სააკაშვილთან შეხვედრაზე რუსთავის თეატრმა დროულად მხოლოდ დამლაგებელი მიავლინა

სააკაშვილთან შეხვედრაზე რუსთავის თეატრმა დროულად მხოლოდ დამლაგებელი მიავლინა

რუსთავში პრეზიდენტის სტუმრობისთვის სამზადისი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. დავალება, სააკაშვილის გულანთებული მხარდამჭერების მოსაგროვებლად, რუსთავის თვითმმართველობის გარდა, ქალაქის სკოლების, საბავშო ბაღების, საავადმყოფოს და მუნიციპალური თეტრის ხელმძღვანელებმაც მიიღეს. ასევე, პასუხი გაეცა მარადიულ კითხვას -  „რა სარგებლობა მოაქვთ მამასახლისებს?“  „მეც მამასახლისი ვარ. სადარბაზოდან 5 კაცის მოყვანა დამავალეს. ერთიანობაში 30 კაცი გამომდის. იმედია, ყველა მოვა. მოვკვდი ნერვიულობით “ – ერთმანეთს უზიარებდნენ დარდს რუსთავის 21-ე მიკრორაიონის მამასახლისები.

„საბავშო ბაღიდან დამირეკეს და მთხოვეს, რომ ბავშვთან ერთად მოვსულიყავი, ახლა ირკვევა, რომ ბაღის სიაში ჩემი შვილის გვარით ვარ შეტანილი, მე კი ქმრის გვარზე არ ვარ გადასული. გამოდის, რომ ტყუილად მოვედი” – უხსნიდა პრეზიდენტის დაცვის წევრებს, რუსთავის ¹1 საბავშო ბაღის მშობელი სირბილაძე.

სანერვულოდ ჰქონდათ საქმე მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებსაც. პრეზიდენტი სულ რაღაც რამდენი სააათში მოადგებოდა ჭავჭავაძის ქუჩის ეზოს, არადა თეატრიდან მასთან შესახვედრად, მხოლოდ დამლაგებელი გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს შეხვედრის საათი დროულად ვერ შეატყობინეს.

სააკაშვილის შესახვედრად ბევრი დაუპატიჟებელი რუსთაველიც მოვიდა. მოქალაქეები, რომლებიც არც ერთ სიაში არ იყვნენ, შეხვედრაზე სამართალდამცავებმა არ შეუშვეს.  

პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზატორებს ცალკე სიები ჰქონდათ ჟურნალისტებისთვის. ამ სიაში პრესაგე.ტვ არ აღმოჩნდა. პრეზიდენტის დაცვის წევრმა ქალბატონმა აგვიხსნა, რომ შეხვედრაზე დასწრების უფლება ხათუნა მამარდაშვილისგან უნდა აგვეღო. ეს ქალბატონი დავით კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანია და დღეს ადგილობრივ ტელევიზიას ხელმძღვანელობს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მამარდაშვილი  გუბერნატორის პრესმდივანი აღარაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარი იყო, მსგავსი ნებართვა რატომ უნდა გვეთხოვა ამ სტატუსის ადამიანისთვის, მასთან დაკავშირება მაინც ვცადეთ. ხათუნა მამარდაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. შესაბამისად, დავრჩით იმ მოქალაქეების გარემოცვაში, რომლებიც ჩვენს მსგავსად პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ დაუშვეს.

„სიები, რა საჭიროა?! მეც ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქე ვარ, როგორც სხვები. მხოლოდ დავარცხნილ ნაციონალებს უშვებთ შიგნით და მერე იტყვით, მიშა ხალხს შეხვდაო. გაჭირვებული ადამიანები, ვისაც მართლა პრობლემა აქვს და თავისი სათქმელი, შეხვედრისთვის არ გამოვდგებით არა?!” – ეკამათებოდა, რუსთაველი ნანა ზედგენიძე სამართალდამცავებს.  

მოქალაქეების ყურადღებას, პრეზიდენტის მომლოდინე, სახლის რეზის ფლოსტებით მდგარი ბავშვები იპყრობდნენ. „ერთი შვილი ახლახანს დამეღუპა. ახლა 6 შვილის მამა ვარ. ტყავის გადამამუშავებ ქარხანაში ვმუშაობ, მაგრამ ეს ოჯახისთვის საკმარისი არ არის. სიღარიბის ზღვარს მიღმა ვართ, მთავრობისგან ყურადღება ვითხოვთ. მინდა ეს ფეხშიშველი ბავშვები პრეზიდენტმა გაიცნოს” – თავის გასაჭირს უყვებოდა პრეზიდენტის დაცვის წევრებს, არჩილ ნაქევხიშვილი.

ბატონი არჩილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა  რუსთაველი, რომელიც  შეხვედრაზე „მიშა, მიშას” სკანდირებისთვის არ მისულა, არც პრეზიდენტის და არც მისი ერთგული ტელევიზიების ყურადღების ღირსი არ გახდა. 

ასეთი მოქალაქეები სააკაშვილს ჭავჭავაძის ქუჩაზე ოთხი საათის განმავლობაში ელოდნენ, პრეზიდენტმა კი  შეხვედრის ადგილი იმ გზით დატოვა, სადაც მისი დაცვის წევრებმა მოქალაქეებს დადგომის უფლება არ მისცეს.