“ქართუში” ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს საქართველოს ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივლონ. რადგანაც საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, “ქართუს” მესვეურებს, ფეხბურთის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თამაში მეტოქის ნახევარზე გადააქვთ.
“ქართუ ბანკი” საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას უკვე აპირებს. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, სასამართლოში ეროვნული ბანკის მიერ “ქართუს” შემოწმების ფორმა აუცილებლად გასაჩივრდება. ამასთან, ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ბანკმა “ქართუში” არჩევნებამდე დარჩენა გადაწყვიტოს.
ეროვნული ბანკის “ქართუში” შესვლამდე კი, 2011 წლის 18 ოქტომბერს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო ამოიღო. მართალია, რამდენიმე დღის წინათ ბანკს ფული დაუბრუნეს, თუმცა ეროვნული ბანკმა “ქართუდან” გამოსვლას ისევ არ აპირებს.
ეროვნულ ბანკში კი ამბობენ, რომ “ქართუში” შესვლა მხოლოდ აღნიშნულ თანხას არ უკავშირდებოდა და შემოწმება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ბანკი “ქართუ” საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, სასამართლოში ეროვნული ბანკის მიერ “ქართუს” შემოწმების ფორმა გასაჩივრდება. მისი თქმით, ამ მხრივ, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.
“შემოწმების დღიდან ისინი არაფერს სწავლობენ და არაფერს ამოწმებენ. ყოველდღიური მიმდინარე ოპერაციების წინასწარი კონტროლის რეჟიმში მუშაობენ, რაც საერთოდ ტერმინ “შემოწმების” ჩარჩოებში არ თავსდება და ამგვარ ქმედებას არანაირი საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამას მაინც აგრძელებენ. თავიდან შემოწმება 2 თვით იყო, მერე ეს ორი თვეც გაგრძელდა. თუ საერთაშორისო ან ფინანსური ინსტიტუტებიდან არ იქნება ზეწოლა ან სასამართლოსთვის მიმართვა (რასაც ვაპირებთ კიდევ), ვფიქრობ, ისინი, მინიმუმ, არჩევნებამდე იქ იქნებიან და ამ რეჟიმით “იმუშავებენ”, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ასეთი ეჭვი საფუძველს მოკლებული მართლაც არ არის. სებ-მა “ქართუს” შემოწმება იმ დროიდან დაიწყო, რაც ბანკის ტოპ-მენეჯმენტმა სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. აქედან მოყოლებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ “ეროვნული” “ქართუში” მანამ დარჩება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.
ამიტომაც ჯავახიშვილმა ეროვნული ეროვნული ბანკის საბჭოს 30 დეკემბერს წერილობით მიმართა, სადაც ამ საკითხის განხილვასა და იმის მითითებას ითხოვს თუ რომელი საკანონმდებლო ბაზაზე ხდება ამგვარი ფორმით შემოწმება ან პროცესი საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს, თუმცა მას პასუხი ჯერ არ მიუღია.
“ამ შემთხვევაში შემოწმების ფორმას გავასაჩივრებთ. ამას გამოვრიცხავ, მაგრამ მბჟუტავი იმედია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო ამ სიტუაციას კანონმდებლობასთან შესაბამისაობაში მოიყვანს”, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ამასობაში სხვადასხვა ტიპის ზეწოლებისა და ახლადმიღებული კანონების გამოისობით “ქართუს” ზარალი, 67 მლნ-ს მიუახლოვდა. ეს, ძირითადად, გამოიწვია დატოვებული სესხების ჩამოწერამ.
“ეს პროცესი გრძელდება და თუ ხელისუფლებაში ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნავენ, იქნებ შეაჩერონ სადამსჯელო ოპერაცია. რასაც დააყადაღებენ და უპერსპექტივო სესხად აქცევენ, რასაკვირველია, თანმიმდევრულად ჩამოვწერთ, ჩვენი ბალანსის ლიკვიდობიდან გამომდინარე.
ჩვენი საკრედიტო პორტფელი 300 მლნ-ზე მეტია და თუ სულ დაგვიყადაღეს, რა თქმა უნდა, ლიკვიდობის პრობლემა დაგვიდგება. იმედი გვაქვს, ასე არ მოხდება. ბევრ საკითხზე დასავლეთი დუმს, მაგრამ გარკვეულ მომენტში მკვეთრად აფიქსირებს პოზიციას. სწორედ ამ ტენდენციის (და არა ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვის) გამოძახილია ფულის დაბრუნება”, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
905
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85