მსხვილი ტერორიდან წვრილ-წვრილ დაპატიმრებამდე

მსხვილი ტერორიდან წვრილ-წვრილ დაპატიმრებამდე

ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დაყაჩაღებას ბოლო არ უჩანს. თუ აქამდე ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს ამოფარებულები ფულს მხოლოდ მსხვილი ბიზნესისგან იღებდნენ და ტერორსაც სწორედ მათ მიმართ ახორციელებდნენ, დღეს უკვე მთელი ძალით წვრილ ბიზნესს შეუტიეს. შეუტიეს და თანაც როგორ, ერთი დღის განმავლობაში „პასაჟსა“ და „კიდობანში“ ათეულობით მაღაზია დახურეს და 170 წვრილი მეწარმე დააკავეს, მიზეზად კი საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბება დაასახელეს.

 

როგორც ჩანს, მადა მართლაც ჭამაში მოდის და მთავრობაც ამ „პრინციპს“ არ არღვევს. ბიუჯეტის შევსებისა თუ საკუთარი ქამრების უფრო მეტად გაფართოების მიზნით ტერორს სულ უფრო და უფრო მასშტაბური სახე ეძლევა. თუ დატერორებული და შევიწროებული მსხვილი ბიზნესი სამართლის ძებნას სტრასბურგის სასამართლოში ცდილობს და შესაბამისი საჩივარიც შეაქვს, წვრილ მეწარმეებს ამის ნაკლები შანსი აქვს და ხელისუფლების ამ ქმედებას ჩუმად ხვდება. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ აქციები, მაღაზიების დროებით თუ საერთოდ დალუქვა სწორედ ამაზე მეტყველებს.

 

მოკლედ, ტერორი გრძელდება, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლება დიდ ბიზნესს მიადგა. დაჯარიმებულებს შორის იყვნენ თოფაძის „ყაზბეგი“, „ჯეოსელი“, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი „ტავ ურბან ჯორჯია“, ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“, ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელი, „სონი“, „არტი ჯგუფი“ და ა.შ.

 

მაშინ ამ ყველაფრის ფონზე პრეზიდენტი სააკაშვილი ეკონომიკური თავისუფლების აქტზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ეს ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს. თუმცა, მაშინაც და დღესაც ქართული ბიზნესი კვლავ დიდი წნეხის ქვეშ რჩება.  ბიზნესი, იქნება ის წვრილი თუ მსხვილი, რომელსაც მძიმე ფინანსური კრიზისის პირობებში უწევს ყოფნა, ხელისუფლების მწარე მათრახიც არ სცდება. გარდა ლიბერალიზაციისა, იყო ბევრი სხვა დაპირებაც, თუმცა ნაციონალურმა ხელისუფლებამ თითქმის არცერთი მათგანი არ შეასრულა. ყოველ შემთხვევაში, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამ აქტის გახმაურების ფონზე რეალურად იდგმებოდა და დღესაც იდგმევა, საპირისპიროს მეტყველებს.

 

იმავე პერიოდში საგადასახადო ინვენტარიზაციის მიზნით მაღაზიებშიც შედიოდა, ზოგს ლუქავდა, ზოგს ინკასოს ადებდა, ზოგს კი სოლიდურ ჯარიმასაც უწერდა. შემდეგ მოახლოვდა არჩევნებიც, პროცესი შესუსტდა, თუმცა დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.

 

5 ოქტომბერს სამართალდამცველებმა საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით „პასაჟისა“ და „კიდობანის“ 170-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს. მეწარმეთა ნაწილი საბაჟოზე აიყვანეს, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებში დაიბარეს და შემდეგ დააკავეს.  პოლიცია დაკავებულ მოვაჭრეებს ფინანსურ მაქინაციებში სდებს ბრალს.

სააგენტო „მედიანიუსის“ ინფორმაციით, ინდმეწარმეები შპს „ტრანსს“ აბარებდნენ იმის დამადასტურებელ ქვითრებს, რომ თურქეთის სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი ჰქონდათ საქონელი.  მოვაჭრეთა თქმით, შპს „ტრანსს“, რომელსაც გადაეცემოდა იმპორტიორი ინდმეწარმეების მიერ თურქეთში შეძენილი სხვადასხვა საქონლის დამადასტურებელი ქვითრები, შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას დედა ლაურა ღაჭავა ხელმძღვანელობს.

 

ამასთან, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთისა და ყალბი საბაჟო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „ტრანსის“ მენეჯერი გელა ჩიკვილაძე და თანამშრომლები აკაკი ფიფია, ზაალ კვირიკაძე და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი იმპორტიორები. წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შპს „ტრანსის“ საშუალებით შემოჰქონდათ.

 

გამოძიების ინფორმაციით, ინდმეწარმეებს შორის შპს „ტრანს-კარგოს“ სახელით ცნობილ ფირმას თავისი კონტრაბანდული სქემის განსახორციელებლად თბილისსა და სტამბულში გახსნილი ჰქონდა ვითომდა საბაჟო ტვირთის გადასაზიდი ოფისები, სინამდვილეში კი ამ ოფისებში იმპორტიორებთან შეთანხმებით თითოეულ დოკუმენტში 50 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყალბად ამზადებდნენ შესყიდვების დოკუმენტებს, „ინვოისებს“, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს, სატრანსპორტო გადაზიდვის დოკუმენტებს.

 

შპს „ტრანსის“ წარმომადგენლები თითოეული კილოგრამი ტვირთის გადაზიდვაში იღებდნენ 80 აშშ ცენტს, რითაც აღნიშნული კომპანიის არალეგალური შემოსავალი  საერთო ჯამში ერთ მანქანაზე მხოლოდ საქონლის გადაზიდვისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისათვის შეადგენდა 20-30 ათას ლარს, ხოლო თვის განმავლობაში ისინი 5-6 ასეთ გადაზიდვას ახორცილებდნენ.

 

დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ყალბი მონაცემები  შეჰქონდათ საბაჟო-სატვირთო დეკლარაციებში, რითაც სახელმწიფოს უმალავდნენ დიდი ოდენობით საბაჟო და საგადასახადო გადასახდელებს, ქმნიდნენ მცდარ წარმოდგენებს საქონლის წარმოშობასა და ღირებულებაზე. აღნიშნულის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომლის ოდენობასაც ექსპერტიზა დაადგენს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 362-ე მუხლებით.

 

ცხადია, რომ ადამიანი, თუ მან დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ რა გააკეთონ იმ მოვაჭრეებმა, რომლებმაც ამ მახინაციური გარიგების შესახებ არაფერი იცოდნენ და ამ არცოდნისთვის შესაძლოა, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ?