ოქროპირ რუხაძე, "თავისუფლება"
მეზობელ სახელმწიფოებს, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ხანებში დაძაბულობა გაიზარდა. ახლა ამან, ჩანს, კიბერსფეროში გადაინაცვლა. ასეთ ბრძოლას ორივე ქვეყანაში ათეულობით საინტერნეტო გვერდის დაზარალება მოჰყვა. სამი ქვეყნის - ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის - საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 17 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო, რადგან თურქეთის მინისტრი აჰმეთ დათუთოღლუ კვიპროსელი თურქების ლიდერის, რაუფ დენქთაშის დასაფლავებაზე გაემგზავრა. აზერბაიჯანელ ჰაკერთა ჯგუფი საკუთარ თავს „ნამდვილი აზერბაიჯანის კიბერარმიას“ უწოდებს. 17 იანვარს მან იერიში მიიტანა ირანის ვებსაიტებზე და მათი მიღწევა შეუძლებელი გახადა. ეს შეტევა პასუხი იყო 16 იანვარს განხორციელებულ მსგავს იერიშზე, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ათამდე ოფიციალური - მათ შორის, პრეზიდენტ ალიევის, მმართველი პარტიის, საკონსტიტუციო სასამართლოს, შინაგან და კომუნიკაციების სამინისტროების -საიტი გახდა მიუღწეველი. თუკი ვინმე ამ საიტებზე შესვლას შეეცდებოდა, პირველ გვერდზე ხვდებოდა ინფორმაცია, რომ ამაში პასუხისმგებელი აზერბაიჯანას კიბერარმიაა და რომ ბაქო „ებრაელებს ემსახურება“. იმავე დღეს მოხდა თავდასხმა ისრაელის ვებსაიტებზე. მათ შორის იყვნენ საავიაციო კომპანია „ელ ალის“ და ტელ-ავივის ბირჟის საიტები.
კომუნიკაციის მინისტრმა, მუშფიკ ამიროვმა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანზე იერიშის კვალი მიდის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, მაგრამ არ უთქვამს, სად და არც ბრალდება გამოუთქვამს ვინმეს მიმართ. აზერბაიჯანის შესაბამისმა საიტებმა მალევე აღადგინეს მუშაობა და ექსპერტები აცხადებენ, ეს შეტევა არ იყო ძლიერიო. მათ შორისაა კიბერუსაფრთხოების აზერბაიჯანელი ექსპერტი რაშად ალიევი, რომელიც არც კი აფასებს მომხდარს სრულმასშტაბიან კიბერიერიშად და ამბობს: მათ გაამარტივეს ვებსაიტების სერვერებში შეღწევის საშუალება, შეიყვანეს ვირუსული პროგრამა, შეცვალეს ზოგიერთი ინდექსი, მაგრამ ვერ დააზიანეს მონაცემთა ბაზები, თუმცა შეცვალეს ზოგიერთი ფაილიო. ერთი-ორი საათი იყო საკმარისი იმისათვის, რომ საიტებს თავდაპირველი მდგომარეობა აღედგინათო, იუწყება ალიევი.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ბოლო ხანებში დაიძაბა. თეირანმა ბაქო გააკრიტიკა ისრაელთან თანამშრომლობის გამო. ტელ-ავივი აზერბაიჯანს მაჰმადიანურ სამყაროში საკვანძო მეგობრად თვლის. ისრაელი თავის ნავთობის მეხუთედს აზერბაიჯანისგან იღებს. ამას დაერთვის აზერბაიჯანის არამუდმივი წევრობა ამ ეტაპზე გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც ბოლო ხანებში სისტემატურად განიხილავს ირანის ბირთვული პროგრამის სადავო საკითხს. ბაქოს მთავრობა მკაცრად სეკულარულია. მან ახლახან ჩაახშო პროირანული ჯგუფებისა და მეჩეთების საქმიანობა ბაქოში. ნოემბერში დანით დაჭრეს და შემდეგ გარდაიცვალა კიდეც აზერბაიჯანელი მწერალი რაფიქ თაღი, რომლის მიმართაც ირანში ფატვა იყო გამოცხადებული, რადგან ანტიირანული სტატია გამოაქვეყნა. ზოგიერთის აზრით, ირანის ხელი ერია თაღიზე თავდასხმაში. დეკემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მდივანი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა და ბრალი დასდო ირანს, სომხეთთან აქტიურად თანამშრომლობს, მხარს უჭერს და ეხმარება აზერბაიჯანის რეგიონის - მთიანი ყარაბაღის - „ოკუპაციაშიო“.
ძნელი დასადგენია ხოლმე, საიდან მოდის კიბერშეტევები. აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაპირისპირებაში თავისუფლად შეიძლება იყოს გარეული სხვა ძალა. ადრე აზერბაიჯანსა და სომხეთს ამგვარი დაპირისპირება უკვე ჰქონდათ. აზერბაიჯანის საინტერნეტო ფორუმის თავმჯდომარემ, ოსმან გუნდუზმა, განაცხადა, ბოლო თავდასხმა კიბერომის გამოცხადებას ნიშნავსო, და მთავრობას მოუწოდა გამოიძიოს მომხდარი.
830
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85