სიმონ ჯაში, "გურია ნიუსი"
საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა ხალხში ანეკდოტად გასულ ერთ შემთხვევას მაგონებს: კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ, ხალხში დადიოდა ერთი პიროვნება და შემხვედრს სთხოვდა განმარტებას პიროვნების კულტის თაობაზე. ამ საკითხზე იგი ყრილობის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ერთგვაროვან პასუხებს იღებდა და მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდა. თქვენ თვითონ არ გცოდნიათ და მე რას მასწავლითო, - თქვა კაცმა და საკითხი ასე განმარტა: - პიროვნების კულტი ეს არის ავადმყოფობა, რომელიც ამ პიროვნების გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ჩნდებაო.
ივანიშვილისა და კალაძის მიმართ ოფიციოზის დამოკიდებულება სტალინის პიროვნების კულტის ნაგვიანებ ბრალდებას და დაგმობას მაგონებს. მართალია, სტალინი ისტორიის კუთვნილებაა, ივანიშვილი და კალაძე კი ჩვენი თანამედროვეები არიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეფასებები დაგვიანებით გაკეთდა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ნათქვამია და უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ იმის გაგებით, რომ კალაძეს "ავტოგოლები განზრახ გაუტანია"! ეს რომ "დანაშაულის" ჩადენისთანავე გახმაურებულიყო, ფეხბურთელი მაყურებელთა რისხვას ვერ გადაურჩებოდა. ასე აჩუქეს სიცოცხლე კალაძეს! ივანიშვილთან საქმე უფრო რთულადაა _ იგი ოცი წლის მანძილზე ფულს რომ რუსეთში აკეთებდა, მხოლოდ ახლა გაგვახსენდა! კარგად გვახსოვს, ვის ფულს ვხარჯავდით, ოღონდ მისი მფლობელის ვინაობაზე კრინტიც არ დაგვიძრავს და ყველა ქველმოქმედებას თუ საქვეყნო მასშტაბის მშენებლობას ჩვენი კაი ბიჭობის ნაყოფად ვთვლიდით! ეს უბედურებაც არის და სხვისი დამსახურების მითვისებაც.
"თუ შიმშილისა და სიღარიბის გამო, სხეულში მასაზრდოებელი ნივთიერება არ გვაქვს, არც თავში, გრძნობებსა და გულში გექნება მასალა ზნეობისთვის" _ ფოიერბახის ამ ფორმულას კონკრეტული დრო არ გააჩნია და ყველა ეპოქაში ერთნაირი ძალა აქვს. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, სინდის-ნამუსი ფულზე არ იყიდებაო, ყველა კარგად ხედავს, რომ ყველაფერი პირიქითაა: პოლიტიკაც, ზნეობაც და ზოგჯერ სიცოცხლეც, დიდი ხანია, ვაჭრობის საგნად გადაიქცა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კარგად იცის, რომ დღეს ომი ადამიანთა გულებისთვის უფულოდ არ მოიგება.
ვიყოთ გულახდილნი - ხელისუფლებამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, ზედა ფენებმა გაძარცვეს ქვეყანა და ამ გზით შექმნეს მქონებელთა ჯგუფი, რომლის ხელშიც მოექცა მთელი ეკონომიკა. ამ დანაშაულთან შეგუება კიდევ შეიძლებოდა, თუ ნაძარცვი ქონება ხალხს დაუბრუნდებოდა საწარმოებისა და სამუშაო ადგილების სახით. მაგრამ ფინანსურმა მაგნატებმა გაუგონარი ღალატი ჩაიდინეს, ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას და ერის სიმდიდრე უცხოეთის ბანკებში დააბანდეს. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ხელისუფლებამ რომ ფინანსური ამნისტია გამოაცხადა, მაგრამ ისიც ემახსოვრებათ, ამას რომ არ მოჰყოლია რაიმე პოზიტიური შედეგი. დაგვრჩა ერთადერთი იმედი _ უცხოური კრედიტები და კერძო ინვესტიციები. ერთიც და მეორეც ძალზე ძვირი სიამოვნებაა. ვალები იზრდება და დიდი დანაკარგების გარეშე მათი გადახდის შანსი ძალზე მცირეა. ასეთ შემთხვევაში, ასპარეზზე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბიზნესმენის გამოჩენა ხალხმა და ხელისუფლებამ დადებით მოვლენად უნდა ჩათვალოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ოპოზიციის გაძლიერება მოჰყვება. რატომ არ შეიძლება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ურთიერთკომპრომისის გზით პოზიციები შეათანხმონ და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ?! რატომ არ შეიძლება შეიქმნას კოალიციური მთავრობა?
ხელისუფლების სიძულვილით უნდა იყო დაბრმავებული, რომ ვერ შენიშნო ფართო მშენებლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრების დაბალი დონის გამო გვიჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა: - რისთვის შენდება ან ვისთვის შენდება? საავადმყოფოები კარგია, თუ იგი სიღატაკით გამწარებულ მშრომელებს მოემსახურება. ზედა ფენები ხშირად სტუმრობენ ძვირადღირებულ უცხოურ კლინიკებს, მოსახლეობას კი, უფულობის გამო, პროვინციულ საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალებაც არ აქვს.
საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის გზაჯვარედინზე იდგა. მის ისტორიაში ძნელად გადასაჭრელ პრობლემებს ყოველთვის მმართველი - ზედა ფენა ქმნიდა. ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლისა და განუწყვეტელი შინაომების გამო, ერის ფიზიკური და სულიერი ენერგია უმოწყალოდ იფლანგებოდა. ევროპის ქვეყნებშიც დიდხანს იყო ანალოგიური მდგომარეობა.
ცივილიზებული ქვეყნების ნაცადი "სახელოვანი" გზით, მგონი, დღეს მარტო ჩვენ მივდივართ: ჩასაფრება, დაბეზღება, სიცრუე, ყალბი კომპრომატები ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წამყვანი მეთოდებია.
შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეპრესიებმა ყველაზე დამანგრეველი ხასიათი საქართველოში მიიღო. ოთხმოცდაათიან წლებშიც "გამორჩეული" ვიყავით ძალაუფლებისათვის ბრძოლის ტრაგიკული შედეგებით.
ვისწავლეთ თუ არა ჭკუა მწარე გამოცდილებიდან? ამ კითხვაზე პასუხს მომავალი გაგვცემს. ვფიქრობ, რომ ვაჯობებთ საკუთარ თავსაც და იმ ავადსახსენებელ კომუნისტებსაც, რომლებმაც თავიანთი ბატონობის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ჩაატარეს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები და უსისხლოდ ჩააბარეს ძალაუფლება ეროვნულ ძალებს.
შეუძლებელია ქვეყნის ბედს ერთი პიროვნება ან ერთი პარტია განაგებდეს. ქვეყნის ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გონებრივად და ზნეობრივად ერის ყველაზე ჯანსაღი ძალების კოლექტიური აზროვნების ნაყოფი უნდა იყოს. ეს უბრალო სურვილი კი არა, ეპოქის კატეგორიული მოთხოვნაა!
819
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85