აფხაზეთში, ბედიის ტაძარში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია. გაურკვეველი წარმომავლობის არქიტექტორები ტაძარში კედელს აძლიერებდნენ, თუმცა ამას ბაგრატ მესამის ერთადერთი გამოსახულების განადგურება მოჰყვა. „ფაქტია, რომ ვანდალიზმთან გვაქვს საქმე, ამიტომაც მსოფლიო საზოგადოება ამ ინფორმაციებით უნდა „დაიბომბოს", – ასეთია ქართველი სპეციალისტების პოზიცია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაცული მოძრავი ძეგლების სიის შედგენასა და ამ მონაცემების ინტერპოლისთვის გადაცემას აპირებენ, რათა ამით მათი საზღვრებს გარეთ გატანა აიცილონ.
დე ფაქტო ტერიტორიაზე გაურკვეველი „რესტავრატორებისა“ და ე.წ. შავი არქეოლოგების ბუმია. ქართველ მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ ძირძველი აფხაზების ინტერესში მეფე ბაგრატის ფრესკის განადგურება არ უნდა იყოს და, რომ ამ ყველაფრის მიღმა რუსეთი დგას. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ნამდვილ აფხაზს აფხაზეთში არავინ არაფერს ეკითხება, ბედიის ტაძარში სარემონტო სამუშაოებს კი ვლადიმირის რუსული კერძო კომპანია ატარებს.
მეცნიერებში კითხვებს ისიც ამძაფრებს, რომ ბაგრატ მესამის ფრესკამ საუკუნეებს გაუძლო, რუსული ოკუპაციის შემდეგ კი, სულ ახლახანს, განადგურდა. ახლა გადასარჩენია მეფე ბაგრატის საფლავი, ამიტომაც ქართველი სპეციალისტების შესვლამდე, იუნესკოს წარმომადგენლებს მაინც არ უნდა ეზღუდებოდეთ აფხაზეთში შესვლა.
არც სხვა ტაძრებშია უკეთესი მდგომარეობა. ილორის ტაძარს რუსული ფორმის ხახვისებური გუმბათი დაადგეს, რაც რუსული ქრისტიანული არქიტექტურული სტილის ნაწილია და ქართულ გუმბათთან საერთო არაფერი აქვს, ქართული წარწერები და ფრესკები კი თეთრად გადაღებეს.
სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი Presage.tv-სთან საუბარში ბედიის ტაძართან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს. რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების ერთი წლის თავზე, აგვისტოში, ბედიის ტაძარში მკრეხელური რამ მოხდა. კერძოდ, აფხაზებმა იარაღის დალოცვის ცერემონიალი ჩაატარეს.
„მამა ბესარიონ აპლიამ, რომელიც თვიმარქვიაა და დამოუკიდებელი აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად აცხადებს თავს, აფხაზური იარაღის დალოცვის ცერემონიალი შეასრულა. ბესარიონ აპლიამ ამ ტაძარში ჯერ სალოცავად წაიყვანა ხალხი, მოლოცვა ჩაატარა, შემდეგ კი ის იარაღი დალოცა, რომლითაც აფხაზები ეომებოდნენ ერთიან საქართველოს. ეს იყო მკრეხელური ნაბიჯი, რადგან ბედიის ტაძარში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატის საფლავზე დალოცეს ეს იარაღი“, – აცხადებს ზურაბ პაპასქირი.
ისტორიკოსს ეს კადრები „აბაზა.ტვ“-ს საშუალებით თავად აქვს ნანახი, რაც მოგვიანებით აფხაზური საიტიდან გაქრა. მართალია, ამ კადრების ნახვისას ზურაბ პაპასქირს ბედიის ტაძარში არავითარი ფრესკა არ შეუმჩნევია, მაგრამ დავით აღმაშენებლის მცირე ზომის ხატი შენიშნა, რომელსაც აფხაზები ისე უნთებდნენ სანთელს, რომ ალბათ თვითონაც არ იცოდნენ, დავით აღმაშენებლის ხატი რომ იყო.
„ამ კადრების ნახვისას ორმაგი გრძნობა დამეუფლა. ბედიის ტაძარში მოსალოცად მისვლა კარგია, მაგრამ იმ იარაღის დალოცვამ, რომლითაც თითქოს სამამულო ომს ეწეოდნენ ქართველების წინააღმდეგ, შემზარა“ – ამბობს პაპასქირი.
მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბაგრატ მესამე, რომელიც აფხაზთა მეფის ასულის შვილი იყო, ჩვეულებრივი ქართველი მონარქი გახლდათ. ე.წ. აფხაზური დინასტია და მათი წარმომადგენელი აფხაზი მეფეები, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივად და კულტურულ-პოლიტიკურად ქართულ დინასტიას განეკუთვნებოდნენ. ისინი მხოლოდ ეთნიკურ-ტომობრივი წარმომავლობით შეიძლება ყოფილიყვნენ აფხაზები.
„ბაგრატი თავდაპირველად იყო დასავლეთ საქართველოს მეფე. აფხაზობა არის ტომობრიობა. მათი მეფეები იყვნენ ჩვეულებრივი ქართველი პოლიტიკური ლიდერები. საინტერესოა, ბედიისადმი თავად აფხაზების დამოკიდებულება. ბედია, დრანდა, მოქვი,– ყველაფერი მოშალეს ახალმა აფხაზებმა. დღეს რომ იჩემებენ, ქრისტიანი ერი ვიყავითო, სინამდვილეში, მე-16-17-18 საუკუნეებში ჯიქ-აფხაზ მთიელთა ბარაბაროსულმა ტალღამ აფხაზეთის ქრისტიანული ცივილიზაცია მთლიანად მოშალა. ეს მთისა და ბარის ბრძოლა უფრო იყო, ვიდრე – ეთნიკური ბრძოლა. ჩამოსახლებულ ჯიქ-აფხაზთა ახალი ტალღისთვის უცხო იყო ადგილობრივი აფხაზების ცივილიზაცია, რომელიც აფხაზებმა (იმავე ისტორიულ-კულტურულმა ქართველებმა) თავიანთ ქართველ თანამოძმეებთან ერთად შექმნეს (ნიკო ბერძენიშვილი). არცერთი ცნობა არ მოგვეპოვება, რომ ოდესმე თურქი მოსულიყო და ბედია გადაეწვა ან გაენადგურებინა, მაშინ, როცა ბედია, მოქვი, დრანდა,– მთლიანად გაანადგურეს ახალმა აფხაზებმა. მხოლოდ ილორი გადარჩა, რაც ცოტა გასაკვირიც კია. შემორჩენილი ქრისტიანი აფხაზებისთვის ილორი მთავარ სალოცავად იქცა. სხვათაშორის, მეც მიკვირს, როგორ გადარჩა ილორი, ალბათ იმიტომ, რომ ის არ იყო ეპარქიის ცენტრი, როგორც მოქვი, ბედია და დრანდა“, – მიიჩნევს ზურაბ პაპასქირი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე აცხადებს, რომ ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკა უკვე აღარ არსებობს, ადგილობრივები კი თავს იმართლებენ, თითქოს სარესტავრაციო სამუშაოების დროს ფრესკა ჩამოიშალა, რაც არადამაჯერებელია.
„ამ ფრესკამ ათი საუკუნის მანძილზე გაძლო და თან ისეთ ადგილზე არ მდებარეობდა, რომ სარესტავრაციო სამუშაოების დროს ჩამოშლილიყო. აშკარაა, იგი სპეციალურადაა ჩამოფხეკილი. ბაგრატ მესამე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ცოტა უხერხულიც კია თავად აფხაზებისა და რუსებისთვის, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის საფლავი ოკუპირებულია და ამ ტერიტორიაზე პრეტენზია აქვს უცხო სახელმწიფოს. შესაბამისად, ეს კვალი უნდა წაეშალათ და წაშალეს კიდეც. თუმცა ბაგრატ მეფის საფლავი იქ არის. რამდენადაც ვიცით, „მატიანე ქართლისაის“ ცნობის თანახმად, ბაგრატ მესამე დასაფლავებულია მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში“, – აღნიშნა ლია ახალაძემ Presage.tv-სთან საუბრისას.
მეცნიერი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ქართული კვალის გადარჩენის მიზნით ქართულ მხარეს აქტიურობა და ყველა მიმართულებით მუშაობა მართებს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული, ხმა უნდა მივაწვდინოთ.
„სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რეალურად, დე ფაქტო ხელისუფლებაში შეიძლება იყვნენ ისეთი აფხაზები, რომლებსაც, შეიძლება, გულიც კი შესტკიოდეთ ამაზე, მაგრამ ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს ტერიტორია ოკუპირებულია და იქ რეალურად სამხედრო რეჟიმია. ლეონიდ ლაკერბაიამ, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა, განაცხადა, რომ თანახმაა, აფხაზეთში შეუშვან იუნესკოს ექსპერტები, მაგრამ არა– ქართველები. სინამდვილეში, კარგა ხანია, იუნესკოს ვთხოვეთ დახმარება, თუმცა აფხაზები არ უშვებდნენ უცხოელ სპეციალისტებს. თავის მხრივ, იუნესკოსაც ეშინია აფხაზეთში შესვლის. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რუსეთის მიერ სამხედრო რეჟიმის დამყარების შემდეგ პრაქტიკულად ეს დახურული ზონაა“, – გვითხრა ლია ახალაძემ.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთში სხვა ძეგლების მდგომარეობაც ძალიან მძიმეა, რადგან უკანონო არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. რა მეთოდით თხრიან ჩვენს ძეგლებს, არავინ იცის. გასაოცარია ისიც, რომ ამ გათხრების დროს თავად აფხაზი არქეოლოგებიც არ არიან ჩართულნი. ამ საქმეს ღიად კურირებს რუსეთი, რომელიც ყოველგვარ ქართულ კვალს შლის.
ამასთან, ლია ახალაძე არ გამორიცხავს, რომ ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკის გადაშლაც რუსულ კვალს უკავშირდებოდეს და არა–აფხაზურს.
„ბედიის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს ვლადიმირის ერთ-ერთი კერძო კომპანია ატარებს. ასე რომ, რესტავრაციას აფხაზები ატარებენ-თქო, ვერ ვიტყვით, რადგან ვლადიმირის კომპანია რუსულია. ის, თუ როგორ აპირებენ ამ ტაძრის „რესტრავრაციას“, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სხვათაშორის, ბაგრატის დედა იყო აფხაზთა მეფის, გიორგი მეორის ქალიშვილი, მამით კი ტაო-კლარჯეთელი ბაგრატიონი გახლდათ. გიორგი მეორე გახლავთ მეფე, რომელიც ცდილობდა კახეთის შემოერთებას, მას ქართლი უკვე ეჭირა, ანუ საქართველოს ერთ-ერთი გამაერთიანებელი მეფე გახლდათ.
საერთოდ, საქართველოს გაერთიანების იდეა აფხაზთა სამეფოდან წამოვიდა, იოანე მარუშისძეს, რომელიც აფხაზთა მეფის ერისთავი იყო ქართლში, სწორედ ბაგრატ მესამე ბაგრატიონის სკიპტრის ქვეშ დაებადა საქართველოს გაერთიანების იდეა. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, ძველი აფხაზები ქართველები არიან. ხოლო თანამედროვე აფხაზები, ვერ გეტყვით, ვინ არიან. წესით, ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკის განადგურება აფხაზებს არ უნდა აწყობდეთ, რადგან ეს მათი კულტურული მეხსიერების წაშლაა, სხვა კულტურა მათ არ გააჩნიათ. თუ ისინი მოწყდებიან ამ კულტურას, უკულტურო ერი გამოვლენ“, – აღნიშნავს ისტორიკოსი.