ხათუნა ჩიგოგიძე, "ყველა სიახლე"
2012 წელს საქართველო გაზრდილი საგარეო ვალით შეეგება. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ჩვენი ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 10,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ თეიმურაზ ბერიძე:
- მთლიანი საგარეო ვალი ორი კომპონენტისაგან შედგება: ეს არის სახელმწიფო ვალი და კომერციული სექტორის ვალი. როცა ვლაპარაკობთ ქვეყნის მთლიან საგარეო ვალზე, ის შეიცავს ორივეს, როცა ვლაპარაკობთ სახელმწიფო ვალზე, აქ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ვალი. რაც შეეხება თქვენ მიერ ხსენებულ 10,8 მილიარდ ლარს, აქ შედის როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული სექტორის ვალიც. ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განრიგი, ორი წლის განმავლობაში როგორ უნდა განხორციელდეს არსებული საგარეო ვალის გადახდა. ეს მისასალმებელი ნაბიჯია, რადგანაც ვალი ვალია და ქვეყანამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს. სულ სხვა საკითხია, როგორ არ დავაგროვოთ ეს ვალი, რაც უნდა მოხერხდეს მხოლოდ და მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით. ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა ისე უნდა აეწყოს, რომ წარმოება ამუშავდეს, ვალების რესტრუქტურიზაცია მოხდეს და ჩვენი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული სესხებზე, რომლითაც დღეს ვსულდგმულობთ. 2012-2013 წლები არჩევნების წლებია, შესაბამისად, სოლიდური თანხა დაიხარჯება არჩევნებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს.
- 10,8 მილიარდი დოლარი - სახიფათო არ არის ეს თანხა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის?
- ნებისმიერ ეკონომიკურ ინდიკატორს ითვლიან მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით - ეს იქნება საგარეო ვალი, ინვესტიციების პროცენტი თუ სხვა რამ. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი უკვე კრიტიკულ ზღვართან არის. შესაბამისად, მთავრობამ უნდა იფიქროს, როგორ, რა გზით მოახერხოს ამ ვალის დაფარვა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება მოხდეს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის გადახდის ვადას გადაგვიწევენ 5, 10, ან 15 წლით, ასეთ შემთხვევაში ეს ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი ტვირთი აღარ იქნება, თუმცა, რესტრუქტურიზაციაც არ არის საუკეთესო გამოსავალი.
- ესე იგი, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის?
- საგანგაშო ციფრი არ არის, მაგრამ ძალიან ახლოსაა საგანგაშო ნიშნულთან და ახლავე აგიხსნით რატომ: თუ გაგრძელდა ვალის დაგროვება, ბუნებრივია, ძალიან ახლოს ვიქნებით კრიტიკულ ზღვართან.
როდესაც სახელმწიფოს ვალი აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანა გადახდისუუნარო ხდება და როდესაც ქვეყანას აცხადებენ გადახდისუუნაროდ, ეს არის სწორედ დეფოლტი. ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვალების დროულად გასტუმრებაა. ჩვენი მოსახლეობა არც ისე მრავალრიცხოვანია და მის შენახვას დიდი ვალის აღება არ სჭირდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ვალების გასტუმრებას, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, დროულად მოვახერხებთ.
- "საქსტატის" ცნობით, 2011 წელი საქართველომ 2%-იანი საშუალო წლიური ინფლაციით დაასრულა. რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე?
- ძალიან საეჭვოა ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრები. სავარაუდოდ, ინფლაცია ქვეყანაში გაცილებით მაღალია, რადგან ნებისმიერი ოჯახი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადის გარეთ და ყიდულობს პროდუქტს, პირისპირ ეჩეხება ამ პრობლემას. ერთია, როდესაც შენი ჯიბის მიხედვით იცი რა თანხა გეხარჯება და მეორე - როდესაც ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ციფრებს ეცნობი.
მე არ ვენდობი იმ ციფრებს, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აქვეყნებს. ტრანსპორტის ხარჯები გაიზარდა, სასურსათო და კომუნალური დანახარჯები გაიზარდა. პროდუქტების ფასები იზრდება, შემოსავლები კი - არა. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ ცხოვრების დონე ეცემა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო კალათა ძალიან მწირი და ღარიბია, ვიდრე განვითარებული ქვეყნებისა. ჩვენი სამომხმარებლო კალათა, რომლითაც ინფლაცია ითვლება, ძირითადად, სურსათს შეიცავს.
დღეს საშუალო შეძლების მქონე ქართული ოჯახი თავისი შემოსავლის 70-80 პროცენტს სწორედ სურსათზე ხარჯავს. დანარჩენი კი კომუნალურ გადასახადებს სჭირდება. ასეთია დღეს ჩვენი ხარჯების სტრუქტურა.
- როგორც ვიცი, განვითარებულ ქვეყნებში სამომხმარებლო კალათა გაცილებით მრავალფეროვანია და მხოლოდ სურსათით არ შემოიფარგლება.
- გეთანხმებით. მაგალითად, აშშ-ში სამომხმარებლო კალათა შეიცავს დაახლოებით 600 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას, ჩვენთან კი დაახლოებით 100-120-ს. თუ ავიღებთ თანხის ხარჯვის სტრუქტურას სამომხმარებლო კალათიდან, ნორმალურ ქვეყნებში ეს ხარჯები მიდის განათლების მიღებაზე, ჯანდაცვაზე, მოგზაურობაზე და მინიმალური ადგილი ეთმობა სურსათს. ჩვენთან კი პირიქით - სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი სასურსათო ხარჯია, რაც დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. სამომხმარებლო კალათაში სურსათის პროცენტი არ უნდა იყოს ასე მაღალი.
- თითქოს პარადოქსია, რომ ამ სიტუაციაში ლარი ასე თუ ისე ინარჩუნებს თავის კურსს.
- ეს კარგია, რადგან ჩვენი ეკონომიკისათვის ლარის კურსის სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ საკითხში ეროვნული ბანკის პოლიტიკა ნამდვილად მოსაწონია.
- დასასრულ, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ქართული ეკონომიკისათვის?
- ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ძირითადად ახალგაზრდები არიან დაუსაქმებელი, საშუალო და ძველი თაობის წარმომადგენლები კიდევ რაღაცას ახერხებენ, ახალგაზრდები კი ვერ პოულობენ სამსახურს და თავიანთ ადგილს ამ ქვეყანაში. სერიოზული პრობლემებია სოციალურ სფეროშიც. ზოგადი პრობლემა კი არის ერთი - სოციალური საკითხების მოუგვარებლობა. სამწუხაროდ, ყველა პარტია ამას მაშინ ამჩნევს, როდესაც არჩევნები ახლოვდება. როგორც კი საარჩევნო პერიოდი ჩაივლის, ხალხის პრობლემები ყველას ავიწყდება...
1227
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85