[მაგდალენა ფრიჩოვა გრონო, Foreign Policy]
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის შესაძლოა მისი მოსისხლე მტრის, ვლადიმერ პუტინის მეთოდის გამოყენებისთვის ემზადება
რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომის შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა. ქვეყნები „ცივ მშვიდობაზე“ დაზავდნენ, მაგრამ მშვიდობა მყიფეა, მხარეები - გაბოროტებულები: რუსეთი სულ უფრო ზრდის თავის გავლენას საქართველოსგან გამოყოფილი ორი რეგიონიდან უფრო დიდ რეგიონზე აფხაზეთზე, ხოლო სამხრეთ-ოსეთი კი ფაქტობრივად გადაყლაპა. ოფიციალურ თბილისს მიაჩნია, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და უკიდურესად აღშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მისი აზრით ახლო სამეზობლოში ძალისმიერი, საკუთარი ქვეყნის შიგნით კი ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებს.
ამ ფონზე კიდევ უფრო ღიმილისმომგვრელია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტერი), როგორც ჩანს, სერიოზულად ფიქრობს იმ პოლიტიკური ტრიუკის გამოყენებას, რომელსაც მისმა მოსკოველმა მოწინააღმდეგემ მიმართა. ამ სცენარის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს მიაღებინებს, რაც მას პრეზიდენტობაზე უარის თქმის საშუალებას მისცემს და სანაცვლოდ მიიღებს მკვეთრად გაზრდილი უფლებების მქონე პრემიერის სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებაში 2013 წლის, ანუ მას შემდეგაც დარჩება, რაც მისი უფლებამოსილების ბოლო ვადა ამოიწურება.
ამ ხმების მთავარი საფუძველი გახდა ის, რომ სააკაშვილმა 2009 წლის გაზაფხულზე კონსტიტუციური რეფორმისთვის მზადების პროცესი დაიწყო და ამტკიცებს, რომ იმ ანტაგონიზმის გადალახვა სურს, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2007 წლის ნოემბერში გაჩნდა და გაღრმავდა, როდესაც ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია ძალის გამოყენებით ჩაახშვეს, პრეზიდენტი პარტიათაშორისი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისიის ამოცანა კონსტიტუციისთვის ცვლილებების მომზადება უნდა ყოფილიყო, იმ კონსტიტუციისთვის რომელიც 2004 წელს თავად სააკაშვილმა მიიღო და რომელმაც პრეზიდენტის ხელში დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა. მაგრამ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, დაინახა რა მასში სააკაშვილის მცდელობა შეექმნა კონსენსუსის ილუზია მაშინ, როდესაც ეს კონსენსუსი არ არსებობს.
ოპოზიციის გადაწყვეტილებამ, დაეთმო პოლიტიკური თამაშის ველი პარლამენტში სააკაშვილისა და მისი უმრავლესობისთვის, პრეზიდენტს შესაძლებლობა მისცა თამაშის წესები საკუთარი სურვილისამებრ განესაზღვრა. შემოთავაზებული რეფორმების არსი მისი სამომავლო გეგმების უკეთ გაგებაში გვეხმარება: ახალი ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრის უფლებები იზრდება როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის სფეროში და ის პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყნის დე-ფაქტო აღმასრულებელი მმართველი ხდება, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსს ინარჩუნებს. პარლამენტი რომელიც დღეს ფაქტობრივად უუნაროა, მხოლოდ უმნიშვნელო ახალ უფლებებს იძენს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს განხილვისთვის სექტემბერში წარუდგინეს და როგორც მოსალოდნელია, ის მას ოქტომბრის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების გამალებული წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცებს.
სააკაშვილი კრიტიკოსთა სიტყვებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისთვის პირველ ადგილზე რეფორმებია, რომელიც ხელისუფლების უზურპაციის საშუალებას არავის მისცემს. მეორეს მხრივ ის არასდროს უარყოფს პრემიერ-მინისტრად გახდომის პერსპექტივას. ივნისში მან Le Monde-ს განუცხადა: „მე ამ შესაძლებლობაზე [პრემიერ-მინისტრად გახდომაზე] მიფიქრია, მაგრამ ამ მხრივ ჯერ ძალიან ბევრი გაურკვევლობაა. ვინ იცის, ორი წლის შემდეგ როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა, კონსტიტუციის რეფორმის მდგომარეობა, ჩემი განწყობა და ჩემი პოლიტიკური რეიტინგი?“
თუკი სააკაშვილი, როგორც თავად აცხადებს, არაფერშია დარწმუნებული, ბევრ ოპოზიციურად განწყობილ პარტიას და აქტივისტს თბილისში ეჭვი არ ეპარება, რომ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობა სურს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „შემოთავაზებული მოდელი – ახალი მოდელის პირადად სააკაშვილზე მორგების მცდელობაა“. ხოლო ასევე ოპოზიციონერმა ნინო ბურჯანაძე ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მცდელობასთან გაზარდოს საკუთარი უფლებები და ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის რანგში განაგრძოს“.
ოპოზიციონერებს წუხილის საფუძველი აქვთ. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი აუცილებელი რეფორმა მართლაც გატარდა, თუმცა სააკაშვილს არაერთხელ შეუნიღბავს დემოკრატიული ლექსიკით საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები. მაგალითად – მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე მუდმივი საუბრის მიუხედავად, იმის გამო, რომ ის ამას არ აკეთებს, ყველა მეგობარი სახელმწიფოს, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან, არაერთხელ გამხდარა მკვეთრი კრიტიკის ობიექტი. აღმასრულებელი ხელისუფლება ანალოგიურად საუბრობდა პრესის თავისუფლების აუცილებლობაზე, თუმცა მას შემდეგ რაც 2007 წელს ოპოზიციური ტელეარხი „იმედი“ ძალის გამოყენებით თავად დახურა, მას შემდეგ ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი სრულყოფილი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობაც მთელ ქვეყანას მოიცავს.
რა თქმა უნდა, ამ ხმების უარყოფა მარტივად შეიძლება. სააკაშვილს შეუძლია თქვას, რომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ცვლილებათა ტექსტში ისეთი პირობები შეიტანოს, რომლებიც მის სიტყვებს იურიდიულად დააფიქსირებს, რასაც ოპოზიციონერები სთავაზობდნენ კიდეც. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო დამატებითი პირობების მოფიქრება, რომლითაც გაფართოვდებოდა პარლამენტის უფლებები და განმტკიცდებოდა მისი დამოუკიდებლობა. ასევე შეიძლებოდა ოპოზიციურ პარტიებთან ნამდვილი კონსულტაციების გამართვა და არა სიმბოლური საუბრების, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. შესაძლებელი იყო რეფორმების შემოთავაზებული პროექტი პარლამენტის ახალ შემადგენლობას განეხილა და დაემტკიცებინა. ახალი პარლამენტი 2012 წელს უნდა აირჩეს.
დასავლური ქვეყნების მთავრობები, ჩვეულებრივ, დუმილს ინარჩუნებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის საშინაო საქმეებია. ისინი დილემის წინაშე დგანან – ან მხარი უნდა დაუჭირონ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც დასავლეთზე და (სავარაუდოდ) რეფორმებზეა ორიენტირებული ან გააპროტესტონ ძალისმიერი მეთოდები, რომლებსაც ის იყენებს. რუსეთთან ომის შემდეგ, გეოსტრატეგიულმა გათვლებმა საერთო ჯამში დასავლეთს პირველი ვარიანტის არჩევა აიძულა.
რაც შეეხება სააკაშვილს, მას სიამაყის საფუძველი მართლაც გააჩნია. მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა. მან საქართველო 21-ე საუკუნეში შეიყვანა, მისი ეკონომიკის მოდერნიზება მოახდინა და დემოკრატიული მთავრობის მშენებლობას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა, მაგრამ თუკი მას ისტორიაში ნამდვილი რეფორმატორის და არა პუტინის ტიპის პოსტ-საბჭოთა ავტორიტარი მმართველის სახელით შესვლა სურს, მან დემოკრატიული რეფორმები უნდა გააღრმავოს, 2013 წელს წავიდეს ხელისუფლებიდან და ქართველებს მისცეს საშუალება, საკუთარი ლიდერები მომავალში თავად აირჩიონ.
foreignpress.ge