სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თურქეთში დროებით სამუშაოზე წასულ და სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს მომდევნო სამი თვის მანძილზე უფლება არ ექნებათ, თურქეთში კვლავაც დაბრუნდნენ. როგორც ამბობენ, ახალი ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, თუმცა ინიციატივის დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველები თურქეთში გაჭირვების გამო სამუშაოს საძებნელად ჩადიან და ყველაზე იაფ მუშახელად ითვლებიან. ძირითადად, მოკლევადიან, შავ სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის, მუშაობენ მტვირთავად, მომვლელებად. განსაკუთრებით მძიმე სამუშაო მამაკაცებისთვისაა. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ინიციატივის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ სამთვიანი ე.წ. „ლუფტი“ ექნებათ, ცხადია, თურქი დამსაქმებელი მათ სამი თვის მანძილზე ლოდინს არ დაუწყებს და სხვა მუშახელს აიყვანს. ამით კი ქართველები ტერიტორიულად ახლოს მდებარე თურქეთშიც სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.
ასეთი ცვლილებები მით უფრო გაუგებარია, როცა საქართველოს ხელისუფლება თურქეთში უვიზოდ მგზავრობის პირობას დებდა. ჩვენ შევეცადეთ საგარეო უწყებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოგვეპოვებინა ინფორმაცია, მაგრამ იმ მოტივით, რომ ინიციატივა ძალაში არ შესულა, მხოლოდ ზოგადი პასუხებით შემოიფარგლნენ. კითხვა კითხვად რჩება, ამ ინიციატივის რეალური ავტორი მართლაც საქართველოს ხელისუფლებაა, თუ თურქეთისაც? ჩვენი ინფორმაციით, ეს ინიციატივა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა. ასე რომ, 1-ელი თებერვლიდან თურქეთი ქართველებისთვის ძნელადმიღწევადი ქვეყანა გახდება.
თურქეთი მთლად გულგახსნილი რომ არ იქნებოდა ქართველებისთვის, ეს ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა. არადა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ქართველია დასაქმებული. გასული წლის აპრილში იქ მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეუქმნეს, რაც, ასევე, ბოლო დროს ჩვენი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობების ფაქტებითაც უნდა იყოს განპირობებული. იმ პერიოდში თურქეთში მცხოვრები ქართველები თურქ სამართალდამცავებს უჩიოდნენ, რადგან ეს უკანასკნელნი მათ ქუჩებში გადაადგილებისას აჩერებდნენ და გაუთავებლად საბუთებს უმოწმებდნენ. იშვიათი არაა, როცა თურქი დამსაქმებელი ქართველებს გასამრჯელოს არ უხდის, რაც დაპირპირების ერთ-ერთი მიზეზია. თურქეთზე რა უნდა ვთქვათ, როცა ბათუმში გახსნილ თურქულ ღამის კლუბებში ქართველ მამაკაცებს შესვლის უფლებას არ აძლევენ და ამას თურქი მეპატრონეები იმით ხსნიან, რომ ქართველები დალევისა და ხმაურის მოყვარული ხალხია და თურქებთან ერთ სუფრასთან დაჯდომა აუცილებლად უსიამოვნებას გამოიწვევს.
გასულ წელს თურქეთიდან ქართველების მაშტაბური დეპორტაცია განხორციელდა. ქვეყნის იძულებით დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 200-მდე უცხოელიდან 150 ქართველს შეეხო. მათ შორის, უმეტესად, ქალებს. თანაც დეპორტაცია შეეხო როგორც არალეგალურად დასაქმებულ, ისე დამსაქმებელ პირებს.
Presage.tv საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა იქიდან საკონსულო დეპარტამენტში გადაგვამისამართეს.
საკონსულოში როგორც გვითხრეს, ასეთი ინიციატივა მართლაც მზადდება და სამ დღეში ზუსტი პასუხი ეცოდინებათ იმის შესახებ, თუ რატომ არ შეეძლებათ ქართველებს 90 დღის განმავლობაში თურქეთში დროებით სამუშაოებს დაუბრუნდნენ.
„საქართველოს მოქალაქე თურქეთში 90 დღე თუ გაჩერდება, სავარაუდოდ, მომდევნო 90 დღის განმავლობაში საქართველოში უნდა დაჰყოს, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია სამ დღეში გვექნება“, - გვითხრეს საკონსულოში.
მანამდე ხომ უვიზო იყო თურქეთში მიმოსვლა? ეს ცვლილებები რატომ გახდა საჭირო?
- სამ დღეში ეცოდინებათ-თქო ზუსტად.
როცა დეტალებით დავინტერესდით, საკონსულოს მეორე თანამშრომელს, ლიკა ახალბედაშვილს დაგვაკავშირეს.
ლიკა ახალბედაშვილი: ჯერჯერობით ვერ გეტყვით ვერაფერს, სამ დღეში დაგვიკავშირდით, ზუსტად გვეცოდნება.
მაშინ ეს მაინც გვითხარით, რატომ გახდა საჭირო ამ ინიციატივის განხორციელება? თურქული მხარის მოთხოვნა იყო თუ ქართულის?
- ვერ გეტყვით. ოფიციალურად განთავსდება საგარეოს საიტზე და შესაბამისად, საინფორმაციო გაავრცელებს ყველა ინფორმაციას.
ეს ადამიანები საქართველოში რომ ჩამოვლენ, თურქეთში სამუშაო ადგილებს ხომ დაკარგავენ?
- პრესსამსახურს დაუკავშირდით.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი ამ თემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს.
ამ უმუშევრობის პირობებში გამართლებულად მიგაჩნიათ ეს სიახლე, რაც კანონმდებლობაში უნდა ჩაიდოს?
- რადენადაც ვიცი, ეს ძალაში შევა 1-ელ თებერვალს, ჯერ ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული.
თქვენი აზრით, ამ ინიციატივის განხორციელება რატომ გახდა აუცილებელი?
- სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება და ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, ვერაფერს გეტყვით და თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან.
აქამდე უვიზოდ დადიოდნენ ქართველები თურქეთში?
- თურქეთში შესვლა უვიზო იყო, მაგრამ სამ თვეზე მეტხანს უვიზოდ დარჩენის უფლება არავის ჰქონდა. ანუ ვინც სამ თვეზე მეტი ხნით რჩებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, საჭირო იყო ვადის გაგრძელება. თუ ვინმე უვიზოდ შევიდოდა თურქეთში, მისთვის საჭირო იყო ბინადრობის მოწმობა. ასევე, სამუშაო მიზნით წასვლისთვის საჭირო იყო და ახლაც საჭიროა სამუშაო ვიზა. ეს არის დღევანდელი წესები. როცა წესები შეიცვლება და ოფიციალურად გამოქვეყნდება, ჩვენც შევისწავლით.
თურქეთში რომელ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები ქართველები?
- გააჩნია სამუშაოებს. ქალების შემთხვევაში, უფრო მომვლელად, ძიძებად მუშაობდნენ, ხოლო მამაკაცები სხვადასხვა, ნაკლებ კვალიფიციურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სფერო, მსუბუქი ინდუსტრიის სფერო და ა. შ. ვერ ვიტყვი, რომ თურქეთში ყველაზე მძიმე პირობებში იყვნენ ქართველები.
ამ ცვლილებებით ხომ დაკარგავენ სამუშაოს? რომელი დამსაქმებელი დაელოდება ქართულ იაფ მუშახელს სამი თვის მანძილზე, სხვებს არ აიყვანენ მათ ადგილებზე?
- ცვლილებების შესახებ ვერაფერს გეტყვით. დაკარგავენ სამუშაოს... თუ სამუშაო ვიზის გარეშე მუშაობენ, ბუნებრივია, ეს არალეგალური სამუშაოა, რაც კანონის დარღვევად ითვლება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამჟამად.