"მთელი კვირის" მასალის მიხედვით
"თბილისში წყლის გადასახადის ამოღების ახალი წესი უკვე ძალაშია. მომხმარებლები ამიერიდან წყლის გადასახადს იმის მიხედვით გადაიხდიან, რამდენი პირია ამა თუ იმ მისამართზე რეგისტრირებული, თუნდაც დროებით. ამასთან აბონენტი წყლის გადასახადს მცირეწლოვან ბავშვზეც გადაიხდის - ასეთი წესი კი აქამდე არ მოქმედებდა - სულადობრივი გადასახადი წესდებოდა მხოლოდ ზრდასრულ, საარჩევნო ასაკის ადამიანზე. რატომ იხდის მოსახლეობა წყლის გადასახადი მცირეწლოვან ბავშვებზე და საერთოდ, რატომ გადაწყდა, რომ წყლის გადასახადი ბინაში რეგისტრირებულების მიხედვით ამოღებულიყო, ამაზე პასუხი "მთელმა კვირამ" გუშინ ვერ მიიღო. ორიოდე კვირის წინ კი "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში ამ საკითხზე გვითხრეს, რომ ახალი წესი მათ არ დაუწესებიათ და ისინი მხოლოდ კანონის მოთხოვნას ასრულებენ", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით რატომ დაწესდა წყლის გადასახადი ბავშვებზე.
"დეკემბრის ბოლოს აბონენტების მიერ მიღებული "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერის" შეტყობინების თანახმად, "2012 წლის 1-ელი იანვრიდან აბონენტების სულადობის განსაზღვრა და შესაბამისი თანხის დარიცხვა მოხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით. კერძოდ, თითოეულ აბონენტს გადასახადი დაერიცხება მისამართზე რეგისტრირებული პირების მიხედვით". მიმდინარე თვეს კი წყლის გადასახადი ყველა იმ პირზე მიუვიდათ, ვისაც ამა თუ იმ მისამართზე დროებით რეგისტრაცია აქვს გავლილი. მათ შორის, გადასახადი მივიდა მცირეწლოვან ბავშვებზეც. ტარიფში ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ახალი წესით რიგითი თბილისელების დიდ ნაწილს წყლის გადასახადი კიდევ უფრო გაეზარდა. "ჯორჯიან უოტთერ ენდ პაუერის" განცხადებით კი ინიციატივა მათი არ არის და ისინი მხოლოდ "ელექტროქროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნას ასრულებენ, რომლის 496 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების გამწევი კომპანიები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან", - აღნიშნავს გამოცემა.
"საერთოდ, სულადობრივი გადასახადი არის არასამართლიანი და მოსახლეობა გადასახადს მოხმარებული წყლის მიხედვით უნდა იხდიდეს. ეს ახალი წესი ბევრ პრობლემას წარმოშობს. ამიტომ კეთილი ინებოს ამ კომპანიამ და ის ვალდებულებები, რომელიც მას გააჩნია და რომლის მიხედვითაც საკმაოდ დიდი თანხის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა, გააკეთოს - ვგულისხმობ გამრიცხველიანებას. საერთოდ კი იმ კანონს, რომლსი მიხედვითაც ეს წესი დგინდება, დანაშაულებრივი ჯგუფი - "ნაცმოძრაობა" იღებს. ამ წესით სურთ უფრო მეტი ფული ამოიღონ გაჭირვებული მოსახლეობიდან და ნაცმოძრაობის ყულაბაში გადაისროლონ. სხვა მიზანი ამ ცვლილებას ნამდვილად არ აქვს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე.
"ეს არის გაძვირების ერთგვარი ფორმა. ჩანს, მიხვდნენ, რომ ტოტალური გაძვირება, რაც 2011 წელს განხორციელდა, მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მათ და ამიტომ ახლა ამ ფორმით გადაწყვიტეს ადამიანებისთვის ხარკის გაზრდა. სხვანაირად გაუგებარია გადასახადის ახალი წესი - ბავშვი მანამდეც იყო ოჯახში და ახლაც არის, თუ მანამდე არ ვრცელდებოდა გადასახადი, რატომ ვრცელდება ახლა? ეს ნიშნავს, რომ რეალურად ოჯახებს გაუძვირებენ გადასახადს, თან გაუძვირებენ არაადეკვატურად. საერთოდ, ადრე სულადობრივი გადასახადი კარგად არ იყო განმარტებული, ალბათ ახლა ჩაწერეს, რომ გადასახადი ბავშვებზეც უნდა გადაიხადო. 2011 წელს იმას ვდაობდი, რომ კომპანიამ ხელშეკრულება არ შეასრულა - ამ კომპანიას 2011 წლამდე მრიცხველი ყველა აბონენტისთვის უნდა დაეყენებინა, რაც რეალურად არ მოხდარა. ვამბობთ, რომ პასუხი მოეთხოვათ ამ კომპანიისთვის, მაგრამ იყო სრული სიჩუმე. მრიცხველის დამონტაჟების შემთხვევაში, შეიძლება ტარიფი გაზარდონ და მაშინ ვიდაოთ კიდეც, მაგრამ მაშინ გადასახადი იქნება ობიექტური - რამდენსაც მოიხმარ, იმდენს გადაიხდი. ახლა კი არ შეიძლება ფულს ასე ვიხდიდეთ. წყალი ნაგავი არ არის, რომ თქვან, მის აწონას ხომ ვერ დავიწყებთო. წყალი ისევე, როგორც ელექტროენერგია და გაზი, დათვლას ექვემდებარება და გადასახადს მრიცხველით უნდა ვიხდიდეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
1301
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85