მდინარე თერგი ხელისუფლებამ განადგურებისთვის გაწირა

მდინარე თერგი ხელისუფლებამ განადგურებისთვის გაწირა

დღეს მეტროსადგურ „რუსთველთან“ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფისა და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გიგანტური ჰესების მშენებლობა გააპროტესტა.

ქართველი გარემოსდამცველები მოითხოვენ, რომ ცნობილი გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია, „გრინფისი“ დაინტერესდეს იმით, რაც საქართველოს ბუნების მიმართ ხდება და წარმომადგენლები მოავლინოს საქართველოში. „გრინფისის“ თანამშრომლებს კი საქართველოში აურაცხელი პრობლემები დახვდებათ: მარტო მტკვარს კი არ ემუქრება განადგურება, არამედ მდინარე თერგსაც, თერგდალეულთა საყვარელ მდინარესა და კავკასიის სიმბოლოს, რომ არაფერი ვთქვათ, გიგანტური კაშხლების მშენებლობასა და ეკოსისტემის გაჩანაგებაზე.

გარემოსდამცველები ვარაუდობენ, რომ „გრინფისის“ წარმომადგენლობა, წესით, საქართველოთი უნდა დაინტერესდეს, რადგან ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, საქართველო 25 ცხელ წერტილს შორისაა და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად ითვლება.

ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ამავდროულად, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორიცაა, აცხადებს, რომ საქართველოში გარემოს მთავარ მტრად გვევლინება ხელისუფლება. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე, მარტო ადგილობრივი ძალებით ხელისუფლების თვითნებობას ვერ დაამარცხებენ.

„გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით კამპანიაში „უსაფრთხო ენერგეტიკისა და გარემოსათვის“. ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ინიციატივა, რათა საქართველოში „გრინფისი“ შემოვიდეს, რათა მისი ძალა და ავტორიტეტი, კარგი გაგებით, გამოვიყენოთ გარემოსთან მიმართებით განხორციელებული სერიოზული ზიანისგან დასაცავად. თუმცა მთავარ მტრად, ამ შემთხვევაში, გვევლინება ხელისუფლება. საუბარია იმაზე, რომ „გრინფისმა“ მოგვცეს საშუალება, უფრო აქტიურად დავიცვათ ჩვენი ბუნება ნებისმიერი ზეწოლისგან. მართალია, „გრინფისის“ წარმომადგენლობა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები.  როგორც გარემოს დამცველები და ბუნების მოყვარულები ვცდილობთ, ლოკალურად დავიცვათ ჩვენი ბუნება და მეორე მხრივ, დავაინტერესოთ „გრინფისი“, ისინიც ჩაერთონ ამ ბრძოლაში. მარტო ჩვენი ბრძოლა ამ დიდი საერთაშორისო მაფიის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმი, ძალიან რთულია,“ - აცხადებს ლაშ ჩხარტიშვილი Presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, ქართველებს გვართმევენ სამშობლოს სხეულს - ჩვენს ბუნებას. რეალურად, მტკვრის გადატანასა და თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრის კალაპოტის შეცვლაზეა საუბარი. „ამის შედეგად კი მტკვრის წყლის დიდი ნაწილი საქართველოში აღარ გამოივლის“, - ამბობს ჩხარტიშვილი.

მისივე ინფორმაციით,  თერგი უკვე, პრაქტიკულად, განადგურებისთვის გაწირა ხელისუფლებამ და მისი გადარჩენის ბოლო შანსი არსებობს, ვინაიდან გვირაბში აქცევენ მის დიდ, რვაკილომეტრიან ნაწილს.

„დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. შენდება ჰესები, დერივაციულ კაშხალზეა საუბარი. მისი კალაპოტის შეცვლასაც გეგმავენ და გვირაბში მოექცევა თერგის დაახლოებით რვაკილომეტრიანი მონაკვეთი. თერგი აღარ იქნება, და, შესაბამისად, აღარ იქნება ჩვენი სულის დიდი ნაწილი. სამწუხაროდ, პროცესი დაწყებულია და მისი შეჩერება მნიშვნელოვანი იქნება. თუ ჩვენ არ გვექნა, არც თერგი, არც მტკვარი, სვანეთი, რაჭა, და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბუნებრივია, აღარ გვექნება სამშობლო“, -  გვითხრა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 გარემოსდამცველის თქმით, საქართველოს მთელი მთიანეთი განადგურების საფრთხის წინაშეა - ნაწილი დაიტბორება, ნაწილში კი კლიმატის ცვლილებები იქნება, რაც უდიდეს ზიანს მიაყენებს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას საქართველოში. ამასთან, საუბარია ტყეების მასობრივ გასხვისებაზე, რომლის კანონპროექტი უკვე პარლამენტში შედის და პირწმინდად ჭრას უშვებს, რაც მეწყრის ტოლფასია. „ეს კი უშვებს ნიადაგის მოხსნასაც, ანუ ფეხქვეშ გვაცლიან ნიადაგს“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, გიგანტური ჰესების მშენებლობა ხელისუფლებას დიდი ფულის მისაღებად დასჭირდა. რეალურად ინვესტორები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ისინი ამ გზით ფულს ათეთრებენ. საქართველოს სახელმწიფო კი ამით არაფერს იღებს.

„მოსახლეობა ვერ მიიღებს გაიაფებულ ტარიფებს. „ყველაფერი ინვესტორს“ - ასეთია ხელისუფლების პოზიცია. იმის გამო, რომ ეს ინვესტორი ოფშორული კომპანიებითაა წარმოდგენილი და ფარულია, ღრმად ვარ დარწმუნებული, მის უკან დგას  ხელისუფლება, რუსული სახელმწიფო ბიზნესი და ნაწილობრივ უკვე თურქული სახელმწიფო. რეალურად ექსპორტზეა საუბარი, ეს დაადასტურა გილაურმაც და ექსპორტის მიმართულება იქნება ძირითადად თურქეთი. თუმცა რუსული ბიზნესიც და პოლიტიკური ინტერესებიც არის, განსაკუთრებით ხუდონჰესის შემთხვევაში. ენგურჰესი ფრონტის ხაზზე რუსეთს აქვს გადაცემული მართვაში. „როგორ წარმოდგენიათ, ენგურჰესის კასკადის ნაწილი - ჰუდონჰესი რუსეთის გარდა ვინმეს ინტერესში შეიძლება იყოს?!“

„გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი ზაზა შენგელაია აცხადებს, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა არ ღირს იმად, რომ შეეწიროს ბუნება და სვანეთის 14 სოფელი.

„ამდენი სოფელი უნდა დაიტბოროს სვანეთში, იქაური მაცხოვრებლები აიყარონ. არადა, იმ სოფლებში რამდენი სიწმინდეები, სამარხებია. ამდენი სოფელი დაიტბორება, ეს კი იწვევს დანესტიანებას ისე, რომ ფაქტობრივად, უვარგისი ხდება საცხოვრებლადაც. ენგურჰესმა რომ დაანესტიანა გარემო, ზუგდიდში იგრძნობოდა. მე დასავლეთ საქართველოდან ვარ, ზუგდიდიდან. მაგალითად, მარილს ვერ აიღებ ისე, რომ მშრალი იყოს, ამიტომაცაა დასავლეთ საქართველოში მარილი სველი. როცა ვიცვამთ ტანსაცმელს, დანესტიანებულია. დასავლეთში არსებულ ტენიანობას ეს ისედაც ნესტს უმატებს. რატომ უნდა დაიტბოროს სოფლები, გაიჩეხოს ტყეები? ეკომიგრანტები გვაკლია?“ - აცხადებს ზაზა შენგელაია.

მისი თქმით, გაზაფხულიდან აპირებენ ჰუდონჰესის მშენებლობის დაწყებას. აქამდე ეს პროცესი დაკონსერვებული იყო, რადგან ადრე ეკოლოგებმა გაიმარჯვეს, ახლა კი  ბუნება ეწირება ამას.

„საერთოდ, არ გვესაჭიროება დიდი ჰესები, პატარითაც შეიძლება ენერგიის მიღება, ქარის, მზის ენერგიის გამოყენება. სხვა ქვეყნები უკვე უარს ამბობენ დიდ ჰესებზე.

ავიღოთ თბილისი, იჩეხება ბაღები და იმ ადგილას ან პოლიციის შენობები შენდება, ან სავაჭრო ცენტრები. ქალაქგარეთ რგავენ ხეებს, ტელევიზიები მიჰყავთ, თითქოს როგორ ზრუნავენ ეკოლოგიაზე, ქალაქაგარეთ წავიდე სასუნთქად? ქალაქში არ გვინდა ჰაერი? ბიზნესმენების ინტერესებს ეწირება ჩვენი ეკოლოგია“.

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა გარემოს და მწვანე ნარგავების მიზანმიმართული განადგურება დაიწყეს.

„ჭრიან ხეებს და მერე იქ მწვანედ ანათებენ ხელოვნურ ბალახებს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ნებისმიერი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, მის გარშემო არსებული ხეები უფრო მეტია, თუ ნაკლებია, ვიდრე იყო? ბაღებში, სკვერებში, პარკებში იმის ნახევარი არ არის დარჩენილი, რაც მანამ იყო, მიუხედავად ამისა, რომ შევარდნაძის დროსაც სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა“.

დაჩი ცაგურიას თქმით, მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა თავისი მწვანე ნარგავებით, სოფლებით, პრაქტიკულად, ჰესების ქვეშ ექცევა, რაც გაანადგურებს ეკოსისტემას.

„ეს უნდა შეჩერდეს და უნდა აღუდგეთ ამ გიგანტური ჰესების მშენებლობას, საქართველოს რაც სჭირდება, იმაზე გაცილებით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება საქართველოში. არსებული ჰესების რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა რომ მოახდინონ, 70 %-ით მეტ ენერგიას მიიღებენ. არ სჭირდება ამას ახალი ჰესების მშენებლობა. უამრავი ექსპერტი ამტკიცებს, არსებულის ეფექტურად გამოყენება რომ მოხდეს, დიდი ენერგიის მიღება შეიძლება. მაშინ დავფაროთ მთელი ქვეყანა ჰესებით. ვისი იქნება ეს ჰესები? ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკების და მათი ბიზნესინტერესების. რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასასქელებლად მთელი ქვეყანა წყლით დავფაროთ?!“_ კითხულობს დაჩი ცაგურია.