მერიის

მერიის "1000 ჯიხურში" ჯერჯერობით მწვანილი იყიდება


"1000 ჯიხურის" პროექტის ფარგლებში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამარჯვებულმა მცირე თუ მსხვილმა მეწარმეებმა დედაქალაქის ქუჩებში ახალი, გამჭვირვალე ჯიხურები უკვე დადგეს. თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანში გაზეთი არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში "ბიზნეს-რეზონანსმა" ასეთი ვერც ერთი ჯიხური ვერ აღმოაჩინა. აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდულ გამჭვირვალე ჯიხურებში მხოლოდ ხილ-ბოსტნეული და ერთჯერადი ცელოფნის პარკები იყიდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მერიის "1000 ჯიხურში" ჯერჯერობით მწვანილი და პარკები იყიდება / "სადაც ერთ დროს გაზეთები იყო, ახლა ხილ-ბოსტნეული იყიდება და რეალურად ისიც არ იყიდება".

"თბილისის მერიამ "1000 ჯიხურის" პროექტის განხორციელება 2011 წლის ბოლოს დაიწყო. მაშინ გიგი უგულავა თბილისელებბს "გულმოდგინედ" უხსნიდა, რაოდენ მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის თვალსაზრისით მცირე ბიზნესის ხელშეწყობა: "მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშესაწყობად, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად... იდეა არის ძალიან მარტივი და არანაირად ორიგინალური არ არის, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიზუალურად სისტემატიზებული, დახვეწილია და შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით 2000-მდე ადამიანმა იპოვოს სამსახური და დაიწყოს თავისი პატარა ბიზნესი", - აღნიშნა უგულავამ. ჩატარებული რამდენიმე აუქციონის შემდეგ გაირკვა, რომ უგულავას დაპირება იყო ფარსი. მცირე მეწარმეები თითო ჯიხურის განთავსების უფლებაში 1000 ლარს კი არ იხდიდნენ, არამედ რამდენჯერმე მეტს. ზოგიერთ ლოტზე ფასმა 41 ათას ლარს მიაღწია. პროექტის განხორციელებისას დედაქალაქის ქუჩებიდან აიღეს პრესის გავრცელების ათეულობით ჯიხური, სამსახურის გარეშე დარჩა 200-მდე ადამიანი", - აღნიშნავს გამოცემა.

"1000 ჯიხურის" პროექტის ფარგლებში რამდენიმე აუქციონი უკვე გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და რამდენიმე ჯიხურიც ჩაიდგა. მაგალითად, მეტრო დიდუბის მიდებარე ტერიტორიაზე 2 ასეთი ჯიხური დგას, ორიც დიღმის მასივში, მაგრამ არც ერთ მათგანში გაზეთი არ იყიდება. როგორც დიდუბეში, ასევე დიღომში არსებულ გამჭვირვალე ჯიხურებში მხოლოდ მწვანილი, ბოსტნეული და პოლირეთილენის პარკების შეკვრაა გასაყიდად გამოტანილი. "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორის - ზვიად შვანგირაძის განცხადებით, თუ მერიას მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სურდა, უნდა ეთქვა, რომ აუქციონში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც მაქსიმუმ 100-ათასიანი ბრუნვა აქვთ. მაგრამ აუქციონში ისეთმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც კონკურენციას ვერც ერთი მცირე ბიზნესი ვერ გაუწევდა. შედეგად, აიღეს პრესის გავრცელების ჯიხურები და უმუშევრად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი", - დასძენს გამოცემა.

"გიგი უგულავას განცხადება კი არის 2011 წლის ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადება. თბილისის მერმა მწარედ მოატყუა მოსახლეობა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა მცირე ბიზნესის განვითარება და უმუშევრობის დაძლევა იყო. როგორ შეიძლება უმუშევრობის დაძლევაზე ვილაპარაკოთ, როცა 200-ზე მეტი ადამიანი, პრესის ჯიხურების აღების გამო უმუშევარი დარჩა? დღეს იქ ხილ-ბოსტნეული იყიდება და ისიც არ იყიდება - დიდუბეში, სადაც აგრარული ბაზარია, რატომ იყიდის ადამიანი ხილ-ბოსტნეულ ჯიხურში, სადაც ფასით 10-15 თეთრით მაღალია?. ამიტომ მიმაჩნია, რომ მერიის "1000 ჯიხურის" პროექტი სიტყვის თავისუფლების და მთავრობის მიერ უკონტროლო მედიის შეზღუდვას ემსახურებოდა, რაც, ჩემის აზრით, არასდროს გამოუვათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.