ბაღდათში ამ თემაზე მას შემდეგ ხუმრობენ, რაც ახალი საავადმყოფოს გახსნისას სააკაშვილს საწოლში ჰალსტუხიანი პაციენტი დაახვედრეს და თან, ამ პაციენტმა გულწრფელად უპასუხა, წნევა 120-70-ზე მაქვსო. არადა, თავგამოდებული ექიმი, ყოველ შემთხვევაში, თეთრხალათიანმა კაცმა, რომელმაც პრეზიდენტს თავი ექიმად გააცნო, ავადმყოფის სამედიცინო ისტორიით დაინტერსებულ პრეზიდენტს უთხრა, ამ კაცს მაღალი წნევა აწუხებს და საავადმყოფოში ამიტომ დავაწვინეთო.
ავადმყოფის პასუხით დარცხვენილი ექიმი კი არ დაბნეულა და ვითარების გამოსწორება უცდია, დღეს დილით წნევა 220 ჰქონდა და ახლა ჩამოვუწიეთო. რამდენად არის შესაძლებელი წნევის ასეთი რეგულირება, ამაზე ექიმებმა იკამათონ და გამორიცხული არ არის, ამით ბაღდათის საავადმყოფოს ექიმი რაიმე ჯილდოს მფლობელიც კი გახდეს სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის.
ბაღდათელებისთვის ამაზე მეტად საინტერესო ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს საწოლში მწოლიარე პაციენტი ჰალსტუხით და ლამის პიჯაკიანი დაახვედრეს. მათი თქმით, საავადმყოფოს გასახსნელად, დილით, სასრაფოდ აპარატურა მიუტანიათ, რათა პრეზიდენტს სათანადოდ მომზადებულნი დახვედროდნენ და ბოლო წუთებში აღმოუჩენიათ, რომ „უახლესი სტანდარტების საავადმყოფოში“, რომლის მსგავსი, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხოლმე, აქამდე არ გვღირსებია, არც ერთი პაციენტი არ მკურნალობდა.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დასახვედრად მოსახლეობაც მობილიზებული იყო, ან მობილიზებული ჰყავდათ და საავადმყოფოს კიბეებთან ყველაზე ახლოს მდგომი კაცისთვის ხელი უტაციათ და საავადმყოფოში „სამკურნალოდ“ გაუქანებიათ და, როგორც ჩანს, სიჩქარეში „ავადმყოფის“ ჰალსტუხი ვერ შეამჩნიეს.
ამასობაში პრეზიდენტიც მისულა, პრეზიდენტს, ავადმყოფსა და ექიმს შორის ზემოთხსენებული დიალოგი გამართულა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი მიხვედრილა, რომ მისმა ქვეშევრდომებმა ნამეტანი მოინდომეს და ამის გამო ისე გაბრაზებულა, რომ ავადმყოფის მოსანახულებლად მიტანილი ძღვენი ჰალსტუხიანი პაციენტის საწოლზე დაუგდია და ბაღდათში მოსახლეობასთან მისთვის საყვარელი საუბარიც კი აღარ გაუბამს.
მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ეს ამბავი ბაღდათში ჯერ კიდევ ტოპგასართობ ამბად ითვლება.
„მე რაც არ უნდა გითხრათ, ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან, რომ ეს ასე არ ყოფილაო, მაგრამ დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება და ეს ვიცი იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ საავადმყოფოს „პომპეზურ“ გახსნას. ჯერ ერთი, ეს თუ საავადმყოფოა, შეგიძლიათ, ჩახვიდეთ და ნახოთ. არც მეტი, არც ნაკლები სამსართულიანი, ლამაზად აშენებული შენობაა და მას ვიღაცამ რატომღაც საავადმყოფო დაარქვა. კი, ბატონო, ჩავთვალოთ, რომ ეს საავადმყოფოა, მაგრამ მის აშენებას შეეწირა დაახლოეიბთ 80 ექიმი, ექთანი და სხვა მომსახურე პერსონალი, კვალიფიციური კადრი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ბაღდათის რაიონულ საავადმყოფოში. ეს ადამიანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურის გაყარეს და, როდესაც ბატონი სააკაშვილი იყო ჩამობრძანებული ამ ე.წ. საავადმყოფოს გახსნაზე, პაციენტი ვერ იპოვეს, ვინც შეიძლებოდა დაეწვინათ სტაციონარში. ამიტომაც ხელი სტაცეს გახსნაზე მიყვანილ ადამიანს და პირდაპირ საწოლში უკრეს თავი.
იმერლები ისეთი ზრდილობიანი ხალხი ვართ, რომ საწოლშიც კი ჰალსტუხები გვიკეთია და პაციენტებიც კი ჰალსტუხებით წვანან. რომ გავიგებთ, პრეზიდენტი მოდის, დამბლა რომ გვქონდეს დაცემული, ჰალსტუხს ვიკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ხომ ხედავთ, რა კრეტინიზმამდე დავიდა ეს ყველაფერი, ეს ადამიანი დაემსგავსა ბრეჟნევს მიხრწნილობის ჟამს. ცხადია, ასეთი რაღაცეები ადგილებზე ზნედაცემული ჩინოვნიკების თვითინიციატივაა. ისინი ისე არიან მლიქვნელობით და პირფერობით დაკავებულნი, რომ ვეღარ ზომავენ, რას აკეთებენ და ჰგონიათ, რომ ამით თავიანთ არქიფოს კარგ საქმეს უკეთებენ“, - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი.
მოსახლეობა კი ამ ყველაფერზე „უშნოდ ხუმრობს და თავბედს იწყევლის - ვის ხელში ჩავვარდითო“.
„ეს ადამიანი უკვე ზღვარგადასულია და, თუ ჰგონიათ, რომ სამსართულიან საავადმყოფოს ააშენებენ, გახსნინსას აპარატურას საიდანღაც მოიტანენე, მერე ისევ წაიღებენ, მოსაჩვენებლად ხალხს ქუჩიდან ჩააწვენენ საწოლში და ამით ხალხი დაპურდება, ძალიან ცდებიან“,- ამბობს ცაგარეიშვილი.