თეთრი სტიქია საქართველოს და თურქეთს ერთდროულად უტევს

თეთრი სტიქია საქართველოს და თურქეთს ერთდროულად უტევს


ნახევარი ზამთრის უნალექოდ გატარების შემდეგ, საქართველოში ერთბაშად ისეთი თოვლი მოვიდა, რომ სტიქიასთან გამკლავება თანდათან შეუძლებელი ხდება. თუმცა, უამინდობა მხოლოდ საქართველოს არ დასტყდომია თავს. გაცილებით რთული ვითარებაა მეზობელ თურქეთში, სადაც დიდთოვლობას უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამინდის თაობაზე დამაიმედებელი პროგნოზი ჯერჯერობით ვერ კეთდება. 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ასევე ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. 

ეს რაც შეეხებოდა ცენტრალურ გზებს, მაგრამ მაღალმთიან რეგიონებში გაცილებით რთული ვითარებაა. თუშეთში ორი დღეა თოვს. სოფელ ომალოში თოვლის საფარის სიმაღლემ თითქმის 1 მეტრს მიაღწია. ანალოგიური მდგომარეობაა დიკლოში, შენაქოსა და დართლოშიც.

“ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის ამბროლაურსა და მესტიაში თოვს. ასევე თოვს აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც - ბოლნისში, თელავში, ჯვარსა და გუდაურში, დედაქალაქ თბილისშიც”, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრში. მართალია, რომ 21 იანვრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს, თუმცა ყინვები დაიწყება, რის შედეგადაც ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. ასე რომ, სახარბიელო პროგნოზი ვერ კეთდება.

აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანეთში თოვლის საფარი 140-150 სანტიმეტრია, სადაც სოფლებამდე მისასვლელი გზები სპეციალური ტექნიკით იწმინდება, მაგრამ სტიქიასთან ვერაფერს ხდებიან. ხულოს რაიონის გამგებლის თემურ ბოლქვაძის ცნობით, გზები უკვე მოიყინა და გადაადგილება 2-3 ხიდიან მანქანებსაც კი უჭირთ. რაიონის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 140 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ბოლქვაძის თქმით, 4 სოფელში ელექტროენერგია გათიშულია. უამინდობის გამო სარებილიტაციო სამუშაოები დიდი შეფერხებით მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოში თოვლი და უამინდობა 21 იანვრამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -6 გრადუსია ნავარაუდევი, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -3-4 გრადუსი, მთაში - -10-12, ხოლო მაღალმთაში - -16-18 გრადუსი. 

თუმცა, უამინდობა მხოლოდ საქართველოს არ დასტყდომია თავს. გაცილებით რთული ვითარებაა მეზობელ თურქეთში, სადაც დიდთოვლობას უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო ერთ-ერთ პროვინციაში სავაჭრო ცენტრის სახურავი ჩამოინგრა. დაღუპულების გარდა, დაშავებულია 20 ადამიანი.  

ქვეყანაში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. პროვინციების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სავარაუდოა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჰაერის მასები საქართველოსკენ გადმოინაცვლებს და უამინდობა ჩვენთან კიდევ გახანგრძლივდება. ასე რომ, საქართველოს საგანგებო სამსახურებს მართლაც საგანგებო რეჟიმში მოუწევთ ზამთრის დღეების გატარება.