გიორგი გირკელიძე, "გურიანიუსი"
ოზურგეთში ახალგახსნილი სამედიცინო ცენტრის მისამართით ოზურგეთელები უკვე ბევრ კითხვას სვამენ – მათი თქმით, გახსნის დღიდან ხან ძველი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა ოპერაცია და ხან ქუთაისში გადაიყვანეს პაციენტი. ტელეკომპანია "ტვ-25"-ის ეთერში, "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ოზურგეთის ცენტრიდან აპარატურა ჩაქვის კლინიკაში გადაიტანეს დროებით, რადგან პრეზიდენტს ნაჩქარევად კიდევ ერთი კლინიკა უნდა გაეხსნა. აპარატურის აქეთ-იქეთ გადატანის შესახებ ქართულ ინტერნეტსივრცეშიც ხშირად ნახავთ ინფორმაციებს.
ჩვენ ამ ინფორმაციების გადამოწმება ვცადეთ.
"გურია ნიუსთან" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა, მწირი ანაზღაურების გამო: _ ხელფასები დაბალია _ 120 ლარამდე აიღო მედპერსონალის რამდენიმე წარმომადგენელმა. სამხედრო რეჟიმი არის, ისეთ მუშაობაა და ასეთ მწირ ხელფასზე ვიმუშავოთ? წერს განცხადებას მედპერსონალი და მიდის. ქვითარი! ქვითარი! ქვითარი! _ ეს არის ახალ საავადმყოფოში მთავარი მოთხოვნა. _ გვითხრა ერთ-ერთმა იქ მომუშავემ, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. მისივე თქმით, რეანიმაციის განყოფილება ძველ საავადმყოფოშია და, ჯერჯერობით, არ არის გადმოსული ახალ სამედიცინო ცენტრში. ოზურგეთელები იმასაც ამბობენ, რომ ექიმთან ისე ვერ შეხვალ, 30-ლარიანი ქვითარი რომ არ გქონდეს: – რა ვქნა, თუ არ მაქვს პოლისი და ვარ ისეთი გაჭირვებული რომ არ შემიძლია, ექიმთან ვიზიტისთვის 30 ლარი გადავიხადო? საქართველოს პრეზიდენტი, სადაც გახსნა ახალი კლინიკები, გახარებული ამბობდა, ხალხს მოემსახურეთო, – გვითხრა რამდენიმე ოზურგეთელმა.
"ეს საავადმყოფო არის თქვენთვის, ყველა თქვენგანს გექნებათ დაზღვევა. ეს შეიქმნა იმისთვის, რომ იმკურნალონ ადგილობრივებმა. აქ არც ერთი უცხოელი არ ჩამოდის სამკურნალოდ, ძირითადად, ეს არის თქვენთვის. ეს არის ყველაზე მაგარი სტანდარტი, ე.ი. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ. უფრო მეტიც, ეს არის ყველაზე მაგარი საავადმყოფო, რომელიც გამიხსნია ბოლო დროს საქართველოში და მინდა მივულოცო ჩემს თავს და ოზურგეთს უკვე გაქვთ ისეთი დონის საავადმყოფო, როგორიც ჰოლანდიაშიც არ მინახავს. აღარ მოგიხდებათ თბილისში ხეტიალი, ღამეების გათენება საცოდავად, ფულის დახარჯვა და ბოლო კაპიკებით ექიმებისა და სანიტრების ძებნა. ფანტასტიკაა ასეთი საავადმყოფო ოზურგეთში", – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის გახსნის დროს თქვა.
ოზურგეთელი ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე: – როცა ვამბობ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მაკრატლით ხელში დარბის, წითელ ლენტებს ჭრის და ხსნის მოუწესრიგებელ, დაუსრულებელ შენობებს, პირველ რიგში, ოზურგეთში ახალგახსნილ სამედიცინო ცენტრს ვგულისხმობ, რომლის გახსნის დღიდან, ჩვენს ქალაქში მითქმა-მოთქმა არ წყდება. ამ ცენტრის გახსნას მოჰყვა ოზურგეთში არსებული ყველა საავადმყოფოს დახურვა იმ პირობით, რომ ცენტრი ყველა ტიპის ბენეფიციარს მოემსახურებოდა აკადემიურ დონეზე და ხელმისაწვდომ ფასებში, მაგრამ დღეის მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო და რეანიმაციული განყოფილებები კვლავ ე.წ. დახურული საავადმყოფოს ტერიტორიაზეა. მე, როგორც დეპუტატს, ძალიან ბევრი პაციენტი და მისი ოჯახის წევრი მომმართავს, რომელთაც სჭირდებათ მკურნალობა თუ სტაციონარული დათვალიერება და წააწყდნენ დიდ წინააღმდეგობებს. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ახალ სამედიცინო ცენტრში მიყვანილი მოწამლული პაციენტი გააგზავნეს ძველ საავადმყოფოში. იქედან უარით გამოისტუმრეს, ჩვენი პაციენტი არა არის, ახალში წაიყვანეთო და ასე ატარეს ზემოთ-ქვემოთ. ბოლოს პატრონი იძულებული გახდა, სახლში წაეყვანა. პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. სასტიკად მიუღებელია, როცა ცენტრის მიმღებში, რეგისტრაციის მაგიდასთან, სხედან ვიზუალურად მშვენიერი, მაგრამ არაპროფესიონალი გოგონები, რომლებიც, მხოლოდ ფულის აღებას ახერხებენ კარგად, ხოლო პაციენტებს ვერ უზუსტებენ, რომელ განყოფილებას მიმართონ!
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიმღებში რეგისტრაციას გადიან სხვადასხვა ტიპის პაციენტები, რომელთა ერთად ყოფნა სასტიკად აკრძალულია (ვგულისხმობ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები არიან გადამტანი ვირუსით, რომლებიც არ უნდა იდგნენ მშობიარეებთან ერთად). სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობის მისამართით მინდა ვთქვა, რომ ცენტრის არსებობა ოზურგეთში მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მაშინ, როცა ყველაფერი წესრიგშია. მათ ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ სხვა დანარჩენი "უვარგისი" კლინიკები ჩაენაცვლებინათ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც მოჰყვა უამრავი პროფესიონალის სახლში გაშვება და დღეისთვის, კოსმეტიკურად შელამაზებულ შენობაში დასაქმებულია თითო-ოროლა ადგილობრივი პროფესიონალი და ლამაზი გოგონები, მაგრამ კლინიკა ხომ პოდიუმი არაა? _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.
სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ანთაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კლინიკაში ყველაფერი კარგად არის. მისივე თქმით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 252 თანამშრომელი, აქედან 82 ექიმი და 84 ექთანი.
– ბატონო ლევან, რა სახის სამედიცინო მომსახურება ტარდება ცენტრში?
– პრაქტიკულად ყველა სამედიცინო მომსახურება არის უზრუნველყოფილი – ქირურგიული, თერაპიული, ინფექციური, სამეანო, გინეკოლოგიური, რეანიმაციული... უახლოეს დროში დაემატება პედიატრიული სტაციონარული დახმარება. ასევე, უზრუნველყოფილია სრული ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩათვლით. ახალი არის ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, უახლესი სისტემის ლაბორატორია. პრაქტიკულად, მთელი გურიის მოსახლეობას შეუძლია, მიიღოს სრული სამედიცინო მომსახურება დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში. ადრე თუ მოსახლეობას უწევდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოეძებნა დამატებითი სახსრები სატრანსპორტო და საცხოვრებელ ხარჯებზე, რათა მიეღოთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, დღეს ამის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გურიის მოსახლეობას, ისევე, როგორც მომიჯნავე რეგიონების მცხოვრებლებს, შეუძლიათ, საუკეთესო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღონ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
– მედპერსონალს რამდენი აქვს ანაზღაურება?
– ისე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე.
– რამდენია თქვენი და თქვენი მოადგილის ყოველთვიური ხელფასი?
– ეს არის ჩვენი და დამქირავებლის ურთიერთმოლაპარაკების საკითხი, ზოგადად კი მოგახსენებთ, რომ ანაზღაურება არის ისეთი, როგორიც შეესაბამება შესაბამის სამსახურს.
– როგორც ვიცით, რეანიმაციული განყოფილება ისევ ძველ საავადმყოფოში ფუნქციონირებს.
– არასრული ინფორმაცია გაქვთ. ახალ კლინიკაში რეანიმაციული განყოფილება ერთ-ერთი საუკეთესო განყოფილებაა, რომელიც გაშლილია 4 სარეანიმაციო და 2 ინტენსიური დახმარების საწოლზე (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეანიმაციულმა განყოფილებამ მუშაობა ახალ კლინიკაში 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ავტ.).
– ახალი წლის დღეებში, რამდენიმე ადამიანს თქვენს კლინიკაში ვერ აღმოუჩინეს დახმარება და ქუთაისში გადაიყვანეს.
– აბსოლუტურად ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება პაციენტების გადაყვანას სხვა დაწესებულებებში, ეს ხდება რეფერალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა სამედიცინო სისტემაში და რასაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა.
– სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ 30 ლარი გადაიხადოს ექიმთან ვიზიტისთვის. პრეზიდენტის თქმით, ეს კლინიკა იმისთვის გაიხსნა, რომ ნებისმიერ პაციენტს მოემსახუროთ.
– მე კარგად მესმის თქვენი წუხილი. სწორედ ამისთვის, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეჭირვებული ოჯახების სამედიცინო დაზღვევას, რაც მოსახლეობის 25-30 პროცენტს შეადგენს. ამ კონტიგენტისთვის სამედიცინო დახმარება არის უფასო ჩვენს დაწესებულებაში. ასევე უფასოა ექიმთან ვიზიტი 0-დან 6-წლამდე და 60 წლის ზევით მოსახლეობისთვის, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ფსიქიური პრობლემების მქონე პაციენტთათვის. ასევე, უფასოა ნებისმიერი დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის. კლინიკაში მოსულ ვიზიტორთა ნახევარზე მეტი იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას. რაც შეეხება ფასებს, ექიმთან ვიზიტი მერყეობს 15-დან 25 -ლარამდე.
– ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამედიცინო აპარატურა დროებით ჩაქვში, ახალგახსნილ კლინიკაში არის გადატანილი. რომელ აპარატურაზეა საუბარი და რატომ მოხდა აპარატურის გადატანა?
– თქვენთვის თუ ასეთი ფაქტია ცნობილი, ისიც გეცოდინებათ, რა აპარატურა წაიღეს. სამწუხაროდ, ისევ სრულ სიცრუესთან გვაქვს საქმე. მინდა გითხრათ, რომ ჩაქვის კლინიკას აშენებს სადაზღვევო კომპანია "იმედი ლ" და მას არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენს კლინიკასთან.
– რამდენიმე ექთანმა ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ მათ უკვე დატოვეს კლინიკა იმის გამო, რომ მწირი ანაზღაურება ჰქონდათ.
– ახალ კლინიკაში ჩვენი გადმოსვლის შემდეგ ჯერ თვეც არ გასულა და საინტერესოა, საიდან განსაზღვრეს, რომ მწირი ანაზღაურება ექნებოდათ? ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ანაზღაურება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
– ისიც გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ექთანს, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით, 120 ლარი ჩაერიცხა.
– კარგი იქნება, ჰკითხოთ იმ ექთანს, როგორი იყო მისი ანაზღაურება ადრე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად მიმაჩნია, სამედიცინო პერსონალმა მიიღოს ღირსეული ანაზღაურება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ასეც იქნება. ცნობისთვის გეტყვით, რომ მე მიმუშავია 70-მანეთიან ხელფასზე სასწრაფო დახმარების სადგურში.
– რეგისტრატორებთან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, მათ შორის, დაავადებული პაციენტები. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების მქონე პირებმა სხვა დააზარალონ.
– მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობის მომართვიანობა მართლაც საკმაოდ გაზრდილია და პიკის საათებში საკმაოდ ბევრი ხალხია რეგისტრატორებთან. აქაც ისევე, როგორც სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მოსახლეობამ უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, რათა დაცული იყვნენ ჰაერწვეთოვანი ინფექციის გადადებისგან. თუ თქვენ გულისხმობთ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, მათთვის უზრუნველყოფილია ცალკე იზოლირებული შესასვლელი.
1158
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85