დაიწყო 2012 წელი და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ანალიტიკურმა სააგენტოებმა, ეკონომიკურმა უწყებებმა ნაირგვარი ციფრების გამოქვეყნება დაიწყეს. ზოგიერთი მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირდება, ზოგიც - რეგიონულს; ზოგი - ოპტიმისტურია, ზოგი - პესიმისტური, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო, დამახაიათებელი ნიშანი აქვს: “მართალია, ირგვლივ ვითარება არასახარბიელოა, თუმცა ყველაფერი გენიალურადაა”.
მსოფლიო ბანკის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკა 2012 წელს 2,5%-ით გაიზრდება. აქამდე მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა წელს 3,6%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ეს ვარაუდი სწრაფად გადათქვა. ბანკმა 2013 წლის პროგნოზიც შეამცირა - 3,6-დან 3,1%-მდე. სავარაუდოა, რომ ერთი წლისთავზე მისგან ნახევარიც არ დარჩება.
მსოფლიო ბანკი წლეულს რუსეთის ეკონომიკის ზრდას 3,5%-ის დონეზე პროგნოზირებს. მოსკოვში გაეროს ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, 2012 წელს რუსული ეკონომიკა, შესაძლოა, მხოლოდ 3,9%-ით გაიზარდოს, 5-6 და 7%-იან ზრდაზე კი უახლოეს წლებში საუბარიც კი არ შეიძლება.
ბანკის ანალიტიკოსებმა 2012-2013 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირეს. მათი აზრით, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდა 3,1% იქნება. მანამდე, ანუ 2011 წლის ივნისში კი ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,1%-ით განსაზღვრა.
ზოგადად კი მსოფლიო ბანკის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ განვითარებადი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ეკონომიკური ზრდის პროცესის შესუსტებისთვის, რადგან ევროზონის სავალო პრობლემები და ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის მატების პერსპექტივებს აუარესებს.
ცნობისთვის, 2011 წლის მაჩვენებლით აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდის ტემპი 0,1% იყო, სომხეთისა კი - 2,6%. ამ მხრივ საქართველო რეგიონის ნამდვილი ლოკომოტივი აღმოჩნდა. ეკონომიკის ზრდის ტემპებმა შარშან 6,5%-ს გადააჭარბა. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2012 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება, ხოლო 2013 წელს - 5,2%.
თუკი ამ მშრალ ციფრებს მივენდობით, გამოდის, რომ ჩვენს ირგვლივ ვითარება მძიმდება, ჩვენ კი სულ ზევით, ზევით - მაღლა და მაღლა მივიწევთ. თუმცა, ასეთი წარმტაცი სტატისტიკის გარდა, სხვა მონაცემებიც არსებობს, რომელიც ცხადყოფს, რომ რეალური სურათი სულ სხვაგვარია.
“საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა” სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ზოგიერთი დემოგრაფიული და მაკროეკონომიკური ასპექტების შედარებითი ანალიზი ჩაატარა. შესადარებელი პერიოდი 2003-11 წლების სტატისტიკურ მონაცემებს მოიცავს. მონაცემების შედარებამ ცხადყო, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი უმუშევარი, საპენსიო ასაკის მოქალაქე ჰყავს და ასევე, ჩვენი მოსახლეობა ყველაზე უფრო დაბალშემოსავლიანია. მაგალითად, 2011 წლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა საქართველოში 16,2%-ს შეადგენს, სომხეთში - 10,1%-ს, აზერბაიჯანში კი - 6%-ს.
ექსპერტებს ასეთი სტატისტიკა სულაც არ აკვირვებთ. “ჩვენ მეზობელ ქვეყნებში მაინცდამაინც არ აქვთ დიდი პრეტენზია, რომ ღია ბაზრები აქვთ, მაგრამ მაინც ახერხებენ ადამიანების დასაქმებას. ანუ მათი სისტემა ბიზნესისთვის გასაგებია. ეს, შესაძლოა, მიუღებელი იყოს საბაზრო ეკონომიკის ზოგადი პრინციპების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ იქ დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება.
ჩვენ შევქმენით ვითარება, როცა ერთი მხრივ, ვლაპარაკობთ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, მეორე მხრივ კი მივდივართ მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა და არაჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნისკენ, რაც საბოლოო ჯამში ტოტალურ უმუშევრობას იწვევს. სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ლიდერი ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ლამის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით. ეკონომიკური თავისუფლება მხოლოდ რეიტინგი ხომ არ არის, ის სამუშაო ადგილებში უნდა გამოიხატებოდეს.
აშკარაა, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც არ გამოირჩევიან ეკონომიკის განვითარების მაინცდამაინც მაღალი დონით, საკმაოდ სავალალოა. საერთო სურათი არათუ არ შეესაბამება პროპაგანდას, რომელიც მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ლიდერები ვართ განსაზღვრული მიმართულებებით, არამედ ოფიციალური სტატისტიკაც კი აღიარებს, რომ ვითარება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ყოველდღე ნაციონალური ტელეარხების საშუალებით ვისმენთ”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.
839
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85