ევროპა ფსკერისკენ მიექანება და საქართველოსაც ექაჩება

ევროპა ფსკერისკენ მიექანება და საქართველოსაც ექაჩება


ევროპაში რეიტინგების ვარდნა დაიწყო. ძველი კონტინენტის ეკონომიკა ფსკერისკენ მიექანება. რა ელით ევროზონის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს? მთავრობა, როგორც ყოველთვის, ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ქართველი ანალიტიკოსები კი საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's–მა საფრანგეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, ААА–დან АА+ მდე შეამცირა. ასევე შემცირდა ავსტრიის რეიტინგი, იტალიის რეიტინგმა А–დან ВВВ+ მდე დაიწია, ესპანეთისამ კი AA- დან А–მდე ნეგატიური პროგნოზით, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ამ ქვეყნების მაჩვენებლები კიდევ გადაიხედება.

ერთი საფეხურით გაუუარესდა რეიტინგი მალტას, სლოვენიას და სლოვაკეთს, ორი პუნქტით კვიპროსს და პორტუგალიას. იგივე დარჩა გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ლუქსემბურგის, ბელგიის და ირლანდიის რეიტინგი, თუმცა ნეგატიური პროგნოზით.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროზონის ქვეყნები არასაკმარის ნაბიჯებს დგამენ რეგიონში კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკომისიამ კი სააგენტოს გადაწყვეტილებას მცდარი უწოდა.

სააგენტო Standart & Poor's–ის გადაწყვეტილება საფრანგეთის რეიტინგის შემცირების შესახებ თავად საფრანგეთის ხელისუფლებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ფრანსუა ფიიონის განაცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Standart & Poor's–მა რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება შეუსაბამო დროს მიიღო, ამ სიახლემ ქვეყნის ხელისუფლება არ დააბნია.

საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, მთავრობა ფინანსური რეფორმის გატარების ინიციატივით გამოვა, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.
„არ შეიძლება S&P–ის გადაწყვეტილების მნიშვნელობის შემცირება, თუმცა მისი დრამატიზებაც არაა საჭირო,“ – განაცხადა ფიიონმა.

მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზე ევროზონის ქვეყნებისთვის საკრედიტო რეიტინგების შემცირება? ევროზონის 17 ქვეყნიდან 9 მათგანისთვის 1-2 საფეხურით ჩამოქვეითება მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებს კარგს არაფერს უქადის. 

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ აცხადებს, რომ ევროზონის ქვეყნების რეიტინგების შემცირება საქართველოზე პირდაპირ ნეგატიურად არ აისახება. ქეთი ბოჭორიშვილის განმარტებით, ქართული საინვესტიციო ბაზარი დივერსიფიცირებულია და ევროპელი ბიზნესმენების სიფრთხილე ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობას მკვეთრად ვერ შეამცირებს. თუმცა, მისი თქმით, ევროზონის კრიზისი ზოგადად მთელ მსოფლიოში 2012 წელს ინვესტიციების მოძრაობაზე აისახება.  

საინვესტიციო კომპანია „ბი ჯი კაპიტალი“ კი უკვე გამოვიდა განცხადებით, რომ ევროზონის კრიზისმა ქართულ ფასიან ქაღალდებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. კომპანიის ანალიტიკოსის გიორგი შენგელიას თქმით, ინვესტორების სიფრთხილე გრძელვადიან პერიოდზე გათვლით გამართლებულია, რადგან ევროზონის ჩამოშლის შემთხვევაში სირთულეები ქართულ ეკონომიკასაც შესაძლოა შეექმნას, თუმცა ამის ალბათობა, მისივე თქმით, მიზერულია.

შენგელიას ინფორმაციით, ევროზონის კრიზისის გამო ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ, რამაც გავლენა საქართველოს ევროობლიგაციებზეც იქონია. 

„წინა კვირის განმავლობაში, ობლიგაციების ფასი დაახლოებით 0.01%–ით შემცირდა და 103.875% შეადგინა ( 4.289% წლიური სარგებელი),“ - ამბობს შენგელია. „ბი ჯი კაპიტალს“ იგივე პოზიცია აქვს რკინიგზის ობლიგაციებთან მიმართებაშიც. შენგელიას ინფორმაციით, რკინიგზის ობლიგაციების ფასიც იგივე ტენდენციას მიყვება, თუმცა კომპანიას ძლიერი ფინანსური მდგომარეობა აქვს. 

რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ აქციებს, მათი ფასის დინამიკა, შენგელიას თქმით, მჭიდრო კორელაციაშია მსოფლიო ინდექსებთან და, მიუხედავად ბანკის სტაბილურად მზარდი ფინანსური მაჩვენებლებისა, მისი აქციების ფასი ბოლო 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით 4%–ით, 12.50 აშშ დოლარამდე შემცირდა.