ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
ბათუმი, წყალტუბო, სიღნაღი, ბაკურიანი - ამიერიდან ამ ჩამონათვალს ყაზბეგიც შეემატება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყაზბეგი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი გახდეს, სადაც სამორინეები გაიხსნება. ამ ინიციატივის ფარგლებში, ყაზბეგში სამორინეს მოწყობის მოსაკრებელი ნახევრდება. ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 15.000 ლარით განისაზღვრება.
ხელისუფლების იდეა, რომელიც წყალტუბოს მეორე ლას-ვეგასად გადაქცევას ისახავდა მიზნად, ამ დრომდე განუხორციელებელია. წყალტუბო სათამაშო ბიზნესისთვის დაუბეგრავ სათამაშო ზონად ჯერ კიდევ წლების წინ გამოაცხადა, თუმცა ქალაქში ჯერ მხოლოდ ერთი სამორინე ფუნქციონირებს.
დავით ნარმანია (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): - ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ერთადერთი საფუძველი აქვს, ის დაკავშირებულია გუდაურის რეაბილიტაციის პროექტთან. გუდაურში ვითარდება სასტუმროების ინდუსტრია, რაც ტურიზმის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. ყველაფერი ტურისტების მოსაზიდად კეთდება, ისეთი ტურისტებიც ხომ ჩავლენ, აზარტული თამაშებით რომ არიან დაინტერესებული, ამიტომ სათამაშო ინდუსტრიის განვითარებისთვის გადაწყვიტეს ლიცენზიის მოსაკრებელი გაანახევრონ. მაგრამ არის რამდენიმე გარემოება, რაც ერთი მხრივ უკავშირდება ცუდ გამოცდილებას - წყალტუბოს დაუბეგრავ სათამაშო ზონად გამოცხადებამ ვერ გამოიწვია ინვესტიციების მოზიდვა და სათამაშო ბიზნესის განვითარება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ამ ბიზნესის ადმინისტრირება. უწინ გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედიოდა, ახლა კი მის მართვას თბილისის მერია ახორციელებს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ახლავე განმარტავს, ვინ განახორციელებს ამ ბიზნესის ადმინისტრირებას.
თუმცა, რეალურად იქნება თუ არა ეს შეღავათები მასტიმულირებელი გარემოება ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის, რასაც კაზინო და სათამაშო ბიზნესი ჰქვია, ამის განსაზღვრა რთულია. ხელისშემშლელი გარემოება იმისა, რომ საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში სათამაშო ბიზნესი არ ვითარდება ის კი არ არის, რომ ამ ბიზნესის რეგისტრაციის მოსაკრებელია მაღალი, არამედ ის, თუ რეალურად ვინ დაკავდება იქ აზარტული თამაშით, რის ხარჯზე განვითარდება ეს ბიზნესი, რომ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო გახდეს.
- რამდენად მართებულია, როცა ხელისუფლება შემოსავლების ზრდას მსგავსი ბიზნესის წახალისებით ცდილობს?
- მხოლოდ შემოსავლების ზრდა არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის ორიენტირი. საზოგადოდ, სათამაშო ბიზნესის განვითარებაზე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკა და ცალკეული ტერიტორიების დაუბეგრავ ან შეღავათიანი დაბეგვრის ზონად გამოცხადება ამ პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. რეალობა კი სულ სხვაგვარია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებას ცალკეულ ინვესტორებთან ჰქონდეს მოლაპარაკება და სწორედ მათი მოთხოვნით ხდება ყაზბეგში სათამაშო ბიზნესის რეგისტრაციის მოსაკრებლის შემცირება, რათა ბაზარზე შემოსულმა კომპანიამ უფრო მარტივი სასტარტო პირობებით შეძლოს სათამაშო ობიქეტის მოწყობა.
- ბევრი წარუმატებელი მაგალითია იმისა, როცა მსგავსი შეღავათი ვერ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ბიძგი ამ ბიზნესის განვითარებისთვის. თუ ეს ბიზნესი მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, რატომ არის წყალტუბო, სიღნაღი, ბაკურიანი ჯერ კიდევ აუთვისებელი?
- რადგან ამდენი წარუმატებელი მაგალითი არსებობს, ვიღაც აუცილებლად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ჩვენთან სათამაშო ბიზნესის სარეგისტრაციო მოსაკრებელი ძალიან მაღალია და 5 მილიონი ლარით განისაზღვრება. თუ ვინმეს სურს, ეს ბიზნესი განავითაროს ქვეყანაში და ამით საქართველო მიმზიდველი გახადოს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, მოსაკრებლის შემცირებითა და სასტარტო პირობების გამარტივებით უნდა დაიწყოს. შემდეგ კი იქ, სადაც არსებობს ამ ბიზნესის განვითარების პოტენციალი, ბუნებრივად განვითარდება.
- ფიქრობთ, რომ ყაზბეგში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე შეღავათების დაწესება კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული?
- სამწუხაროდ, საქართველოში ამის დიდი გამოცდილება არსებობს და სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ცალკეულ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების საფუძველზე ვრცელდება ეს შეღავათები.
- წყალტუბოზე დიდ იმედს ამყარებდა ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ იქცა ის "ქართულ ლას-ვეგასად"?
- იმიტომ, რომ მხოლოდ მოსაკრებლის მაღალი განაკვეთი არ იყო ამ ბიზნესის განვითარებისთვის შემაფერხებელი გარემოება. იქ არც აეროპორტია და ტერიტორიულადაც დაშორებულია დედაქალაქს, ამიტომ უცხოელებისთვის მიმზიდველი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობა კი სათამაშო ბიზნესის არც ისე დიდი მოტრფიალე აღმოჩნდა. არადა პირველად მოსაკრებელი სწორედ წყალტუბოსა და ბათუმისთვის შემცირდა.
- ბათუმში თუ გაამართლა სათამაშო ბიზნესის წახალისებამ?
- ბათუმში ამ შეღავათებმა სათამშო ბიზნესის განვითარებას სტიმული მისცა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის თურქეთთან ახლოსაა, ხოლო ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში იქ უფრო მეტი ტურისტი ჩადის, ვიდრე საქართველოში ერთად აღებული.
- იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ორიენტირი ევროპაა, განვითარებული ქვეყნების მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ, იქ თუ სარგებლობს მსგავსი ბიზნესი საგადასახადო შეღავათებით?
- ქვეყნების უმრავლესობაში ეს ბიზნესი პრიორიტეტული არ არის, უბრალოდ ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანების გართობისა და დამატებითი შემოსავლის მიღების. არის ქვეყნები, სადაც შეზღუდულია ამგვარი ბიზნესსაქმიანობა. ყველა ქვეყანას ამ საკითხის მიმართ ინდივიდუალი მიდგომა აქვს. თუმცა ყველა შემთხვევაში, ქვეყანაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს განსაზღვრული პოლიტიკა, რომლითაც შემდეგ ეს ბიზნესი განვითარდება და რა ფისკალურ ეფექტს მოიტანს, ანუ რა შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტი. გარდა ამისა, აუიცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სოციალური ეფექტები - ხომ არ დააზარალებს ამ ბიზნესის განვითარება საზოგადოებას მორალურად, ფსიქოლოგიურად.
- არ გეჩვენებათ, რომ საქართველოს მაშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია ისეთი ადგილი, სადაც სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობებია შექმნილი?
- ბევრ ქვეყანაში ამიტომაც არის შეზღუდული სათამაშო ბიზნესის განვითარება, მათ შორის კაზინოების, რომ ადამიანები აგებენ დიდ ფულს, რომლის გასტუმრების შესაძლებლობა არ აქვთ და შემდეგ ამის თანამდევი პროცესია ყაჩაღობის, ძარცვისა და სხვა დანაშაულის ზრდა. ამიტომაც არის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ყველა ქვეყანაში ის ცალკე განიხილება. ეს არის ბიზნესი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით პროდუქტს არ ქმნის და შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მონაწილეობას არ იღებს. ქვეყანაში ბევრი ასეთი ადგილის არსებობა, სადაც მსგავსი შეღავათები ვრცელდება, ნიშნავს იმას, რომ ერთიანი მწყობრი პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს და იქ წესდება ეს შეღავათი, სადაც ამას ვინმე ითხოვს. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის მთავარია ინვესტიციის მიღება, ხოლო რა გზით შემოვა ეს ფული და როგორ აისახება მოსახლეობაზე, ეს უკვე მეორე პლანზეა გადასული. როგორც ჩანს, ყაზბეგში ვიღაც ინვესტორი გამოჩნდა, რომელიც აპირებს, ეს ბიზნესი განავითაროს და შეღავათებიც ამის შედეგია.
- თუ გუდაურისა და ყაზბეგის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებაზეა საუბარი, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ხელისუფლებას საგადასახადო შეღავათები საოჯახო სასტუმროებისთვის დაეწესებინა?
- ეს თავისთავად იქნებოდა სტიმული, მაგრამ ამისათვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ხელისუფლებას სურს, ბიუჯეტში შემოსავლების დაკარგვის გარეშე მიიღოს ეფექტი.
1166
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85