მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა: ევროპის ეკონომიკაში არსებული რთული ვითარება ნაწილობრივ განვითარებად და სხვა ქვეყნებზე გავრცელდა. მათ შორის კრიზისი ემუქრება ისეთ მაღალშემოსავლიან ქვეყნებსაც, რომლებიც აქამდე პრობლემებისაგან შეუვალად ითვლებოდა.
ამგვარი ერთობ უსიამოვნო შეფასება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში “გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები” არის მოცემული. ამ მოხსენებამ ანალიტიკოსთა შორის უმალ მეორე სახელი “საფრთხე და გაურკვევლობა” მიიღო.
მსოფლიო ბანკის ექსპერტთა აზრით, ევროპა, როგორც ჩანს, უკვე რეცესიაში შევიდა. ამავდროულად, მსხვილი განვითარებადი ქვეყნების, როგორებიცაა ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თურქეთი და რუსეთი, ეკონომიკური ზრდის ტემპი გვარიანად შენელდა. შედეგად, აშშ-ს და იაპონიის ეკონომიკური აქტივობის მიუხედავად, მსოფლიოს ეკონომიკის და მსოფლიო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. “მსოფლიოში მოვლენთა განვითარება ეკონომიკური ზრდის შენელების ერთ-ერთი სცენარით მიმდინარეობს, რომელიც სულ რაღაც ექვსი თვის წინ განიხილებოდა, როგორც ძალიან სარისკო”, - აღნიშნავენ მსოფლიოს ბანკის ექსპერტები.
არსებული ფონის გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვნად შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. ამჟამინდელი პროგნოსის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2012 წელს 2,5 პროცენტი, 2013 წელს კი 3,1 პროცენტი იქნება. ეს მაშინ, როცა ექვსი თვის წინ იგივე ორგანიზაცია ორივე წელს 3,6 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 2012 წელს ეკონომიკის 1,4 პროცენტიანი ზრდაა ნავარაუდევი, ევროს ზონაში კი სულაც 0,3 კლება მოხდება. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები, სავარაუდოდ, 5,4 პროცენტით, ხოლო დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკები, დაახლოებით, 2 პროცენტით გაიზრდება.
როგორც ხედავთ, საკმაოდ მწირი მონაცემებია, თუმცა, მათი მიღწევაც დიდ გაურკვევლობას და ვაი-ვაგლახს უკავშირდება. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ: “ევროპის ეკონომიკის ვარდნამ და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ, შესაძლოა, ერთმანეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. შედეგად, გამორიცხული არ არის, საბოლოოდ ნავარაუდევზე უფრო დაბალი შედეგები მივიღოთ. ეს კი ბაზრის მონაწილეთა ურთიერთ ნდობის აღდგენას გაართულებს”.
თუ კრიზისი გამწვავდება და კიდევ უფრო მეტი ევროპული ეკონომიკა ფინანსირების მოზიდვას ვერ შეძლებს, შედეგები, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს და მსოფლიოს შიდა პროდუქტის მოცულობა ნავარაუდევზე 2-4 პროცენტით ნაკლებად გაიზარდოს. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ისეთივე რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, როგორშიც 2008-2009 წლებში იყვნენ. გამწვავებული კრიზისი მართლაც რომ არავის დაინდობს.
თუ 2008-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისისას განვითარებადი ქვეყნები შედარებით კომფორტულ ვითარებაში იყვნენ, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, ახალი კრიზისის სიმწვავეს პირველ რიგში სწორედ ისინი იგრძნობენ. შედეგად, განვითარებადი ქვეყნების შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდა 2013 წლისათვის, შესაძლოა, 3-4 პროცენტამდე შემცირდეს. ეს კი მართლაც რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელი იქნება.
მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიდ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს 2008-2009 წლიბში იყო. ამასთან, განვითარებად ქვეყნებს ახალი კრიზისის გამკლავება გაცილებით მწირი კაპიტალით, ნაკლებად ეფექტური სავაჭრო შეასძლებლობებით და ეკონომიკური აქტივობის მხარდასაჭერად საჭირო ბევრად მცირე სახსრებით მოუწევთ, ვიდრე 2008-2009 წლებში.
ამ სიტუაციაში მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებს ურჩევს საკუთარი პრობლემატური მხარეები შეაფასონ და ეკონომიკური ვარდნის შემთხვევისათვის სარეზერვო გეგმები მოამზადონ. კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს მართებთ ჩამოაყალიბონ პრიორიტეტები სოციალური დაცვის სისტემების კრიზისულ ვითარებაში დასაფინანსებლად. შეიმუშაონ ინფრასტრუქტურული გეგმები ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და განახორციელონ ბანკების სტრესს-ტესტირებები.
მოკლედ რომ ვთქვათ, განვითარებადი ქვეყნები მომავალი შოკისათვის უნდა მოემზადონ, სანამ დრო ჯერ კიდევ არის. როგორც მივხვდით, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები მომავალ კრიზისში, თუ ასეთი მოხდა, განვითარებად ქვეყნებს განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ.
968
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85