მურმან დუმბაძე: “მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე“

მურმან დუმბაძე: “მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე“

“სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ“, - გვითხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ. ხუთი დღის წინ მან ხელვაჩაურის რაიონში თავად ნახა ის ადგილი, სადაც თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს. ამასთან დუმბაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებსაც შეხვდა. 

იმაზე, თუ რა გაფრთხილება მისცა კუდ-მა მეზღვაურების ოჯახის წევრებს; აჭარის რომელი სოფლები დაიტბორება; რას მივიღებთ გიგანტური ჰესების აშენების სანაცვლოდ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ზიანი არ მიადგეს, მურმან დუმბაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

რა ინფორმაცია გაქვთ მეზღვაურების გათავისუფლებაზე?

მურმან დუმბაძე: მოხარული ვარ, რომ ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ტყვეობიდან მათი გამოხსნის საქმეში ქართული სახელმწიფოს წვლილი მინიმალურია. გათავისუფლებული15 მეზღვაურიდან რამდენიმეს შევხვდი, რადგან მათთან პირადი ურთიერთობა და ნაცნობობა მაქვს. პირდაპირ გეუბნებით და შეგიძლიათ შავი შრიფტით დაბეჭდოთ - მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე. მათ უთხრეს, რომ კრინტი არ უნდა დაეძრათ იმაზე, თუ ვინ მივიდა გემთან, როგორ მოხდა მათი გათავისუფლება, როგორ გადასცეს 15 ქართველი მეზღვაური და მათთან ერთად 3 თურქი ერთი გემიდან მეორეზე, რომელ ქვეყანაში ჩაიყვანეს და ასე შემდეგ.

მეზღვაურების ტყვეობისას თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი სომალიში იმყოფებოდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი გორის ცნობილი კადრების შემდეგ ვერ გააკეთებდა. სომალიში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო ჩასული. მკითხველი დამეთანხმება, რომ სომალიში ვერც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა. სომალიში სტუმრობის მიზეზი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნა, რომ იყო, ეს ერდოღანმა ოფიციალურადაც განაცხადა. პლუს ამას, მე მაქვს ლონდონიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთის დედაქალაში  მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

თქვენ ოფიციალური ინფორმაცია გაქვთ?

- ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია - მეზღვაურების გათავისუფლების ამბის გახმაურებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულეებმა შემატყობინეს, რომ დატყვევებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიდიოდა. საქმე იმაშია, რომ  გემთფლობელი ბერძენია და გემი, მისი ეკიპაჟი და ტვირთიც დაზღვეული გახლდათ. ბერძნული მხარის აქტიურობით  სადაზღვევო კომპანიები შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს ხალხი უნდა გათავისუფლებულიყო.

მეზღვაურებს ადენის ყურეში ბულგარულმა სამხედრო გემმა მიაკითხა. ეკიპაჟშიც ბულგარელები იყვნენ. ჩვენი მეზღვაურები ბულგარული გემით კენიაში ჩაიყვანეს, კენიიდან სტამბულში და ამას მოჰყვა სააკაშვილის ზარ-ზეიმი.

ვინ გადაიხადა მეზღვაურების გამოსახსნელი თანხა, რა თქვეს ამაზე მეზღვაურებმა?

- თანხის ანაზღაურების საკითხში თურქეთი სადაზღვევო კომპანიებთან გარანტორად გამოვიდა. ერთი კვირით ადრე დატყვევებულ მეზღვაურებს მეკობრეებმა უთხრეს, რომ მათ გემი მოაკითხავდა და წაიყვანდა. ანუ სანამ ხალხი გაიგებდა, მანამდე ერთი კვირით ადრე იცოდნენ მეზღვაურებმა, რომ ათავისუფლებდნენ. ასე რომ როცა  სტამბულში ერდოღანმა და სააკაშვილმა განცხადებები გააკეთეს, იქ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა, არა ამ ტყვეების გამოხსნისთვის, არამედ ტრანსპორტირებისთვის - გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირება სააკაშვილმა უზრუნველყო, ოღონდ სტამბულიდან ბათუმამდე. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდამხოლოდ აი, ეს არის ქართული სახელმწიფოს წვლილი.

რა სიახლეებია აჭარაში გიგანტური ჰესების აშენების კუთხით?

- მდინარე მაჭახელაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენების შესახებ ახალი ტენდერი ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. თითოეული ჰესის სიმძლავრე 20-დან 25 მეგავატამდე უნდა იყოს. ამ ტენდერის გამოცხადება ფორმალურად მოხდა, რადგან პრაქტიკული სამუშაოები დაწყებულია.

5 დღის წინ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ აჭარისწყალში ვიყავი. ეს ის ადგილია, სადაც 3 მდინარე: მაჭახელა, აჭარისწყალი, ჭოროხი ერთდება და ჭოროხად გადაიქცევა. სოფელ აჭარსიწყალს, ისევე, როგორც ხერთვისს და მირვეთს დატბორვა ემუქრება, თუ გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. სოფელ აჭარისწყალში გარკვეულ ადგილას, მინდორზე, სადაც ადრე რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს.

მოკლედ, იქ, სადაც 70 წელი რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქი დადგება - გამალებული მშენებლობა მიდის; ე.წ. სენდვიჩის ტიპის მასალისგან საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ სახლებში იცხოვრებენ, საპროექტო სამუშაოებს შეასრულებენ და შემდეგ გეგმის განხორციელებას დაიწყებენ.

თურქული მხარე 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს ჭოროხზე, მაჭახელასა და აჭარისწყალზე გიგანტური ჰესების ასაშენებლად, რაც რეგიონის მოსახლეობას ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. მოგეხსენებათ, აჭარა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თვალსაზრისით მცირემიწიანია, მოსახლეობა ძირითადად ამ მდინარეების გასვწრივ ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით გიგანტური ჰესების აშენების საქმეში ნორვეგიელებიც ჩართულები არიან, ჯამში 300 მეგავატი სიმძლავრის ჰესებს აშენებენ.

ამას ემატება თურქების მიერ მდინარე ჭოროხზე 120 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის აშენება, მდინარე მაჭახელაზე 2 ჰესის აშენება, რომელთა სიმძლავრე ჯამში 50 მეგავატი იქნება და მთლიანობაში ჯამურად სადღაც 500 მეგავატამდე გამოდის. ამ საქმეში 700 მილონამდე დოლარის ინვესტირებას აპირებენ. ანუ უზარმაზარ ტერიტორიას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მდინარეებს ხელში ჩალის ფასად უგდებენ.

რას ჰპირდებიან ადგილობრივ მოსახლეობას?

- მათ უთხრეს, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე  8-დან 12 ლარამდე გადაუხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახულობა სისრულეში მოსაყვანად მზადდება. მაგალითად, ჭოროხის მდინარეზე ჰესის აშენების შედეგად 250 ჰექტარი მიწა დაიტბორება. ეს არის ორნახევარი კვადრატული კილომეტრი. ნამდვილი ბათუმი (შემოერთებების გარეშე) 5 კვადრატული კილომეტრია და ორნახევარი კილომეტრის დატბორვა ნახევარი ბათუმის დატბორვას ნიშნავს.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ გიგანტური ჰესების აშენებით?

- ერთადერთი პირობაა - გიგანტური ჰესების აშენების შემდეგ საქართველოს 10 წლის განმავლობაში 4 თვით (ყოველი წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე) საბაზრო ფასებში მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს. დანარჩენი თვეებში მოხდება ამ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით და ესეც მხოლოდ 10 წელი! ინვესტორი ექსპორტის გადასახადს არ გადაიხდის, რადგან ქართული კანონმდებლობით ექსპორტი არ იბეგრება. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას კატასტროფული შედეგი ექნება. მიგრაცია დაიწყება,  ხელვაჩაურის რაიონში ტყეები, სოფლები (მარადიდი, კირნათი, მირვეთი აჭარისყალი, ერგე) დაიტბორება, მდინარეში თევზი გაწყდება.

ნორვეგიელები, რომლებიც აჭარისწყლის მიმართულებით 2009 წლიდან საპროექტო სამუშაოებს ასრულებენ, ქედისა და შუახევის რაიონების სიღრმეში შევიდნენ. აჭარისწყალზე დაახლოებით 300 მეგავატი სიმძლავრის 4 ჰესის აშენებაა დაგეგმილი!

ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ინტერესს, ჰესების მშენებლობის მიღმა?

- ცხადია ვხედავ, განსაკუთრებით თურქეთის მხრიდან - უცხო სახელმწიფო აჭარის ტერიტორიას, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მდინარეებს ხელში იგდებს და ჩვენ რა გავლენა გვექნება და როგორ მოვიხმართ ამ მდინარეებს, კაციშვილმა არ იცის. თურქეთი ბათუმს ეკონომიკურად უკვე დაეპატრონა და ახლა აჭარის ტერიტორიის სიღრმეშიც შედის. არჩევნები ახლოვდება და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ უეცარი, ერთჯერადი თანხის მიღებაზე ფიქრობს.

გამოსავალს რაში ხედავთ?

- სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი გიგანტური ჰესების აშენების პროექტი უნდა გავაპროტესტოთ - ერთადერთი ბერკეტი ამ პრობლემის  გახმაურებაა.

და ხმაურით როგორ შეაჩერებთ გიგანტური ჰესების მშენებლობას?

- მაგალითად, ხმაურით შევაჩერეთ ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. დარწმუნებული ვარ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს. იმ დეტალების ირგვლივ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ხალხი ინფორმირებული არ არის. ბათუმში ჩასვლისთანავე დავიწყებ კარდაკარ სიარულს, მოსახლეობას საქმის ვითარებას გავაცნობ - წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და გიგანტური ჰესების აშენების პროექტი ჩავშალოთ.