ნაპოლეონი კავკასიელია, - ასეთ დასკვნამდე მივიდა ფრანგი გენეტიკოსი ჟერარ ლუკოტი ბონაპარტთა შთამომავლების დნმ-ის გამოკვლევის შემდეგ. მეცნიერმა გამოკვლევა თავდაპირველად მუზეუმში დაცულ იმპერატორის თმის კულულზე ჩაატარა. თუმცა მისმა სენსაციურმა კვლევამ ნიჰილისტებში იმთავითვე ეჭვი გამოიწვია, რადგან მეცნიერი ლაბორატორიაში მარტოდმარტო მუშაობდა.
ფრანგი მეცნიერები მაინც აპირებენ სხვა ლაბორატორიებში გადაამოწმონ ჟერარ ლუკოტის კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის პერიოდში მეცნიერს იმპერატორის ძმის, ჟერომ ბონაპარტის შთამომავალი, 60 წლის შარლ ნაპოლეონი დაუკავშირდა და საკვლევ მასალად საკუთარი დნმ-ი შესთავაზა. მისი „იგრეკ-ქრომოსომები“ კი სახელოვანი წინაპრის მონაცემების იდენტური აღმოჩნდა, რითაც ლუკოტმა დაამტკიცა, რომ შარლი ნამდვილად ნაპოლეონის შთამომავალი იყო.
თუ ჟერარ ლუკოტის კვლევა დადასტურდება, ამიერიდან ფრანგებს ისტორიის ახლებურად დაწერა მოუწევთ. ისტორიკოსებში გავრცელებული შეხედულება, თითქოს ნაპოლეონის არაბი წინაპრები იტალიაში ისლამის გასავრცელებლად ჩავიდნენ, უკვე კავკასიაზე გადამისამართდება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაპოლეონის ჰაპლოჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. „ჰაპლოჯგუფი უფრო დიდი სიზუსტით განვსაზღვრეთ და აღმოჩნდა, რომ ნაპოლეონი არა არაბი, არამედ კავკასიელი იყო“, - აცხადებს ფრანგი გენეტიკოსი, რომლის თანახმად, ნაპოლეონის ჰაპლოჯგუფი კავკასიელი ხალხის გენოტიპს უფრო ენათესავება.
რა თქმა უნდა, ნაპოლეონის კავკასიური წარმომავლობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ საქართველოსა და ნაპოლეონის სახელები რომ ერთმანეთთან განუყოფელი იყო, ამას დადიანების მუზემში დაცული ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომი ნიღბის არსებობაც ადასტურებს. ასეთი ნიღაბი მსოფლიოში მხოლოდ სამია. ცნობილია, რომ პირადმა ექიმმა გარდაცვლილი ნაპოლეონის სახიდან აიღო ნიღაბი. ნაპოლეონის ნიღაბი დადიანის სასახლეში კი სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა, რომელიც ნაპოლეონის დისშვილზე, აშილ მიურატზე იყო დაქორწინებული.
საინტერესოა, რომ კავკასიელებით თავად ნაპოლეონიც აღფრთოვანებული იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ განსაკუთრებით პეტრე ბაგრატიონის სიმამაცეს აფასებდა. „რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს – ესაა ბაგრატიონი“, - ასე შემორჩა ნაპოლეონის ნათქვამი ბაგრატიონის შესახებ.
ბაგრატიონის გარდა, თავის ნაშრომში ნაპოლეონი დაწვრილებით აღწერს ეგვიპტის ისტორიას და მამელუქთა შესახებაც საკმაოდ ბევრ ცნობას იძლევა. იგი ყოველთვის პატივისცემით წერს მათზე და ხაზს უსვამს მამლუქთა სიმამაცესა და სამხედრო სიქველეს. ბონაპარტმა იცოდა, რომ მამლუქთა უმრავლესობა ქრისტიანებად იბადებოდნენ, მათ საქართველოდან და კავკასიიდან ადრეულ ასაკში იტაცებდნენ, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში მიჰყავდათ და ეგვიპტეში ჰყიდდნენ.
ისიც ცნობილია, რომ ნაპოლეონის სიცოცხლე პირადმა მცველმა, წარმოშობით ქართველმა რუსტამ რაზმაძემ იხსნა, რომელიც ეგვიპტეში ლაშქრობის შემდეგ ნაპოლეონს გაჰყვა და ამის შემდეგ მუდამ თან ახლდა. რუსტამი ნაპოლეონისა და, საერთოდ, ყველას თვალში დიდი გავლენით სარგებლობდა და ნდობაც ჰქონდა მოპოვებული, რადგან ერთხელ რუსტამმა ნაპოლეონი შეთქმულთაგან სიკვდილს გადაარჩინა და იმპერატორსა და მტრის მოქნეულ ხმალს შორის ჩადგა. მადლიერი იმპერატორი რუსტამ რაზმაძის დანიშვნას საფრანგეთის პოლიციის მინისტრადაც აპირებდა. წმინდა ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებისას კი საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მდიდრულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილმა რუსტამმა, რომელიც იმპერატორის მიმართ უკანასკნელი ვალის მოსახდელად მისულიყო.
1798 წელს ნაპოლეონმა ეგვიპტე აიღო და პირველად ნახა მამლუქების თავგანწირული ბრძოლა. შემდეგ კი, როცა ბრძოლის ველზე მამლუქებისგან აჩეხილი ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალა, სარდლებს უბრძანა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, მამლუქები გადაებირებინათ. მაშინ ეგვიპტის სულთნები ქართველების დახოცვას აპირებდნენ, რადგან ქართველების ეშინოდათ. ასეთ მძიმე სიტუაციაში ფრანგმა იმპერატორმა 500 მამლუქის გულის მოგება მოახერხა.
„ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი!“ - ამხნევებდა ნაპოლეონი ფრანგ ჯარისკაცებს. თუმცა ჯარისკაცების ღირსეული სიკვდილის მიუხედავადაც, ნაპოლეონმა რუსეთის დამარცხება ვერ შეძლო.
„შეუძლებელია, შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი (რუსეთი), რომელსაც ვერ შეუტიეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკვდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითიური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?“
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიკა ლორთიფანიძე Presage.tv-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ ნაპოლეონის სავარაუდო კავკასიური წარმომავლობის შესახებ პირველად ესმის.
რაც შეეხება საფრანგეთის იმპერატორის მიერ ქართველი მამლუქების დაახლოებას, ამ ინფორმაციას მარიკა ლორთქიფანიძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ რუსტამ რაზმაძის შესახებ განსხვავებული ვერსიებია:
„რუსტამის შესახებაც სხვადასხვა აზრებია. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ იგი ქართველი ყოფილა, ზოგიერთი წყაროს თანახმად კი, - სომეხი. ისე კი, სურათებით რაც მინახავს, ნაპოლეონის გარეგნობა კავკასიურს არ ჰგავს“, - აცხადებს მარიკა ლორთქიფანიძე.
კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორს, რევაზ აბაშიას ნაპოლეონის კავკასიური წარმომავლობის შესახებ ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს. თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრანგი მეცნიერის ანალიზი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან იგი მეცნიერული მეთოდის დაცვით არის ჩატარებული.
„მიკერძოებად თუ არ ჩამეთვლება, პირადად მე, როგორც ქართველი, ამ ანალიზის გარეშეც არ გამოვრიცხავ, რომ ნაპოლეონის წინაპრები წარმოშობით ქართველები ყოფილიყვნენ. კორსიკაში, სადაც ნაპოლეონი დაიბადა, ისეთ ხალხურ სიმღერებს მღერიან, რომ ზოგჯერ ვერ არჩევენ, ქართული ხალხური სიმღერებია თუ იქაური რიტმებია, იმდენად ჰგავს ერთმანეთს ეს სიმღერები. ამ სამყაროსთან ჩვენი წინაპრები დაკავშირებულნი რომ იყვნენ, ეს ისტორიიდანაც ცნობილი გახლდათ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ცალსახად ვერ მივიღებ“, - აცხადებს რევაზ აბაშია.
რაც შეეხება ნაპოლეონის გარეგნობას, შეიძლება, მას ტიპიური ქართული სახე არ ჰქონდეს, მაგრამ რევაზ აბაშიას თქმით, ცოტა ახალგაზრდულ ფოტოებზე უფრო კარგად ჩანს, რომ კავკასიურ გარეგნობასთან მსგავსება, შესაძლოა, რეალური იყოს, ვიდრე უფრო გვიანდელ ფოტოებზე.
ასეთი აღმოჩენა რას შეცვლის საფრანგეთისა და საქართველოს ისტორიისთვის? ამის შესახებ რევაზ აბაშიას თავისებური შეხედულება აქვს: „ალბათ ფსიქოლოგიურად ამას გარკვეული დადებითი გავლენა ექნება ფრანგებზე ჩვენს მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი ქართველი წარმომავლობით ფრანგი რომ იყოს, შინაგანად რაღაცნაირად კეთილგანწყობა გაგვიჩნდება ფრანგების მიმართ. ასე იქნებიან ფრანგებიც ჩვენს მიმართ და დადასტურების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის კარგი იქნება“.
ნაპოლეონის დადებითი დამოკიდებულება მამლუქებთან და ფრანგი მეცნიერის ანალიზი, მისი უჯრედების მიხედვით ნაპოლეონის წარმომავლობის შესახებ, _ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნაპოლეონის კავკასიური წარმომავლობა დადებითად უნდა გადაწყდეს“, - მიიჩნევს მეცნიერი.
„მას თავიდანვე ჰქონდა კავკასიელებისა და ქართველების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, მით უმეტეს, მამლუქების მიმართ. ეს რეალური ჩანს, მით უფრო, ქართველი მამლუქები არაბულ სამყაროში ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ. ამქვეყნად არაფერი გამოირიცხება. როგორც ვიცი, თავად ნაპოლეონის ძმის შთამომავალმა მხარი დაუჭირა ამ კვლევის გაგრძელებას. კავკასიური გარეგნობა მაინცდამაინც ქართველს არ ნიშნავს. არსებობს კავკასოიდური ტიპი, ჩვენ, კავკასიელები, დიდად არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ამას ბევრი ცნობილი ანთროპოლოგი ამბობს საზღვარგარეთაც. კავკასოიდური ტიპი წარმომავლობით ერთი გენი, ერთი ჯიშია და ამ მიმართებითაც, ბუნებრივია, ნაპოლეონის მარტო ქართველობაზე კი არა, კავკასიურობაზეც დაიწყება საუბარი“, - გვითხრა რევაზ აბაშიამ.
მისი თქმით, არებობს სხვადასხვა მეცნიერული თეორია, რომლის თანახმად, ნაპოლეონის წინაპრების დასავლეთში მოხვედრამდეც, ბევრად უფრო ადრე, ჩვენი წინაპრების ნაწილი დასავლეთისკენ დაიძრა. ამას ბასკური თეორიაც ადასტურებს.
„გადმოცემის თანახმად, კავკასიაში მიწისძვრა მოხდა, ამიტომაც ხალხის ნაკადი დასავლეთისკენ დაიძრა და დღევანდელი ესპანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ. მათი შთამომავლები არიან ბასკები. ასე შორს თუ წავიდნენ ჩვენი წინაპრები, არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნას იმ აზრს, რომ ბევრად უფრო ახლოს, იტალიისა და საფრანგეთის ნაპირებთანაც მოხვედებოდნენ. მით უმეტეს, ხმელთაშუა ზღვის სამყარო, სადაც ნაპოლეონის სამშობლო - კორსიკა მდებარეობს, ზუსტად ის რეგიონია, რომელზეც ჯერ კიდევ ნიკო მარი, ცნობილი მეცნიერი, ამბობდა, რომ ეს არის იაფეტიდების ანუ კავკასიელთა და ქართველთა წინაპრების სამშობლო“, - აცხადებს რევაზ აბაშია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის ავტორი ლალი დათეშიძე Presage. tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ტერმინი „კავკასოიდური რასა“ პირველად შემოიტანა გერმანელმა ანთროპოლოგმა _ იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა და მასში ევროპის მაცხოვრებლებს, ევროპეიდულ რასას გულისხმობდა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ამ რასაში, ასევე, მოიაზრებოდა სამხრეთ აზიისა და ჩრდილო, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის თეთრკანიანი მაცხოვრებლებიც.
„საინტერესოა, რომ ბლუმენბახი თვლიდა - კავკასია ეს იყო თეთრი რასის აკვანი. აქ დაიბადა თეთრი რასა. მეცნიერი მიიჩნევდა, რომ თეთრი რასის ყველაზე სუფთა ტიპები ცხოვრობდნენ კავკასოიდური რასის ქვეშ. ბლუმენბახი თავის ქალების კოლექციას ფლობდა და ამ მონაცემების მიხედვით, აკეთებდა თავის დასკვნებს. მას აქვს ასეთი ჩანაწერიც, მე შესასწავლად შევჩერდი მთის კავკასიურ ტიპებზე, რადგან მისი სამხრეთული შტო ქმნის ადამიანთა ყველაზე ლამაზ რასას. ამ რასის ქვეშ მე ვგულისხმობ, უპირველესად, ქართველებსო. არიულ რასად მიიჩნევდა, თუკი შეიძლება ასე ითქვას, რასაც თავის ქალის ყველა ფიზიოლოგიური ნიშანი ადასტურებსო“, - აცხადებს ლალი დათეშიძე.
მისივე თქმით, ბლუმენბახი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ კავკასია ეს არის კაცობრიობის დაბადების ადგილი და ამ რასის ნიშნებსაც აღწერდა: სახის დამახასიათებელი ნიშნები - გამოხატული თმიანობა, სწორი ან დახვეული თმა, ძირითადად რბილი თმის ტიპი, ასევე, ფართო თვალის ჭრილი, გამოხატული ჭრილით, მკვეთრად გამოხატული მსხვილი ცხვირი. ასევე, გერმანელი ანთროპოლოგი ყურადღებას ამახვილებს მსხვილ ტუჩებზეც, წვერ-ულვაშზე, ფართო ტერფებსა და ხელის მტევნებზე, თვალის ფერი - ღია ფერიდან მუქ ფერამდე სხვადასხვა პოპულაციის მიხედვით.
ამასთან, ნაპოლეონის წინაპრების კავკასიურ წარმომავლობას ლალი დათეშიძე არ გამორიცხავს.
„თუკი, ბლუმენბახის მიხედვით, თეთრი რასის აკვანია კავკასია და საქართველო და შემდეგ აქედან გავრცელდა ყველა თეთრი რასა (გარდა ფინელების, ლაფლანდიელების, თურქების, მადიარების (უნგრელების) და სხვა), გამორიცხული არ არის, ამ თეორიაში ნაპოლეონიც მოიაზრებოდეს. თვითონ კავკასოიდურ რასაში არის ორი უფრო თეთრი ქვე-რასა და ორი უფრო შავგრემანი რასა. ჩვენ უფრო სამხრეთული ტიპის ვართ და თეთრ რასას განვეკუთვნებით, საიდანაც ევროპული (ხმელთაშუა ზღვის რასადაც მოიხსენიებენ) რასა გავრცელდა, საიდანაც მოხდა მერე ფრანგების, იტალიელების განვითარების დონის შეცვლა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ნაპოლეონის წარმომავლობაც კავკასიური, ქართული იყოს“, - აცხადებს ლალი დათეშიძე.
კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძე აღნიშნავს, რომ კავკასიაში არსებულ ანთროპოლოგიურ ტიპებს შორის (მათ შორის, კასპიური ტიპი, კოლხური ტიპი, კავკასიონური ტიპი) ნაპოლეონი კავკასიონურ ტიპს ეკუთვნის.
„გარეგნული მონაცემებით, ნაპოლეონი ნამდვილად არის კავკასიური ტიპი და ეს არც მეეჭვება. მაგრამ როგორც ვიცით, ამის შემოწმება დნმ-ის ანალიზით მოხდა“.
ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კვლევის გაცნობამდე რთულია ნაპოლეონის კავკასიურ წარმომავლობაზე საუბარი.
„კავკასიური გარეგნობა - ეს ტერმინი მე-18 საუკუნიდანაა და თეთრი რასის აღმნიშვნელია. თეთრი რასა მარტო ქართველ ერს არ მოიცავს. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ინგლისელიც და გერმანელიც, ყველა ის, ვინც თეთრია“, -აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.
2772
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85