ვერც “ნაბუკო” და ვერც “სამხრეთ ნაკადი?!

ვერც “ნაბუკო” და ვერც “სამხრეთ ნაკადი?!


ოკეანისგაღმა ევროპული გაზსადენის პროექტებს საკმაოდ ალმაცერად უყურებენ. “ნაბუკოზე” ეჭვი კარგა ხანია მიიტანეს, მაგრამ ახლა რუსული პროექტიც კრიტიკის საგანი გახდა.

აშშ-ს “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობის მიზნებში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ კიევში მიმდინარე კონფერენციაზე ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ მორნინგსტარმა განაცხადა. მისი თქმით, თუ რატომ შენდება აღნიშნული გაზსადენი “ცნობილია მხოლოდ ჩვენი რუსი მეგობრებისთვის”.

ამასთან, მორნინგსტარი ეჭვობს, რომ შესაძლებელი გახდება მეორე მსხვილი პროექტის - “ნაბუკოს” რეალიზაცია. მისი თქმით, მსხვილმასშტაბიანი პროექტის მშენებლობას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მილის გაზით შევსების პრობლემა შეიქმნას.

“სამხრეთ ნაკადი” რუსეთისა და იტალიის ერთობლივი პროექტია. გაზსადენის სავარაუდო ღირებულება 10 მლრდ ევროს შეადგენს. მილი რუსეთის შავი ზღვის სანაპიროდან ბულგარეთის ნაპირამდე ზღვის ფსკერზე გაივლის, შემდეგ ხმელეთზე გადაკვეთს ბულგარეთსა და საბერძნეთს, შემდეგ კი ადრიატიკის ფსკერის გავლით იტალიის სამხრეთ ნაპირებამდე მიაღწევს.

“ნაბუკოს” გაზსადენი კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით უნდა აშენდეს. “ნაბუკოს” კონსორციუმის ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება - 2017 წელს. თურქული წყაროების მიხედვით, გაზსადენის საპროექტო საინვესტიციო ღირებულება 12-15 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ნაცვლად ადრე დასახელებული 7,9 მლრდ აშშ დოლარისა.

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ “ნაბუკოს” პროექტის რეალიზაციით საქართველო ევროპისათვისაც მნიშვნელოვან მოთამაშედ გადაიქცევა. თუმცა, ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს, ამიტომაც საქართველო ფუნქციონალური თვალსაზრისით საკმაო დანაკარგს განიცდის.

“იმ შემთხვევაში თუ “ნაბუკოს” პროექტის არ განხორციელდება საქართველოს დანაკარგი ექნება ფუნქციონალური თვალსზრისით, რადგან ჩვენ ეს პროექტი ძირითად გვაძლევს რეგიონულ-პოლიტიკურ დატვირთვას, რის შედეგადაც საინტერესო ვხდებით დანარჩენი სამყაროსთვის. ცხადია, ამ თვალსაზრისით დანაკარგები იქნება საკმაოდ სერიოზული.  
რაც შეეხება ამ პროექტის ეკონომიკურ მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ “ნაბუკოს” მასშტაბები ჯერჯერობით გარკვეული არ არის, დანაკარგები სახელმწიფოებრივი გაგებით იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნება. ვიმეორებ, აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ საქართველოს, როგორც საკვანძო მონაწილის როლს აღმოსავლეთიდან დასავლეთის ბაზარზე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პროექტის ეკონომიკური მხარე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

“ქართული მხარე ამ თამაშში საერთოდ არ მონაწილეობს და ამ პროექტში ჩვენ როლის შესახებ შეფასებებს ძალიან ვაჭარბებთ. ჩვენ ვართ პასიური მოთამაშეები, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესები, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ქართული მხარე აქტიური მოთამაშეა.  

თუ “ნაბუკო” განხორციელდება, ჩვენ გაგვიხარდება, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება”, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ “ნაბუკოს” პროექტის განხორციელებას საქართველოსთვის ეკონომიკურ ფაქტორებზე მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.