მთავრობა 200-მდე სახელმწიფო საწარმოს ლიკვიდაციას გეგმავს

მთავრობა 200-მდე სახელმწიფო საწარმოს ლიკვიდაციას გეგმავს

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაციას აპირებს. ამისთვის კი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის პროცესი მარტივდება. მთავრობის ინიციატივით ცვლილება „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილოებით შექმნილ საწარმოებს შეეძლებათ ლიკვიდაციის პროცესში, საწარმოს ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები სასამართლოს ან/და ნოტარიუსის სადეპიზოტო ანგარიშის ნაცვლად, საკუთარ ანგარიშზე განათავსონ. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს უფლება ექნებათ ასეთი თანხები საწარმოს ლიკვიდაციის მიმდინარეობის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარად გამოიყენენ.

 

გარდა ამისა, ზოგადად, საწარმოს რეორგანიზაციისას სავალდებულოა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შედარების აქტის წარდგენა. თუ ამ შედარების აქტიდან დგინდება საგადასახადო ორგანოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა, ეს არის საწარმოს რეორგანიზაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი.

 

კანონპროექტით კი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს შედარების აქტის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ. აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კომენტარს საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ გააკეთებენ.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატია სახელმწიფო საწარომების გაუქმების გამარტივებას ითვალისწინებს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოები მაქსიმალურად უნდა გაუქმდეს.

 

ზოგად ამოცანას წარმოადგენს, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა რაც შეიძლება შემცირებული იყოს. დარჩეს მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს უნდა იყოს დაქვემდებარებული. დანარჩენ შემთხვევაში ეს მავნე პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ფლობდეს საწარმოებს, უნდა აღმოიფხვრას. უნდა მოხდეს აუცილებლად მისი განკერძოება და, შესაბამისად, მოხდება ამ პროცესის გამარტივება. ეს შეიძლება გამოიხატოს ცალკეულ ლიკვიდირებულ საწარმოთა გაერთიანებაში, შეიძლება მოხდეს მათი პრივატიზაციის პროცესი, - აცხადებს გია ხუროშვილი.

 

მისივე განმატებით, საუბარია დაახლოებით 200-მდე საწარმოზე. თუმცა, ჯერჯერობით იგი იმ კონკრეტულ საწარმოებს, რომელთა ლიკვიდაციაც არის მოსალოდნელი, ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ მთავარი პრინციპის შემუშავებაა.

 

რაც მთავარია, ლიკვიდაციის პროცესი უნდა იყოს მოქნილი და მოკლე დროში შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ადრე ლიკვიდაციის თანხების განთავსება ხდებოდა ნოტარიუსის და სასამართლოს ანგარიშზე. ახლა მოხდება ის, რომ დარჩება საწარმოს ანგარიშზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელემენტარულად საწარმოს გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც არ არის აღწერილი. მას გააჩნია ის ქონება, რომელიც არ არის დარეგისტრირებული და ამისთვის უნდა მოხდეს მისი აზომვა და დარეგისტრირება.

 

ამიტომ, ბუნებრივია, ეს თანხები უკონტროლო არ იქნება. იგი დაიდება მის ანგრიშზე და ხარჯვის პროცესი დაუკავშირდება უშუალოდ სალიკვიდაციო გეგმის შესაბამისად გასაწევ ხარჯებს. თავისთავად სახელმწიფო გააკონტროლებს თანხების მოძრაობას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროცესი არ უნდა იყოს დროში უსასრულოდ გაწერილი და ეს უნდა მოხდეს სწრაფად და მოქნილად, - აცხადებს ხუროშვილი.

 

საინტერესო კი ის არის, რომ ამ საკითხზე რაიმე კომენტარს ჯერჯერობით ვერც ექსპერტები აკეთებენ. „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.

 

თუკი მოხდება ის, რომ კერძო სამართლის პირი კერძო დამფუძნებლებით იქნება მეტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები, რომლებიც ნამდვილად კარგი საწარმოებია ან პოტენციური საწარმოა, უბრალოდ გაუქმდეს. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ ეს საწარმოები დააყენოს ფეხზე და ისე მოახდინოს მისი განსახელმწიფოებრიობა და არა ის, რომ ერთი ხელის მოსმით გააუქმოს, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.