. არ თქვათ, რომ რომელიმე ხელისუფლების დაკვეთებს არ ასრულებს. ერთადერთი „ქართუ ბანკი“ და ის ბიზნესსტრუქტურებია, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის შექმნილია საქართველოში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, თორემ სხვა რომელია ასეთი?! იქ ნახავთ ოდიოზურ გვარებსაც და აბსოლუტურად უცნობ გვარებსაც, რასაც არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ეს დავალიანებები თითიდან გამოწოვილია და ჩვენს დასაქცევად სჭირდებათ.

ამის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თურმე, კოდუების და ღაჭავას ბიზნესებს 100 მილიონზე მეტი საგადასახადო დავალიანება ჰქონიათ. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, 40 მილიონი ძირითადი თანხაა, 60 მილიონი დარიცხული პროცენტი. როგორ შეიძლება, ერთი წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში, 2004 წელს ვინმეს ამხელა საბიუჯეტო დავალიანება დაგროვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ამ დავალიანებიდან 25 მილიონი არის სოცანარიცხები. ეს ნიშნავს, რომ „პირიმზეში“ 2004 წელს გაცემულა 100 მილიონი ლარი ხელფასის სახით. ეს ხომ გაუგებარი ბლეფია. მგონი, მაშინ, საერთოდ მილიარდიანი ბიუჯეტი გვქონდა. ან „პირიმზეში“ ხელფასს ვინ იღებდა, ხელოსნებს ჰქონდფათ ფართები ნაქირავები და არენდის ფულს იხდიდნენ. როგორ შეიძლება იქ 100 მილიონი ხელფასი დაგროვილიყო. ეს რომ ბლეფია იქიდანაც კარგად ჩანს, რომ არც ერთი ბიუჯეტის ქურდი არ დაუჭერიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს 5 მილიონიდან ზევით, 100 მილიონამდე აქვს დავალიანება.

ჟურნალისტები ხართ და რამდენჯერ დაგიწეერიათ, რომ ვიღაც 28 ლარის გამო დააპატიმრეს, ვიღაც ქათმის ან ქვაბის მოპარვისთვის ჩასვეს ციხეში. ეს არის სახელმწიფოს მიდგომა, როგორ კანონსაც მინდა ისეთს დავწერ, როცა მინდა შევცვლი და როგორც მინდა ისე შევცვლი, არც საერთაშორისო ნორმა მაინტერესებს და არც პრაქტიკა.

იყო ლაპარაკი, რომ ეს ქონება სახელმწიფოს უნდა შეესყიდა, თუმცა ამ ეტაპზე როგორც ცნობილია არავის არაფერი არ უყიდია...

- იყო ვარაუდი, რომ ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეესყიდა ეს ქონება, მაგრამ ამ გზითაც არ წავიდნენ. ყველა ქონება დაისაკუთრეს ნატურით არც ერთი ქონება არ გაყიდულა. ეს ნიშნავს, რომ გამართლდება ჩვენი დიდი ხნის განცხადებული ეჭვი, რომ ეს ქონება ამ ხალხს თავის დროზე ისევ დაუბრუნდება. შეიძლება სხვა ფირმის სახელით, მაგრამ მაინც მფლობელებს დაუბრუნდებათ. იმიტომ, რომ ჩვენ არ დაგვიშვეს აუქციონზე, გვითხრეს ბიჯის მიცემა დააგვიანეთო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თუ ბიუჯეტის ვალი ადარდებს სახელმწიფოს, ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქონება გაიყიდოს და ბიუჯეტში ფული შევიდეს. როცა ამას  ბლოკავს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ვალი არ არსებობს და არაფერს არ ელოდებიან ბიუჯეტში. ორ-სამ თვეში ამ ქონებას ნულოვან აუქციონზე გამოიტანენ ან სიმბოლურ ფასად ვინმეს მიჰყიდიან და შეიძლება 10-20 წლის შემდეეგ აღმოჩნდეს, რომ ეს ვიღაცა მათთან დაკავშირებული პირია.

როგორც არაერთხელ განაცხადეთ, სასამართლოს დახმარებით აპირებთ სამართლიანობის აღდგენას. თუ ყველა უწყება მხოლოდ სახელმწიფოს ნების აღმსრულებელია, დარწმუნებული ხართ, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს? რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები როგორ ფიქრობთ?

- ჩვენ უამრავი სარჩელი გვაქვს სასამართრლოში შეტანილი და კიდევ უამრავს შევიტანთ. ყველა საქმე, სადაც ვერ მივაღწევთ წარმატებას, წავა ევროპაში. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ მაინც და მაინც „ქართუ ბანკისთვის“ ქართული სასამართლო სამართლიანი არ გახდება.

გამოდის, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესისთვის ემზადებით...

- 20 წელია ვერ ავაწყეთ ქართული სახელმწიფო, ქართველები მაშინ ვიყავით ქართველები, როცა ხეჭეჭურს ვრგავდით - 30 წელი უნდა ნაყოფის მიღებას. ახლა ყველაფერი ერთწლიანი გვინდა.

ბოლო დროსქართუ ბანკიერთდროულად რამდენიმე სხვადასდხვა მიმართულებით აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, ეს პროცესი გრძელდება, თუ სტაბილურობისკენ მიდის საქმე?

- ყოველდღიურად რაღაც ზომებს ვღებულობთ იმისათვის, რომ მდგომარეობა შევამსუბუქოთ. დარტყმების სერიას რაც შეეხება, ყოველდღიურად ახალ-ახალ დარტყმებს ვღებულობთ. არაუზრუნველყოფილი სესხების მქონე კომპანიების სია იზრდება და არ არის გამორიცხული მასში ჩაერთოს ყველა კომპანია, ვისაც „ქართუ ბანკში“ სესხი აქვს აღებული.

თუ ეს პროცესი არ შეჩერდა მაშინ რა მოხდება?

- თუკი არაუზრუნველყოფილი სესხები საერთო სასესხო პორტფელის 25%-ს ასცდება, ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რომელიმე ნორმატივი დაირღვევა, მაშინ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება გამოიყენოს ის სანქცია, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ და შემოიყვანოს დროებითი ადმინისტრაცია. ესეც სადამსჯელო ოპერაცია იქნება, რადგან ეროვნული ბანკი უყურებს რაც აქ ხდება და ძალიან კარგად ხედავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს აქვს ადგილი, მაგრამ ელოდება, როდის ამოვა წყალი სასუნთქ ორგანოებამდე. ამ დღეებში იგეგმება ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც მსაოფლიოს წამყვან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან მომიწევს ამ თემებზე დეტალური საუბარი. როგორ იქცევა ხელისუფლება, საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაცია, საერთაშორისო საფინანსო ოგანიზაციები საქართველოში.

სხვათა შორის, ბანკების ასოციაციისგანაც არ მოგვისმენია შეფასება, რამდენადაც ცნობილია, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ის  ვალდებულია რეაგირება მოახდინოს...

- ვერც საბანკო ასოციაციის შეკრება ვერ მოვახერხეთ ამ სასკითხებზე სამსჯელოდ, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, როგორი „თავისუფალია“ საქართველოში ზოგადად ბიზნესი და მათ შორის, საბანკო ბიზნესი. მათი დამღუპველი საკანონმდებლო აქტი მიიღეს, ლაპარაკია, მთლიანად საბანკო სექტორსა და  სახელმწიფო ეკონომიკაზეც და ხმას არავინ არ იღებს. არ არის საინტერესო, როგორ ხდება ეს დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანაში?

გამოდის, ეს ყველაფერი კონკრეტულადქართუ ბანკისგაკოტრების მცდელობა არ არის?

- არა. ამ კანონის არსებობა არის სერიოზული დარტყმა ნებისმიერი ბანკისთვის, მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის, ქართული სახელმწიფოს იმიჯისთვის და ინვესტორებისთვის, თუკი არსებობენ ისეთები, ვისაც უნდა საქართველოში რაღაც ინვესტიცია განახორციელოს. ამ კანონმა მხოლოდ „ქართუ ბანკისთვის“ კი არ გახადა მოწყვლადი გირაო, არამედ თავად გირაო აქცია უმნიშვნელო ელემენტად. ანუ ქართული გირაო ამ კანონის შესაბამისად, არანაირი ვალდებულების უზრუნვეყოფა აღარ არის. წამართმევენ თუ არა ქონებას ეს სხვა საკითხია, მაგრამ ქონება, რომელიც ბანკშია ჩადებული უკვე აღარ ითვლება 100%-იან გარანტიად სესხის დასაფარად და როდესაც ბანკი სესხს გასცემს, იძულებული იქნება შესაბამისი თანხა დაარეზერვოს. ანუ ბანკებიც ფინანსურ დარტყმას მიიღებენ. თუ დააკვირდით, წამყვანი ბანკების უმეტესობამ უკვე შეაჩერა სესხების გაცემა. ცოტა ხანში ნახავთ შედეგსაც, როდესაც ყველა ბანკი შეაჩერებს სესხის გაცემას და ვინც გასცემს, გასცემს გაცილებით ძვირ ფასად. თუ რომელიმე ინვესტორი ჩამოვა, შესაბამისად, გაზრდილი რისკის გამო გაცილებით ძვირ ფინანსურ რესურსს შემოიტანს. ასევე მოიქცევიან უცხოური საფინანსო ორგანიოზაციებიც. აუცილებლად გაიზრდება ქვეყნის რისკი. არ ვიცი, ეს არ იციან თუ არ აინტერესებთ. მგონი არც აინტერესებთ, რა მოხდება ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ წარმატებას არ მიაღწიოს...

როდესაც საბანკო სექტორზეა ლაპარაკი, მოგეხსენებათ, სუფთა ქართული კაპიტალით არც ერთი ბანკი არ არის შექმნილი და  თითოეულ ბანკს ჰყავს უცხოელი მეწილე. თუ ქართველები ხელისუფლებასანგარიშს უწევენ“, უცხოელებს მაინც შეუძლიათ საფრთხეებზე ლაპარაკი დაიწყონ...

- მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული საფრთხეა, ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. ეს ნიშნავს, როგორი დატერორებულია საქართველოში ბიზნესი. თუ ამისთანა კომერციულ ბანკებს ამ დღეში აგდებენ, წარმოიდგინეთ, რიგითი მეჩექმე რა დღეშია.

თუ უძრავი ქონება გაუფასურდება, ეკონომიკაში უნდა წავიდეს ისეთი პროცესები, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ დასავლეთის ქვეყნებში, ანუ ფინანსური კრიზისი...

- ნებისმიერი ბანკი ვალდებულია აპრილამდე ჩაატაროს საერთაშორისო აუდიტი. როდესაც საერთაშორისო აუდიტი ნახავს, რომ ბანკების სესხების მდგრადობა საეჭვოა, ანუ გირაო, რაც ჩადებულია, არამყარია, მოითხოვენ გაცემული სესხის 50%-ის დარეზერვებას. როდესაც 100 მილიონის სესხი აქვს ბანკს გაცემული, ის ვალდებული იქნება, 50 მილიონი რეზერვად დადოს. თუ 100 მილიონში იღებდა ბანკი 15 პროცენტიან სარგებელს, ახლა იგივე მოგებას 150 მილიონიდან მიიღებს. გამოდის, რომ რეალური პროცენტი იქნება 10. მოზიდული სახსრების (თანხები, რომელსაც ბანკები სესხულობენ უცხოური საფინანსო ორგანიზაციებიდან და შემდეგ კრედიტების სახით გასცემენ ადგილობრივ კომპანიებზე) ღირებულებიდან გამომდინარე, ამ პროცენტით ბანკი ვერ იმუშავებს, ამიტომ იძულებული იქნება, უფრო მაღალი განაკვეთით გაასესხოს თანხა, რომ დანაკარგები შეამციროს. ამას ქართული ეკონომიკა ვერ შეძლებს, თუ შეძლებს, დაზარალდება. ეს იქნება ავტომატური პროცესი, უნდა თუ არა სახელმწიფოს „პროკრედიტბანკის“, ან ნებისმიერი სხვა ბანკის დაზარალება, ის მაინც დაზარალდება.

გამოდის, რომ ერთადერთი სექტორი, რომელიც ქვეყანაში ასე თუ ისე აეწყო, საბანკო სექტორს ვგულისხმობ, სერიოზულ დარტყმას მიიღებს?

- ვნახოთ, რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა გაორმაგებულ სასესხო პროცენტებს. ერთადერთი, შეიძლება, ინფლაცია გახდეს მისთვის მასტიმულირებელი, რაც დაანგრევს ქართულ საზოგადოებასაც და ეკონომიკასაც. ყველანაირი სცენარი მიდის ქვეყნის მდგომარეობის გაუარესებისაკენ და ეს რისკი მხოლოდ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია.

კიდევ ვინ დააფიქსირა?

- მე დღეს არ მაქვს ამისი თქმის უფლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ სოლიდურმა ორგანოიზაციებმა მიმართეს და გააფრთხილეს, რომ ასეთი საშიშროებები არსებობს. მოთხოვნა იყო, ეს კანონი წლის ბოლომდე გაეუქმებინათ. თუ კანონი  გაზაფხულამდე, ანუ აუდიტის ჩატარებამდე მაინც გაუქმდა, შეიძლება გაითვალისწინონ და ქართულ ბანკებს დამატებითი თანხების დარეზერვება აღარ მოსთხოვონ.

თუ გაუქმდა კანონიქართუ ბანკსექნება საშუალება დანაკარგები აინაზღაუროს?

- ჩვენ ისევ ისეთ დღეში დავრჩებით, რადგან ჩვენ უკვე წაგვართვეს ის ქონება და ეჭვი მეპარება, ამ ხელისუფლებამ რამე დაგვიბრუნოს. ხელისუფლება ისე იქცევა, რომ სულ უფრო იზრდება მოტივაცია  გაძლიერდეს მოძრაობა მის შესაცვლელად.