„ყავლგასულია განცხადებები და პროპაგანდა რუსული ფულის ირგვლივ“

„ყავლგასულია განცხადებები და პროპაგანდა რუსული ფულის ირგვლივ“

კავკასიის ინტერნეტმედია კლუბში მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. კითხვები ძირითადად, „სახალხო კრების“ ირგვლივ იყო დასმული. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით კითხვებზე ბესელიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ქალბატონო ეკა, ოპოზიციური პარტიები „სახალხო კრების“ შეკრებას არ დაესწრნენ იმ მიზეზით, რომ მათთვის გაუგებარი იყო კრების მიზნები და ამოცანები. თქვენ მიიღეთ თუ არა ამომწურავი პასუხი იმ შეკრებაზე?

– ვფიქრობ, რომ 29 სექტემბრის შეხვედრა შედგა, რადგან მოლოდინი, რაც ამ შეხვედრის მიმართ იყო, გამართლდა. ეს იყო მხარდამჭერთა შეკრება, შუალედური კონფერენცია და იქ, ბუნებრივია, იქნებოდა ის სცენარი, რაც შემოგვთავაზეს ორგანიზატორებმა. ამიტომ, არ მგონია, რომ ვინმემ ვერ გაიგო რა დატვირთვა ჰქონდა შუალედურ კონფერენციას – ვინც ამ იდეას მხარს უჭერდა, ის ადამიანები გამოვიდოდნენ და თავიანთ განწყობებზე, ემოციებზე და გეგმებზე ისაუბრეს.

 

ჩემთვის იქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მათ შორის არც ის, რომ პოლიტიკური პარტიები არ მოვიდნენ. თუმცა, გაუგებარი დარჩა ერთი რამ - რატომ არ მოვიდნენ ისინი თუნდაც, სტუმრის სტატუსით და თუნდაც, ინტერესის გამო, რომ მოესმინათ იქ შეკრებილი ადამიანებისთვის. ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ მათგან მოვისმინეთ, ვფიქრობ, არ იყო დამაჯერებელი, განსაკუთრებით გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეიკრიბა და გააკეთეს ერთობლივი განცხადება ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თაობაზე. უკაცრავად, მაგრამ თუ ხელისუფლებასთან მიდიხარ თანამშრომლობაზე, საინიციატივო ჯგუფთან მისვლა და მათი მოსმენა არ შეიძლებოდა?

 

თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არ მივიდნენ პოლიტიკური პარტიები შეკრებაზე?

– თუ პირდაპირ და ღიად უნდა გიპასუხოთ, როგორც მიყვარს ხოლმე – ეს იყო კონკურენცია.

 

ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ?

– ეს გამოითქვა მათ მოსაზრებებში და არც დაუმალავთ. ეს იყო შიდაპოლიტიკური კონკურენცია, მე სხვაგვარად არც ის არგუმენტი მიმაჩნია გამართლებულად – „არ ვიცი და არ მივდივარ“, ან, ვინ მიიტანა პარტიაში მოსაწვევი, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღონისძიებაზე გიწვევენ? არც ის არის დამაჯერებელი – „ჩემი ორგანიზებული არაა და ამიტომ, არ მივდივარ“ – ჩვენ ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დავდივართ. ასე რომ, არცერთი არგუმენტი არ იყო წონადი და გულწრფელი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ.

 

თქვენ ან, ნინო ბურჯანაძის პარტია რატომ არ შეუერთდით იმ 8 პოლიტიკურ პარტიას?

– მე არ მივეკუთვნები პოლიტიკურ პარტიას, ამიტომ ამ ფორმატში ვერ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველ ეტაპზე, როცა „ეროვნული ფორუმი“ იწყებდა ხელმოწერებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, იმ განცხადებაზე მაქვს ხელი მოწერილი. მიმაჩნია, რომ იდეა კარგია, გარემო გასაუმჯობესებელია, მაგრამ იდეა დარჩება იდეად.

 

„სახალხო კრების“ ბრძოლის გზა როგორ წარმოგიდგენიათ?

– ეს არის ძალიან რთული და გრძელ დისტანციაზე დასანახი პროცესი. თავად იდეა – „სახალხი კრების“ მოწვევისა, მე ვფიქრობ, არის ლეგიტიმური სამართლებრივად და  გამართლებული პოლიტიკურად. თავისთავად, ხალხი არის ლეგიტიმაციის მატარებელი და, სადაც ხალხი იკრიბება და, თუ ეს თავყრილობა ფართო მასშტაბებს მოიცავს, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა საკითხზე. თუ რაიმეს აქვს დღეს ლეგიტიმაცია, თუ რაიმე იდეა შეიძლება იყოს მატარებელი ფართო სახალხო, ეროვნული მნიშვნელობის, ეს არის „სახალხო კრების“ იდეა.

 

კრება დაიგეგმა 25 ნოემბერს და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ თარიღი დასახელდა, რადგან თარიღის დასახელება თავისთავად ნიშნავს პოლიტიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი დღის გაჩენას. ანუ, ამ დღისადმი გარკვეული სწორება იქნება და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, ამას პროპაგანდას დაუპირისპირებს. ამიტომ, რა მეთოდებითაც საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს კრების მოწვევისთვის, ის უნდა იყოს ადეკვატური იმისა, რასაც ხელისუფლება დაუპირისპირებს კრებას.

 

თავისთავად, ამ იდეის მხარდამჭერ ადამიანებს აქვთ ლეგიტიმურობა, რომ იმოქმედონ ყველა დასაშვები მეთოდით. ხალხი არის ხელისუფლების წყარო და თუ ეს იდეა მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება, ასეთ შემთხვევაში, მასშტაბი ატარებს იმ ლეგიტიმაციას, რომ გამოიყენოს ყველა მეთოდი და ლეგიტიმური საშუალება (ეს იქნება მოლაპარაკება, ქუჩის საპროტესტო აქცია, შერეული ტიპის ღონისძიებათა კონფიგურაცია, თუ ნებისმიერი სხვა რამ) იმისთვის, რომ ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს. სწორედ ახლა, ისაა საინტერესო, რა არის ის დღის წესრიგი, რომლითაც „სახალხო კრება“  უნდა შეიკრიბოს, ეს ალბათ 2 თვის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

 

კრებამ უნდა შიძინოს მასშტაბები, მაგრამ თუ პოლიტიკური პარტიები ამაში არ ჩაერთვებიან, რომელთაც თავიანთი ელექტორატი ჰყავთ, შეძლებს კრება გახდეს საერთოეროვნული? ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებიდან პარტიების გამოთიშვამ გამოიწვია ის, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდა.

– ვეთანხმები აზრს, რომ ამ იდეის სათავეში უნდა იყოს არა პოლიტიკური სპექტრი, არამედ სახალხო გაერთიანებები, ჯგუფი, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრს. იმიტომ ჰქვია მას „სახალხო კრება“ და თუ მას სათავეში ჩაუდგება პოლიტიკური ჯგუფი, ის ნაკლებად შეიძლება ატარებდეს საერთო სახალხო მასშტაბს და ხასიათს. ამიტომ, როცა პარტიებმა მომლოდინე პოზიცია აირჩიეს ეს არ არის ცუდი, ეს არის სწორი ტაქტიკა, მითუმეტეს, თუ ეს არის მიზეზი, რომ მათ ხელი არ შეუშალონ კრებას (და არა კონკურენცია). ამიტომ, თუ ისინი შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროცესში, როგორც ხალხის გადაწყვეტილების აღმსრულებლები, ეს იქნება სრული და ჰარმონიული შერწყმა, ეს იქნება ერთიანი პოლიტიკური პროცესი.

 

ვთვლი, რომ პროცესი დაიწყო სწორად და კრება მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. ის საფრთხე, რომ თუ პარტიები არ ჩაერთვებიან, ამით შეიძლება მასშტაბი ვერ შეიძინოს კრებამ, შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ თუ იდეა იქნება მოწონებული ხალხის მიერ, გარწმუნებთ, ის ხალხი გაცილებით მეტია, ვინც პოლიტიკური პარტიების წევრები და ამომრჩევლები არ არიან, ვიდრე ის რესურსი, რომელიც დღეს პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ. ამიტომ, მოდით ვაცადოთ საინიციატივო ჯგუფს, ვნახოთ რა მასშტაბს შეიძენს ეს იდეა. თუმცა, ამავე დროს, პროცესს უნდა მიხმარება და თუ არ ხარ ჩასაფრებულის პოზიციაში და პროცესს რბოლას არ დაამსგავსებ – ვინ ვის გადაასწრებს, – ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება ჯანსაღი პროცესი.

 

ნინო ბურჯანაძე და კრების საინიციატივო ჯგუფი არ აპირებს ელოდოს 2012–13 წლის არჩევნებს, მაგრამ, თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური პარტიები არიან თუ არა მზად ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომ სერიოზულ შედეგს მიაღწიონ?

– თუ გავითვალისწინებთ ბოლო სამი წლის პოლიტიკურ კალენდარს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე ეტაპზე, ეს იქნება ადრეული გაზაფხული თუ შემოდგომის მიწურული, მოულოდნელად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თავად მიიღოს ხელისუფლებამ იმ ვითარებაში, როდესაც აქვს სასტარტოდ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს. იმ ძალიან რთულ პირობებში, როცა ქვეყანაში მასიური ტერორი მიმდინარეობს – ბიზნესის დაწიოკება, მასიური დაპატიმრებები, სასამართლოს არარსებობა, მედიის პრობლემები, ძნელად წარმოსადგენია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ და საბოლოოდ, დოკუმენტალურად მოიპოვონ გამარჯვება. ამიტომ არსებობს გარკვეული ნიჰილიზმი არჩევნებისადმი.

 

მაგრამ, თუ საკითხი დგას კრების მიერ, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ხელისუფლების მმართველი გუნდი იცვლება და ამის შემდეგ ინიშნება არჩევნები. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პირველი პირი და მას უფლებაც არ ექნება იყაროს კენჭი საპრეზიდენტო კანდიდატად.

 

მაგრამ თუ ვსაუბრობთ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, ეს გაცილებით რთულია და დღეს ასეთი მოთხოვნა არ უნდა დადგეს, ვიდრე არ შეიცვლება ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმი და გარემო. თუმცა წინასწარ რაიმე რეცეპტი არ უნდა მივაწოდოთ სახალხო კრებას, ძალიან საინტერესო პროცესი მიდის და ამ პროცესს დავაკვირდეთ. 25 ნოემბერს დიდი თავყრილობა უნდა გაიმართოს და ამ დღეს უნდა იყოს გამოტანილი ძირითადი მოთხოვნები. დღეს ქვეყანში იმდენად ფეთქებადსაშიში ვითარებაა და სოციალური ფონი იმდენად დამძიმებულია, მე არ გამოვრიცხავ პროცესები უფრო სწრაფად და ალოგიკურად წარიმართოს, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

 

სოსო ცინცაძემ განაცხადა, რომ შეკრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე ებრალიძის მხარდამჭერები, რითაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა, ამ პროცესში რუსული ფული გამოჩნდეს, რაც კატასტროფით დასრულდება „სახალხო კრებისთვის“...

– ბატონ ცინცაძეს განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. იგი ყოველთვის იმ კონტექსტიდან საუბრობს რა ინტერესებიც ამოძრავებს, ვისაც ის ემსახურება, იმ განწყობებს ახმოვანებს ხშირად და ამიტომ, მისი განცხადებები არ იწვევს სანდოობას და არ მიმაჩნია მის გამონათქვამებზე კომენტარების გაკეთება საჭიროდ.

 

თუმცა კრებას სჭირდება სერიოზული ფინანსები, კრებას ყავს თუ არა უკვე დონორები და ვინ არიან ის ადამიანები ვისზეც საუბრობდა ნინო ბურჯანაძე?

– ნებისმიერ პროცესს სჭირდება ფინანსები, მით უმეტეს, ასეთ ფართომასშტაბიან პროცესს. არ მაქვს ინფორმაცია რა წყაროები შეიძლება იყოს მოძიებული, თუმცა იმ შემთხვევაში, როგორც კი გავხდები ამ პროცესის მონაწილე, ბუნებრივია ამ კითხვას დავსვამ და პასუხსაც მივიღებ. ალბათ, საინიციატივო ჯგუფს უნდა ჰქონდეს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, ამ კრებისთვის ფინანსური რესურსი უნდა იყოს საქართველოში. ბიზნესი, რომელიც ხარკს უხდის დღეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ უბრალოდ არსებობდეს, ალბათ, უმჯობესი იქნება ამ იდეისკენ მოიხედოს და მას მიეხმაროს. თუ ეს მოხდება, ვფიქრობ ეს იქნება ძალან კარგი. ისე, ყავლგასულია განცხადებები და პროპაგანდა რუსული ფულის ირგვლივ.

 

გამორიცხავთ ამ პროცესში რუსული ფულის გამოჩენას?

– გამოვრიცხავ იმდენად, რომ 3 წელია მესმის ასეთი განცხადებები და 3 წლის განმავლობაში, ამის დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება ვერ ვნახეთ. ხელისუფლება მუდმივად ერთი და იგივე პროპაგანდას წარუმარტებლად იყენებს და არ მგონია, ეს დამაჯერებელი იყოს საზოგადოებისთვის.

 

პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი მოქმედებენ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რათა ქვეყანაში ჩაკლან პოლიტიკური პროცესები. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა?

– მე არ მინდა აუგი ვთქვა ადამიანზე, რომელსაც ვიცავდი.

 

ეს ნიშნავს, რომ აუგის სათქმელად გაქვთ რაიმე საფუძველი?

– არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.