მომავალ არჩევნებში ძალაუფლების ხელში ასაღებად გახსნილი ფრონტი, ფაქტობრივად, სამი მიმართულებით ვითარდება: „სახალხო კრება“, ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე და სხვები რევოლუციური გარდატეხისთვის ემზადებიან.
რვა მთავარი ოპოზიციური პარტია (ისინი ამავდროულად კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არიან) ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისთვის, კონკრეტულ საარჩევნო ცვლილებებების პრეზენტაციას ახდენს.
ხელისუფლება, სავარაუდოდ, არ მიიღებს არც რევოლუციურ ულტიმატუმებს და საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსად, არც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ოპოზიციისეულ ცვლილებებზე დათანხმდება.
რას ცვლის ოპოზიცია?
ახლა კი მოკლედ, რა კონკრეტულ ცვლილებებს სთავაზობს 8 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას: პარტიები თვლიან, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით საარჩევნო სიის ელექტრონულ ბაზაში ამომრჩეველთა ბიომეტრუული მონაცემების (ხელების ათი თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათი და პირისახის ბიომეტრიული ფოტოსურათის მიხედვით დადგენილი ბიოპარამეტრები) შეტანაა საჭირო. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველის იდენტიფიკაციაც სწორედ ამ ანაბეჭდების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც ერთი პირის მიერ ორჯერ ხმის მიცემას შესაძლებლობას გამორიცხავს.
ოპოზიციის მომზადებული ცვლილებათა პაკეტით უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესიც და ცენტრალურ საარჩევნო, საოლქო თუ საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყვნენ. ამ ცვლილებებით, კომისიაში დანიშვნისას იმ პირებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა, რომლებმაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისთვის დანიშნულ გამოცდებში მაღალი ქულები მიიღეს.
გარდა ამისა, პარტიები ითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავები განიხილოს ერთ მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულისგან შემდგარმა კოლეგიამ. ამ ცვლილებებით, ასეთი კოლეგიის მსაჯული რომ გახდეს პირი, მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და სულ მცირე იურისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად დანიშნული რომელიმე გამოცდის ჩაბარების სერთიფიკატი, რათა პრობლემური და სპეციფიკური საარჩევნო თემების განხილვა კვალიფიციური მსაჯულების მიერ მოხდეს.
„თუკი ეს საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც 8 ოპოზიციური პარტია სთავაზობს ხელისუფლებას, იქნება გათვალისწინებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ეს პარტია უბრალოდ ვეღარ მოვა მომავალი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში“, - ამბობს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრგოლია. ეს, რა თქმა უნდა, იცის ხელისუფლებამაც და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, იმ ცვლილებებს, რასაც 8 ოპოზიციური პარტია მათ სთავაზობს - ან არ გაიზიარებს, ან ახალ ცვლილებათა პაკეტს შემოაგდებს, ანდა შეცვლის იმას, რისი შეცვლაც მათ უკვე აქვთ გადაწყვეტილი.
რა იქნება შემდეგ, როდემდე გაგრძელდება ეს პოლიტიკური ჭიდაობა და როგორ ლოგიკურ დასასრულამდე მივა იგი, არავინ იცის. ერთია კია, „ნაცები“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადების გახანგრძლივებაზე ზრუნავენ, მაგრამ ოპოზიცია, იქნება ეს რევოლუციური, თუ არარევოლუციური ფრთა, სააკაშვილის ხელახლა აღზევების კატეგორიული წინააღმდეგია. არარევოლუციური ფრთა (სხვათაშორის ამერიკა-დასავლეთის მხარდაჭერით-პ.გ) ცდილობს პოლიტიკური პროცესები მშვიდობიან გარემოში წარმართოს და ისე შეცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება.
თუმცა, თუ თავად ხელისუფლებაშიც არ გაჩნდა სურვილი, რომ მომავალი არჩევნები მართლაც ჩატარდეს დემოკრატიულად, თუნდაც ეს მას ძალაუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს, მაშინ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის რევოლუციური ფრთა იმდენად გაძლიერდება, ახალი რევოლუცია გარდაუვალი იქნება, რაც შესაბამისად, კიდევ უფრო უკან დასწევს ქვეყანას. სხვათაშორის, გაჩნდება იმის საშიშროებაც, რომ ეს 8 პოლიტიკური პარტიაც, რომელიც დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს, ისევ ქუჩის აქციების მონაწილე გახდება.
აქ კი, აუცილებლად უნდა დაისვას ორი კითხვა: რაში სჭირდება ხელისუფლებას მოვლენების ასეთი ესკალაცია და ხვდებიან თუ არა მმართველები, რომ ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანისკენ ისინი არათუ ე.წ. რევანშისტ პოლიტიკურ ძალებს, არამედ მშვიდობიანი ცვლილებების მოსურნე პარტიებსაც თავადვე უბიძგებენ?
„მიშა გონს მოდი“
როდის აივსება მშვიდობიანი ოპოზიცონერების მოთმინების ფიალა, რა გონივრულ ვადებს სთავაზობენ ისინი ხელისუფლებას, რომ ყველა ერთად მრგვალ მაგიდასთან მიუჯდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს ეს ყბადაღებული საარჩევნო სისტემა, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესა.გე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს გაესაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია: „მოლაპარაკებები რომ დაიწყება, მერე იქნება ვადები განსაზღვრული. მთავარია, ეს ყველაფერი მოესწროს შემდეგი არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, გონივრულ ვადაში ჯდება ყველა ის პროცედურა, რაც დაკავშირებული იქნება ამის განხორციელებასთან. არ არის აუცილებელი წლის ბოლომდე მოესწროს ყველაფერი. შეიძლება, ერთ თვეში დამთავრდეს, შეიძლება - 6 თვეში, შეიძლება – 8 თვეში. ამას ვერავინ გეტყვით. მთავარია გონივრული ვადა, რომ მომავალ არჩევნებამდე ყველა ეს ცვლილება იყოს განხორციელებული.
თუ არ განხორცელდა, შემდეგ საით მიდიან „თავისუფალი დემოკრატები“?
-მე იმედი მაქვს, რომ გამომივა. გავაგრძელებ მოლაპარაკებებს, ვიდრე არ განხორციელდება ეს ცვლილება და მომავალი არჩევნები არ იქნება თავისუფალი, ხოლო ამომრჩევლების ნება და არჩევანი დაცული.
და არ იქნება რევოლუცია...
-ამდაგვარი რამ აქ გაიგონეთ? არა. არც იქნება. რევოლუცია სახალხო კრებაზე იკითხეთ..
„კონსერვატორული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური: „ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ისეთი ფორმით, ისეთი დოკუმენტი, რომელზედაც უარის თქმა, მე ვფიქრობ, არ იქნება გონივრული მათი მხრიდან. ამ პროექტს დარწმუნებული ვარ, ექნება საერთაშორისო მხარდაჭერაც და ხელისუფლებას საზოგადოებისთვის მოუწევს ახსნა იმისა, თუ რატომ არ მოდის თანამშრომლობაზე, ან ურთიერთობების დარეგულირებაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვადებზე არ ვისაუბრებ ახლა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე, ჩვენ ველოდებით პასუხს მათგან – არიან, თუ არა მზად ამ დოკუმენტზე საუბრისთვის.
თუმცა, ხელისუფლება ყოველთვის ახერხებს მიზეზის მოძებნას, რომ თქვას - არა იმაზე, რისი განხილვაც არ აწყობს...
-კი, მიზეზი ყოველთვის აქვს, როდესაც უარს გვეტყვიან, ამის შემდეგ ჩვენ 8 პარტიის წარმომადგენელი ისევ შევიკრიბებით და უკვე ისევ გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენი შემდეგი ნაბიჯის შესახებ. ერთი გადაწყვეტილება, რაც უკვე გვაქვს მიღებული - ისაა, რომ ამ პროცესში ჩვენ ვმონაწილეობთ კოორდინირებულად და შეთანხმებულად. აქ ერთიანი იქნება ჩვენი პოზიცია - ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს.
თუ არ დაგთანხმდათ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე სახელისუფლებო ძალა,
ბუნებრვია, ამ საარჩენო კოდექსით ისინი კვლავ უმრავლესობით დაბრუნდებან
ხელისუფლებაში, მაშინ რას იზამს ოპოზიცია? წავა პროცესები რევოლუციისკენ?
-მე თან საარჩევნო კოდექსზე ვილაპარაკო თქვენთან ინტერვიუში და თან რევოლუციაზე, მე მგონი ორივე ერთად არ გამოვა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არის ერთი მიმართულება, მაგრამ თუ არ გამოვიდა, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გამწვავება ამ ამბებს მოჰყვება, როგორი ფორმით მოჰყვება, რა იქნება, რა დროში იქნება, ამაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან არ ვიცი.
დღეს კი, ქვეყანა უნდა წავიდეს საარჩევნო გზით და ძირითადი პოლიტიკური
პარტიები ამაზე თანხმდებით?
-რა თქმა უნდა, ცალსახად დავადასტურებ ამას. ჩვენ არჩევნების გზით გვსურს ცვლილებები ქვეყანაში და არა – რაიმე რევოლუციის, გადატრიალებისა თუ დამხობის გზით. ეს არის აქ წარმოდგენილი 8 პარტიის პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტიების რაოდენობა გაიზრდება“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი: „მოდით, გონივრული ვადების ათვლა, გნებავთ, დავიწყოთ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სტანდარტით. მათ გვითხრეს, რომ 2013 წლის დეკემბრიდან როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანა, ამაზე აუცილებელია გადაწყვეტილება მივიღოთ დღეს, 2010 წლის ოქტომბერშიო, კონსტიტუციური ცვლილებები მაქვს მხედველობაში.
თუ ამ წესით წავლენ, მაშინ ძალიან სწრაფად უნდა მოახდინონ საარჩევნო სისტემის
ცვლილება, რადგან უფრო ადრეა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც არჩეულმა
პარლამენტმა უნდა განახორციელოს დღეს მიღებული საკონსტიტუციო
ცვლილებები
-მე მგონი, სრულიად ლოგიკურია, რომ საარჩევნო თემა ახლა არის პრიორიტეტების სიაში ნომერი პირველი, ამიტომ, თუ რაიმეს დასამთავრებელი აქვს ხელისუფლებას სესია, ან რამე – დაამთავროს, შემდეგ უნდა დავიწყოთ მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.
კონკრეტულად, მე მგონი, ორი თვე, ორთვენახევარი მაქსიმუმ საჭიროა იმისთვის, რომ ყველა საკითხი გავიაროთ. მერე პარლამენტში განხილვას ცალკე პროცედურები აქვს, მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკება-შეთანხმებების საქმეს ორთვენახევარზე მეტი არ სჭირდება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოლაპარაკებების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს, თუ ვინმე რაღაცა საბაბით არ გააჭიანურებს ამ პროცესს“.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ინგა გრიგოლია: „ამ ვადებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის მედიამიმართულება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომლის გამო ჩვენ ცალკე კონფერენციის მოწყობას ვაპირებთ. არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს და ვადებზე ვისუბრო, მაგრამ ერთი რამ შეიძლება, ითქვას, რომ თუკი ეს საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც 8 ოპოზიციური პარტია სთავაზობს ხელისუფლებას, იქნება გათვალისწინებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ეს პარტია, უბრალოდ, ვეღარ მოვა მომავალი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში.
კიდევ ერთი – მუქარა რომ არ გამოგვივიდეს და არ დავაფრთხოთ ხელისუფლება: თუკი აი, ამ ქვეყნის ხელისუფლება აიღებს თავის თავზე იმას, რომ ოპოზიციის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ეს ხომ არ არის უბრალოდ აკვიატება - უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, მაშინ საქართველოში ერთხელ მაინც იქნება საშუალება, ხელისუფლება შეიცვალოს არა რევოლუციური გარდატეხის გზით, არამედ -დემოკრატიულად.
თუ ამ ხელისუფლებას უყვარს საკუთარი ქვეყანა, ამ ნაბიჯით უნდა დაამტკიცოს. რევოლუციური გარდატეხები, მიშა, გრიშა, მოვდივარ და წინ დამიდექი, ასე შემდეგ, ქვეყანას უბრალოდ დაანგრევს. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. სხვათაშორის, ვეძებთ ისეთ ვარიანტებს, რაზეც შესაძლებელია, რომ წამოვიდეს ხელისუფლება და დათანხმდეს. ვახტანგ ხმალაძემ თქვა, ეს ცვლილებები იდეალური ვარიანტი არ არის, უფრო კარგებიც არსებობს, მაგრამ ეს არის ის შუალედური მოდელი, რაც მისაღები უნდა იყოს ყველასთვისო.
ანუ, ფიქრობთ, რომ ხელისუფლება მიიღებს ამ ცვლილებებს?
-უნდა წამოვიდეს, მაგრამ თუ ჩემი მოსაზრება გაინტერესებს, მე ვშიშობ, ისინი შეეცდებიან, რომ არ გაითვალისწინონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მათ უნდათ მშვიდობიანი პროცესები განვითარდეს პოლიტიკაში, თუ მათ უყვართ თავისი ქვეყანა, ეს ცვლილებები უნდა შეიმუშაონ. ბოლსდაბოლოს, ერთი ხმა ოდესღაც უნდა ნიშნავდეს ერთ ხმას და არა – 10 ხმას.
თუმცა, დღემდე ეს პრინციპი მოქმედებს...
-ხო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, შენ უნდა შესთავაზო მათ წინადადებები, არ უნდა იჯდე გაბუტულის პოზაში. რომ არ მიიღოს? იცით რა, არსებობს ზეწოლის ძალიან ბევრი მექანიზმი. ბრძოლა შიგნით, პარლამენტიდან – „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციიდან და ბრძოლა გარედან. როცა ეს საკითხი გავა პარლამენტში და ჩავარდება, შესაძლებელია, მას ძალიან ბევრი საპროტესტო აქცია მოჰყვეს, ძალიან სერიოზული გამოსვლები მოჰყვეს, იმიტომ, რომ ეს თემა არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის აკვიატება.
ანუ, ეს არ არის ის პროცესი, სადაც მხოლოდ ეს ისმის - „მიშა გადადექი!“..
-დიახ, ეს არ არის „მიშა გადადექი“, ეს არის „მიშა გონს მოდი და მიიღე ის ცვლილებები, რომელიც ქვეყნის, ხალხის, ჩვენი და „ნაციონალების“, ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება.
ანუ „ქრისტიან–დემოკრატები“ გავლენ აქციებზე, რომელიც საჩევნო გარემოს შეცვლისკენ იქნება მიართული?
-როცა ჩვენ ამ ცვლილებების შემუშავებაში ვმონაწილეობთ, ყველა პროცესში, რომელიც საჭირო იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისთვის, მონაწილეობას მივიღებთ.
ხალხის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე: „გონივრული ვადა არის ის, რომ 2012 წლის არჩევნებს არჩევნების წინა დღეებში კი არ შევხვდეთ საარჩევნო სიების პრობლემებით, არამედ, 2011 წლის გაზაფხულზე იყოს დადებული შეთანხმებული და მიღებული ვარიანტი, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტმა და მოსახლეობამ იცოდნენ, რა საარჩევნო კოდექსით მივდივართ არჩევნებზე. ხელისუფლებამ შეიძლება, თქვას, რომ ცხოვრება იწვევს რაღაც ცვლილებებს და ა.შ., მაგრამ ჩვენ ვამბობთ, ძირითადი ჩონჩხი დადებული უნდა იყოს. ის მომენტები, რასაც ცხოვრება მოიტანს და რაც იქნება შესაცვლელი დანარჩენ პერიოდში, ის, კი ბატონო, მერე შევცვალოთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს“.
წესით, ხელისუფლებამ უნდა დააფასოს ოპოზიციის მზაობა, რომ საარჩევნო გარემოსა, თუ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესების ფონზე მოხდეს. დღეს ამ 8 ძირითად პარტიას ნამდვილად არ აქვს რევოლუციური განწყობა.
თუმცა, ფაქტია, რევოლუციური სურვილების გაღვივება იმ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც მშვიდობიანი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არიან (და არა მთელ ოპოზიციურ სპექტრში – ისეთებში, როგორიცაა ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე და სხვები, რადგან მათ ისედაც გამოკვეთილად სურთ ამ ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება), უკვე თავად მმართველ „ნაცებსა“ და მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. როგორც პარტიათა ლიდერები თავად აღიარებენ საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის რევოლუციური განწყობების თვალსაზრისითაც.