რუსები და სეპარატისტები თავდაუსხმელობის ახალ დოკუმენტს მოითხოვენ

რუსები და სეპარატისტები თავდაუსხმელობის ახალ დოკუმენტს მოითხოვენ

თბილისი მარიონეტებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ამბობს. ცხინვალის რეჟიმი კი დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ არა შეთანხმება გააფორმოს, არამედ ცალმხრივი ვალდებულება აიღოს.

 

მოსკოვში აცხადებენ, რომ „ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რაც ქართულ-რუსული დიალოგის დაწყების ფუნდამენტს შექმნის“.

 

სააკაშვილი რუსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ ახალი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე რუსული მხარის შესაბამისი ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.

 

„საქართველოს ხელისუფლებას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს  და 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას მოითხოვს. საქართველო ამ შეთანხმებას ასრულებს, ხოლო რუსეთი - არა. შესაბამისად, ქართული მხარე თავდაუსხმელობის შესახებ ახალი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს“ - აცხადებს მანჯგალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის მიერ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს რუსული მხარე გამუდმებით აყენებს, მათ შორის - ჟენევის კონსულტაციებზე. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, აღნიშნული დოკუმენტი სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმდეს.

 

„გვაქვს დისკუსიების ჟენევის ფორმატი, რომელიც ასევე მედვედევ-სარკოზის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. იქ კი ყველაფერი ნათლად არის გაწერილი, რომ საქართველომ კეთილი უნდა ინებოს და ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს.

 

არ არის აუცილებელი, რომ ამას ჰქონდეს შეთანხმების სახე, მაგალითად, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ეს შეიძლება იყოს ცალმხრივად აღებული ვალდებულება. მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო აგრესიას აღარ გაიმეორებს“, - აცხადებს  პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე ჩიგოევი.

 

მისივე თქმით, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება მოლაპარაკებების მთავარი საკითხია და დანარჩენი მიმართულებებით პროგრესი მთავარ საკითხში წინსვლაზეა დამოკიდებული.

 

„მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად, ძირითადი საკვანძო საკითხი სწორედ ის არის, რომ საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას ხელი უნდა მოაწეროს. ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის ჰუმანიტარული და დევნილების პრობლემები, მხოლოდ თანმდევი საკითხებია. თუ მთავარ საკითხში წინსვლა არ იქნება, ყველა დანარჩენი მიმართულება ჰაერში გამოკიდებული რჩება და ეს ქართველი პოლიტიკოსების სინდისზე იქნება“, - განაცხადა ჩიგოევმა.

 

რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას,  გთავაზობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის უფროსის ანდრეი კელინის მოსაზრებას:

 

– დიალოგის შედეგიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა თემებით მოვა ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი აზრით, ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რაც ქართულ-რუსული დიალოგის დაწყების ფუნდამენტს შექმნის. მოდით, ამით დავიწყოთ ყველაფერი, რადგან ყველას ესმის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები მნიშვნელოვანია მთელი კავკასიისთვის.

 

დავუშვათ, საქართველომ ეს დოკუმენტი გააფორმა... რა ნაბიჯებს გადადგამს საპასუხოდ რუსეთი?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას გავაკეთებთ საპასუხოდ. ეს ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სერიოზულად მიუდგება ქართული მხარე ამ დოკუმენტს. ვთქვათ და შემდეგ არაფერი გავაკეთეთ… ეს ხომ არასერიოზულია?! საქართველომ შესაძლოა, კვლავ სიტყვიერად დაიწყოს იმის მტკიცება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალას არასოდეს გამოიყენებს, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ ამბობდა იგივეს სააკაშვილი 2008 წლის აგვისტომდე?!

 

სამწუხაროდ, სააკაშვილის სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება, რაც არაერთხელ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, ქართული მხრიდან თვდაუსხმელობის განზრახვას მაშინ დავიჯერებთ, როდესაც ეს თავდაუსხმელობა იურიდიულად გაფორმდება. მანამდე კი აფხაზებსა და ოსებს ბედის ანაბარად არ დავტოვებთ. გარდა ამისა, ისინი უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკები არიან და როგორც ხედავთ, მათი აღიარებაც დაწყებულია.

 

მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა კონსტრუქციულობა, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკული რიტორიკა ისმის, თითქოს ყველაფერში რუსეთია დამნაშავე. ქართულ მხარეს ტალიავინის კომისიის დასკვნის აღიარების სურვილიც კი არ აქვს, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ურთიერთობების აღსადგენად აუციელებელია, შესაბამისი წინაპირობები და კონსტრუქციული რიტორიკა არსებობდეს და არა დაუსრულებელი ბრალდებები.

 

როდესაც რუსეთის ხელისუფლება მისი მისამართით მუდმივად მხოლოდ შეურაცხყოფას ისმენს, როგორ შეიძლება, მოლაპარაკებები დაიწყოს?! ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ და ვიცით, რომ ურთიერთობების დამყარების საქმე ძალიან სათუთი საკითხია! მსგავს სიტუაციაში მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას სერიოზული მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ნიკალაევიჩის საუბარი კი სცდება იმ ჩარჩოს, რომლითაც ნორმალური პოლიტიკოსები საუბრობენ.

 

საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტატეგია რატომღაც გასაცნობად დასავლეთში წაიღო, იმის ნაცვლად, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის გაეცნო. საქართველომ ურთიერთოებები პირველ რიგში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უნდა დაამყაროს..