მოსახლეობას ურჩევნია დაზღვევაზე უარი თქვას

მოსახლეობას ურჩევნია დაზღვევაზე უარი თქვას

საქართველოში ნორმალური სადაზღვევო მომსახურების მიღება ჯერ კიდევ შეუძლებელია. სახელმწიფო თუ კერძო პირები სადაზღვევო პოლისებში უამრავ თანხას იხდიან, თუმცა ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ როდესაც მათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა დასჭირდებათ, თურმე სადაზღვევო პოლისში არ შედის. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტების დეტალური განმარტება არ ხდება, რითაც სადაზღევო კომპანიები სარგებლობენ. გარდა ამისა დაფინანსების მისაღებად იმდენად ხანგრძლივი და რთული პროცედურებია გასავლელი, რომ ბევრს ურჩევნია, დაზღვევაზე საერთოდ უარი თქვას.

 

მთავრობაში ხშირად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის პრობლემების გადაჭრა მოსახლეობას დაზღვევის კულტურის ამაღლებით შეუძლიათ. თუმცა, ხელისუფლებაში არავინ საუბრობს იმ ფაქტებზე, რა ნერვების ფასად უჯდებათ დაზღვეულებს დამზღვევლებთან ურთიერთობა.

 

ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სადაზღვევო სისტემა დღემდე მოუგვარებელია, დასახვეწია კანონმდებლობა, დაზღვეული ვერ ერკვევა საკუთარ უფლებებში, რომლის გამოც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად სადაზღვევო კომპანიები სარგებლობენ. ისე იყიდება, სადაზღვევო პროდუქტები, განსაკუთრებით სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, რომ მოსახლეობა საკუთარი სადაზღვევო უფლებების შესახებ ინფორმირებული არ არის.

 

„საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის“კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 58,6% სადაზღვევო კომპანიებს არ ენდობა. 49,1% - არ სჯერა, რომ სადაზღვევო კომპანია გადაუხდის ანაზღაურებას, 23,7% - არ აქვს არავითარი ფინანსური საშუალება, 19,4% - არ იცის რისი დაზღვევა შეუძლია, რა რისკებისაგან და რა ფასად.  13,7% ურჩევნია დანაზოგის გადანახვა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება, 5,1% - დარწმუნებულია, რომ არავითარ ზარალს არ მიიღებს, 5,1% - ოჯახის ყველა წევრის დაზღვევის საშუალება არ აქვს.

 

„აცალო ბაზარი, ფაქტობრივად, აუთვისებელია და მისი განვითარება უფრო საკანონმდებლო, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზეა დამოკიდებული, ვიდრე ერთი კომპანიის მარკეტინგულ ძალისხმევაზე: სადაზღვევო ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები, დაზღვეულთა უფლებების დაუცველობის საფრთხე, დაბალი სადაზღვევო კულტურა და უფულობა - ინდივიდუალური დაზღვევის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზებია“ - აღნიშნავენ საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში.

 

სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევის გაყიდვებით მიღებული ემოსავლები ყოველწლიურად იზრდება.  ექსპერტების განცხადებით, ზრდის ასეთ დინამიკის თანმხლები საფრთხეებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დაზღვეულთა უფლებების შელახვისა და დაზღვეულთა მიერ, საკუთარი უფლებების დაუცველობის საფრთხე.

 

ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, ასეთი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში ათეულობით ათასობით განისაზღვრება. ხოლო, სხვადასხვა სიმძიმის დაზღვეულის კანონიერი სადაზღვევო უფლების ნებით თუ უნიბლიედ შელახვის ან არგამოყენებისას პრობლემის გადაწყვეტა ერთი ადამიანის ძალისხმევას აღემატება და ეს საზოგადოების საზრუნავი ხდება.

 

პრობლემის გავლენას თითოეულ დაზღვეულზე კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისული ეკონომიკური და სოციალური გარემო. სწორედ ეს განასხვავებს სამედიცინო დაზღვევას სხვა კომერციული დაზღვევისაგან თავისი სოციალური დატვირთვით.

კალანდაძის თქმით, პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სადაზღვევო ურთიერთობებში პროფესიონალია მხოლოდ სადაზღვევო კომპანია, რომელმაც შეიძლება არასათანადო ყურადღება მიაქციოს დაზღვეულთა სერვისის დონეს, ხოლო დაზღვეულს არყოფნის კომპეტენცია საკუთარი უფლებების მტკიცედ, პრინციპულად და გონივრულად დაცვისათვის.

 

„პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა სახით გამოიხატოს, ძირითადად, ესენია: პრობლემა - გამოწვეული სადაზღვევო ორგანიზაციების მიზეზით, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის დაგვიანება, მის გაცემაზე უარის განცხადება უსაფუძვლოდ. ასევე პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს დაზღვეულის მიზეზითაც, რაც გამოიხატება დოკუმენტაციის წარდგენის დაგვიანებაში, არასრული დოკუმენტაციის წარდგენაში, საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების არცოდნა. ამის გადაჭრის ერთ-ერთი ქმედითი გზა სწორედ დაზღვეულთა ხარისხიანი საინფორმაციო უზრუნველყოფაა“, - ამბობს ლევან კალანდაძე.

 

აღსანიშნავია, რომ დაზღვეულთა დიდმა ნაწილმა არ იცის სადაზღვევო ხელშეკრულებით და კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებები და მოვალეობები, პროცედურული საკითხები, ამასთანავე საკუთარი უფლებების დაცვის გზები. უცოდინრობის გამო, შეიძლება დაზღვეულმა საკუთარი უფლებები ვერ დაიცვას ან კომპანიებს დაუსაბუთებელი, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პრეტენზიები წარუდგინოს.

 

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი სადაზღვევო კომპანიასთან ისე აფორმებს ხელშეკრულებას, რომ არ იცნობს რა სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე დაზღვევის პირობებს, სადაზღვევო ხელშეკულებით ან დაზღვევის პირობებით განსაზღვრულ სადაზღვევო დაფარვებს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს განსახორციელებელ სათანადო პროცედურებს.

 

არც ის არის, გამორიცხული, რომ პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ან ექიმის მიერ არაკეთილსინდისიერი გზით მოხდეს სადაზღვევო შემთხვევის კლასიფიკაციის ხელოვნურად შეცვლა სადაზღვევო კომპანიისათვის „დამძიმების“ მიმართულებით.

 

ასე რომ, მოსახლეობის დაზღვევის შესახებ სათანადოდ ინფორმირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. უფრო მეტიც, ბაზარზე „სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის“ პროდუქტი ისე გამოვიდა, რომ პროდუქტის ბაზარზე შემოტანისა და გაყიდვების არცერთ ეტაპზე აქცენტი არ გაკეთებულა დაზღვეულთათვის სადაზღვევო პროდუქტის, დაფარვების, უფლება-მოვალეობების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირველივე დაბრკოლებისთანავე პოლისის არსებობის შემთხვევაშიც კი სამედიცინო ხარჯებს თვითონ ანაზღაურებს.

 

გარდა ამისა, პროექტისა და სამედიცინო დაზღვევის პროდუქტის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიის დროს არ გამახვილებულა ყურადღება პროდუქტის დაფარვებსა და გამონაკლისებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეულთა მოლოდინებისა და რეალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი უარყოფითი განსხვავება.

 

არსებობს კიდევ მეორე პრობლემა სადაზღვევო პროდუქტების სიძვირე, სადაზღვევო სფეროს ექსპერტის თამარ ცინციბაძის თქმით, საქართველოში დაზღვევა ძვირია და უბრალო მოქალაქეებისათვის ხელმისაწმდომი არაა. მისივე თქმით, სადაზღვევო პროდუქტების სიძვირეს ის მოქალაქეებიც უჩივიან, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტით სარგებლობენ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, მოსახლეობისათვის იაფი დაზღვევაც კი ძვირია.