ავიაციური როქი საქართველოს ცაზე

ავიაციური როქი საქართველოს ცაზე

ბოლო დღეებია საქართველოს ავიასივრცეში დიდი მისვლა-მოსვლაა, უფრო სწორად მიფრენა-მოფრენაა. თუ ერთი ავიაკომპანია კმაყოფილებას ვერ მალავს საქართველოში მუშაობით, მეორე პირიქით, უვადოდ ტოვებს ქვეყნას, მესამე კი არც აპირებს შემოფრენას.

 

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ ქართულ ბაზარზე მუშაობით მეტად კმაყოფილია. „ლოტის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღავნელის გიორგი ლიპარტიას განცხადებით, ფრენების დაწყებიდან ორი კვირის თავზე იმის თქმა შეიძლება, რომ ფრენებმა 100%-ით გაამართლა. მისი თქმით, „ლოტის“ თვითმფრინავებმა რეისი სრული დატვირთვით შეასრულეს.

 

პოლონელთა აღტკინებას მხარს ვერ უბამს „ავსტრიის ავიახაზები“, რომელმაც მრავალწლიანი მუყაითი მუშაობის შემდეგ დაასკვნა, რომ საქართველოში ფრენა კომპანიისთვის წამგებიანი ყოფილა. ამიტომაც ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ საქართველოს ტოვებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარშრუტის შეწყვეტის მიზეზი კომერციულ მხარეა. „კომერციული შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი ავსტრიის ავიახაზებისთვის“, - აღნიშნულია ავსტრიის ავიახაზების განცხადებაში.

ბოლო რეისი თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შესრულდება. მგზავრებს, რომლებსაც „ავსტრიის ავიახაზებზე“ თბილისისკენ 2010 წლის ნოემბრიდან ჯავშანი აქვთ, კომპანია მოუწოდებს გადაჯავშნონ ბილეთი სხვა ავიაკომპანიის რეისებზე.

 

„ავსტრიის ავიახაზები“ ამჟამად დაფრინავს კვირაში ოთხჯერ თბილისიდან ვენის მიმართულებით, ეს მარშრუტი მოქმედებს 1998 წლის 5 მაისიდან. თუ რომელი კომპანიები იტვირთებენ ამ დატვირთვის ავიარეისების შესრულებას, ჯერ ცნობილი არ არის.

 

ამასობაში გაირკვა, რომ ირლანდიური ავია-კომპანია „რიანეარის“ შემოყვანა, რომელიც ქართველ მომხმარებელს ავიარეისებზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს შესთვაზებდა, ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. სავარაუდოდ, ირლანდიურმა კომპანიამ ფრენების მაღალი სიხშირე და მგზავრთა დიდი ნაკადი მოითხოვა.

 

„რიან ეარის“ ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რადგან მდგრადი მინისტრის გაკეთებულ განცხადებებს იმთავითვე პოპულისტური ელფერი დაჰკრავდა.  მაშინდელისგან განსხვავებით, ეკონომიკის სამინისტროში ამჯერად, კომენტარს არ აკეთებენ. ქობალიას უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ავიაკომპანიის მოთხოვნაა, ხელშეკრულების გაფორმებამდე სამინისტრომ ყოველგვარი კომენტარისაგან თავი შეიკავოს.

 

„რიან ეარს“ ფრენების შესრულება 2011 წლის ზაფხულიდან უნდა დაეწყო. ბილეთების გაყიდვა კი უკვე იანვრიდან იგეგმებოდა და პირველი თვე ერთი ევრო ეღირებოდა.

იმას, რასაც მთავრობა ირლანდიური ავიკომპანიისაგან ელოდა, თურქებისაგან მიიღო. რამდენიმე დღეში ევროპის მიმართულებით თურქული კომპანია „პეგასუსი“ მესამედ, ზოგიერთ რეისზე კი მეხუთედ ფასში იფრენს. „პეგასუსმა“ თბილისი-თურქეთის რეისებს თითქმის სამჯერ დაბალი ფასი დაადო. სტამბულის მიმართულებით ბილეთები 70-დან 90 ევრომდე ფასად გაიყიდა.

 

თურქულ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მათ მიერ რამდენიმე რეისის განხორციელების შემდეგ სხვა კომპანიებს მოუწევთ ბაზარზე ფასების კორექტირება, რადგან მომხმარებელი ნახავს, რომ ამ ფასად კომფორტულად და უსაფრთხოდ მგზავრობა შეიძლება.