„მონა №37“ - საქართველოს შრომის კოდექსი

„მონა №37“ - საქართველოს შრომის კოდექსი

რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური მოძრაობის ”ლაბორატორია 1918”-ის წევრებმა საქართველოს შრომის კოდექსი გააპროტესტეს. ახალგაზრდებმა თოკით შეიკრეს ხელები და რამდენიმე წუთის მანძილზე გადაბმულები ისხდნენ.

ერთ-ერთ პლაკატზე სტუდენტებს გამოესახათ ფიროსმანის ცნობილი „მეეზოვე“ წარწერით: „მონა №37“, რაც საქართველოს კაბალური შრომის კოდექსის 37-ე მუხლზე მიუთითებდა. სხვა პლაკატებზე კი იკითხებოდა: „არავითარი ექსპლუატაცია“, „მე ვმუშაობ 12 საათს“ და სხვა. 

უკვე ცნობილია, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მარტო ამ აქციით არ შემოიფარგლებიან და მომავალშიც გააპროტესტებენ შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებს, რომლებიც დამსაქმებელს სამუშაო ადგილით მანიპულირებისა და შანტაჟის უფლებას აძლევს. ამ კოდექსს ამოფარებულ დამსაქმებელს თავისუფლად შეუძლია, პირადი ახირების ან პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დაითხოვოს დასაქმებული, ისე, რომ გათავისუფლების რეალური მიზეზი არც განუმარტოს.

სწორედ ასე მოხდა „თავისუფალი დემოკრატების“ თანაპარტიელის მეუღლის ია ბჟალავას შემთხვევაში, რომელიც გორის მეცხრე საჯარო სკოლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს ისე, რომ მისი, როგორც სერთიფიცირებული პედაგოგის სტატუსიც არაფრად მიიჩნიეს. ”ლაბორატორია 1918”-ის წევრებმა სწორედ ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის მეუღლის პოლიტიკური ნიშნით დევნა გააპროტესტეს.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრმა, უნივერსიტეტის სტუდენტმა ეკა კუტუბიძემ გვითხრა, რომ გორში პედაგოგის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევა პირველი არაა, თუმცა ამ პრეცენდენტმა ჩვენს ქვეყანაში არსებული უსამართლო შრომის კანონმდებლობა ნათლად წარმოაჩინა.

„გორში გაათავისუფლეს მასწავლებელი. როგორც ეს ქალბატონი ამბობს, ეს  პოლიტიკურ მიზეზთა გამო მოხდა, კერძოდ, მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის გამო, რომელიც ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია. თავად ქალბატონი საარჩევნო კომისიის მუშაობაში გახლდათ ჩართული, ამის გამო დააფიქსირა კონკრეტული კანონდარღვევები და სწორედ ამას მოჰყვა მისი გათავისუფლების მოთხოვნა. გაზაფხულისთვის სკოლაში ბრძანება მივიდა, გაეთავისუფლებინათ ეს მასწავლებელი, თუმცა იგი არ გაუშვა ძველმა დირექტორმა. ამის შემდეგ სკოლა დაატოვებინეს თავად დირექტორს, ხოლო ახალმა დირექტორმა საბოლოოდ გაათავისუფლა მასწავლებელი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და არ გვინდა, ეს პრეცენდენტული გახდეს,“ - აღნიშნა ეკა კუტუბიძემ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა თუ მსოფლიო შრომის ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეცვალა მოქმედი კოდექსი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არ შეესაბამება ევროპის სოციალურ ქარტიას და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებს, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. 

როგორც ”ლაბორატორია 1918”-ის ერთ-ერთი წევრი ანი ჭანკოტაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლი, რომელიც, ფაქტობრივად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ნიშნავს.

- ამ მუხლების მიხედვით, ფაქტობრივად, დამსაქმებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დასაქმებული, ისე, რომ არ აუხსნას მიზეზი. ცივილური ქვეყნების კოდექსებში მითითებულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, განმარტოს, თუ რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან მომუშავე პერსონალი. თავისი შინაარსით, შრომითი ურთიერთობა ისეთი რამ არის, რომ დასაქმებული ისედაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია. ამიტომ მას დამატებითი დაცვა სჭირდება. ჩვენი კოდექსი ამას არ ითვალისწინებს, რითაც ძალიან კარგად სარგებლობენ დამსაქმებლები, რაც დისკრიმინაციულია. გორელი პედაგოგის შემთხვევაც ამის დამადასტურებელია. იგი სერთიფიცირებული პედაგოგია და არ დაუსაბუთებია დირექტორს, ისე გაათავისუფლა სამსახურიდან. რა მიზეზით გაუშვა სერთიფიცირებული, კვალიფიცირებული პედაგოგი და, მაგალითად, არ გაუშვა სხვები?

შრომის კოდექსის გასაუმჯობესებლად მასშტაბურ აქციებს გეგმავთ?

- „ლაბორატორია 1918“ მცირერიცხოვანია იმისთვის, რომ მასშტაბური აქციები მოაწყოს. მასშტაბური აქციების მოწყობა უფრო საზოგადოებაზეა დამოკიდებული.  თუ ხალხი სამართლიან კანონს მოითხოვს, მაშინ ვეღარ შეძლებს დამსაქმებელი, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა მიზეზის გამო გაათავისუფლოს ადამიანი.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ასეთი ძვრებია, სტუდენტობა რატომ არის პასიური და ინდეფერენტული?

- ბევრი ფაქტორი იქნება ამაში ჩართული, მაგრამ მარტო სტუდენტობა კი არა, მთელი საზოგადოება პასიურია. სტუდენტებშიც იგივე შიშებია, რაც სხვებში. სტუდენტსაც ეშინია, რომ გარეთ გამოვიდეს, ილაპარაკოს, რადგან მისი მშობელია დასაქმებული.

უნივერსიტეტიდან განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტების დათხოვნა ხდება?

- რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგალითად, სამხატვრო აკადემიაში. მართალია, სტუდენტები არ იყვნენ კონკრეტული პარტიის წევრები, მაგრამ ისინი ითხოვდნენ განათლებას, სტუდენტზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არ ეთანხმებოდნენ სასწავლებლის ოფიციალურ კურსს. სტუდენტის დასათხოვნად მაინცდამაინც პარტიის წევრობა არ არის მიზეზი, არამედ ის, რომ სტუდენტი რაღაც ახალს ითხოვს, სხვა დღის წესრიგს ითხოვს და არ მოსწონს არსებული სასწავლებლის ოფიციალური კურსი. ეს სტუდენტის კანონიერი უფლებაა, მაგრამ ამ სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტეს.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სტუდენტებში რა განწყობაა?

- ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სტუდენტურ ცხოვრებაში მაინცდამაინც არაფერი შეცვლილა. საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურობა საუნივერსიტეტო ცხოვრებას უშუალოდ არ უკავშირდება, მაგრამ ზოგადად პასიურობა ახასიათებს სტუდენტობასაც და მთელ საზოგადოებასაც.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უსამართლობა გაგრძელდება, ქუჩაში გამოვლენ სტუდენტები, თუ ისე პასიურ მდგომარეობას ამჯობინებენ?

- პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მიღებულია, რომ ძირითადად პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს და არა - პოლიტიკას, ღირებულებებს. რა მნიშვნელობა აქვს, მიშა იქნება, ივანიშვილი თუ სხვა ვინმე. სანამ მთავარ ღერძულ საკითხებზე არ გავაკეთებთ აქცენტს და ასეთი უშუალო გარანტიებით არ მოვითხოვთ ჩვენი ცხოვრების დაცვას, პიროვნებებზე რაიმე აქცენტის გაკეთება პირადად მე შედეგიანი არ მგონია.

აცხადებთ, რომ ადამიანები პიროვნებებს უჭერენ მხარს, კონკრეტულად ქარიზმას გულისხმობთ?

- შეიძლება, პიროვნებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ მთავარია, პოლიტიკა, აქცენტი და ღირებულება. შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნებებს ერთმანეთთან მკვეთრი დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ მათ ერთი და იგივე იდეოლოგიური პლატფორმა აქვთ.

ყველა თაობას აქვს ღირებულებები. დღევანდელ სტუდენტურ თაობას რა ღირებულება აქვს? ალბათ, ზოგიერთისგან გაგიგონიათ, ახალ თაობას ღირებულებები არ გააჩნიაო, რადგან მათი უმრავლესობა ხმას არ იღებს უსამართლობის წინააღმდეგ.

- ზოგადად დიდი სხვაობაა თაობებს შორის, მაგრამ მთავარი ადამიანური ღირებულებები მაინც უცვლელია, რადგან, რაც კაცობრიობა არსებობს, ყოველთვისაა სამართლიანობის ღირებულება.

როცაქართუ ბანკზეთავდასხმა მოხდა, როცა მეცნიერებმა ივანიშვილის ბანკის ნაცვლად, ანგარიშები სხვა ბანკებში გახსნეს, სტუდენტებს რა რეაქცია ჰქონდათ?

- ეს არის უბრალოდ შემთხვევები, რომლებიც უამრავჯერ მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში. მასობრივი აპათიაა საზოგადობაში, კონკრეტულად ამ ან სხვა შემთხვევებს რატომ არ გამოეხმაურნენ სტუდენტები, არ ვიცი. მიმაჩნია, რომ უფრო ეფექტური იქნება ბრძოლა ინსტიტუციების წინააღმდეგ. ქეისები და შემთხვევები კი, შეიძლება, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენოთ. ეს საბაბი იქნება და არა მიზეზი.

სტუდენტურ აქციას თანადგომა გამოუცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. როგორც მან Presage.tv-ს განუმარტა, შრომითი კოდექსი უუფლებობას ამკვიდრებს საქართველოში.

„ერთმანეთის პრობლემების მიმართ ადამიანების სოლიდარული დამოკიდებულება თუ არ იქნება, ეს ასე გაგრძელდება და ეს კანონი იქნება. სანამ ეს აქლემი ყველას კართან არ დაიჩოქებს, მანამდე, ალბათ, ვერ მოეგება საზოგადოება გონს, რომ არაადექვატურ, დროსთან შეუსაბამო კანონმდებლობას, პროტესტი დაუპირისპიროს. 21-ე საუკუნეში ზეგანაკვეთური სამსახური არ უნდა გვქონდეს, ფეხმძიმეს პრობლემა არ უნდა ექმნებოდეს, თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო სამსახურს არ უნდა კარგავდეს ადამიანი, პოლიტიკური ნიშნით დევნა არ უნდა  ხორციელდებოდეს საწარმოებში“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი ალასანიას პარტიის წევრის მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუ ლეიბორისტული ან ნაციონალური მოძრაობის წევრები.

„მომავალში კიდევ უფრო უარესი კანონმდებლობაც იქნება, თუკი საზოგადოებამ, ადექვატური ქმედება არ დაუპირისპირა მის მიმართ მიმართულ ნეგატიურ ქმედებებს. სულაც არ ვარ იმ ილუზიით გამსჭვალული, რომ შეიცვლება პოლიტიკოსი და მეწარმეები დაიწყებენ დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნვას. ეს დასაქმებულმა ადამიანმა თავად უნდა მოიპოვოს. ისე, როგორც ეს მოხდა დასავლურ ქვეყნებში. ხელისუფლება მხოლოდ ხალხის მრავალფეროვნებას უყურებს“.