შორენა ღლონტი, "გურიანიუსი"
2012 წლის 1 თებერვლიდან, თურქულ კანონმდებლობაში ახალი ცვლილება ამოქმედდება – სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებული იქნება, თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 90 დღის შემდეგ აღნიშნული ქვეყნის ტერიტორია დატოვოს და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდეს. მათ მხოლოდ 90 დღის შემდეგ მიეცემათ თურქეთის ტერიტორიაზე ხელმეორედ შესვლის უფლება.
გურიაში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე თურქეთში დადის სამუშაოდ, ზოგიც სეზონურად, ზოგიც კი სამი თვით. ძალიან ბევრი ოჯახი სწორედ თურქეთში დასაქმებული ოჯახის წევრის შემოსავლის იმედად არის და იქ ნაშოვნი ფულით გააქვს თავი.
"თურქეთში მხოლოდ იმის გამო დავდიოდი, რომ ჩემი მრავალსულიანი ოჯახი შემენახა. სიმწრით ნაშოვნი თეთრებით არა მარტო ჩემი, ჩემი შვილების ოჯახებსაც ვეხმარებოდი. რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს საზღვარი გადმოვკვეთე და ისევ უკან ვაპირებ წასვლას. როგორც გავიგე, ამჯერად ამას მოვახერხებ, თუმცა, შესაძლოა, ძალიან მალე ჩემი ოჯახი ისევ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდეს. აქ სამუშაო ვერ ვიშოვნე. განა ვინმეს სიამოვნებს სხვის მსახურად ყოფნა, სხვისი დავალების შესრულება და გაუსაძლის პირობებში სხვა ქვეყანაში ლუკმაპურის ფულის საშოვნელად გადახვეწა?!" – თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 56 წლის ქალბატონმა.
იგივეს ამბობს დაბა ნასაკირალში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი, რომელიც წლებია, თურქეთში სეზონური სამუშაოს საძებნად დადის: "დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობთ, ხან ჩაის ვკრეფთ, ხან – თხილს. თან ამ ყველაფერს შიშის ქვეშ ვაკეთებთ: არ ვიცით, როდის დაგვადგებიან თავზე და იძულების წესით დაგვატოვებინებენ ქვეყანას. წინათ, როცა სამუშაო საქართველოში იშოვებოდა, რა მჭირდა სხვისთვის სახვეწი?! ჩემს ქვეყანაში ვიყავი, ოჯახთან ახლოს და სამუშაოს შესრულებისთვის შესაფერის ანაზღაურებას ვიღებდი. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება, თუმცა, ის ვიცი, რომ თუ ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც სამი თვე თურქეთში ყოფნის შემდეგ, სამი თვე საქართველოში უნდა დავყოთ, აღარ ვიცი, როგორ შევინახავ ოჯახს", – ამბობს რესპონდენტი.
"გურია ნიუსს" თურქეთში, კონკრეტულად კი სტამბოლში, დროებითი სამუშაოდ წასული არა ერთი ოზურგეთელი მოქალაქე დაუკავშირდა: "ჩვენ ვესაუბრეთ აქ საკონსულოს წარმომადგენელს. გვითხრეს, რომ ძალიან მალე კანონმდებლობაში ცვლილება შევა, რომლის თანახმადაც, ვინც აქ უკვე სამი თვე ვიმყოფებით, თუ საზღვარს გადავკვეთთ, სამი თვე ვეღარ გადმოვალთ. იქნებ დაგვეხმაროთ და გაგვაგებინოთ რა ხდება?" – გვითხრეს სატელეფონო საუბრისას თურქეთში სამუშაოდ მყოფმა ქართველებმა.
როგორც "ნეტგაზეთთან" საუბარში თურქეთში საქართველოს საპატიო კონსულმა, პაატა სარიშვილმა განაცხადა, ამ ცვლილების გამო საქართველოს ბევრი მოქალაქე იძულებული გახდება, მიატოვოს სტაბილური სამუშაო თურქეთში, ან დაარღვიოს სავიზო რეჟიმი: "თურქეთთან ამჟამად უვიზო მიმოსვლის რეჟიმია. როგორც იყო აქამდე, ის წესები არ შეცვლილა. თუმცა, 2012 წლის 1 თებერვლიდან, თურქეთის კანონმდებლობაში ძალაში შედის ცვლილება. სავიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, ბევრი დაარღვევს იმის გამო, რომ თუ საქართველოს მოქალაქე დატოვებს თურქეთს, მას მალევე უკან დაბრუნება აღარ შეეძლება. შესაბამისად, იმის გამო, რომ მან სამსახური არ დაკარგოს, შესაძლოა, დაარღვიოს სავიზო რეჟიმი".
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვოლქან ბოზქარი აცხადებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისთვის სამთვიანი ლუფტის დაწესების შესახებ კანონი თურქეთის პარლამენტს ნამდვილად აქვს მიღებული. ამის შესახებ განცხადება თურქმა დეპუტატმა თბილისში, საქართველოს პარლამენტში 17 იანვარს გამართული შეხვედრისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა: "ქართველების წინააღმდეგ მიმართული კანონი არ არსებობს. ეს არის მიღებული, ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით და ეხება ყველას, ვისაც შეიძლება, შეეხოს. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში შესაბამის დეტალებს საქართველოს ხელისუფლებასთან განვიხილავთ", – განაცხადა ვოლქან ბოზქარიმ.
ამ ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, სავარაუდოდ, გურიის რეგიონში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველთა ბაზას შეემატება.
828
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85