მესტიის ცენტრში, ახლახანს დამონტაჟებული თამარ მეფის ძეგლის აღების მოთხოვნით, ავლაბარში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან დაანონსებულ აქციაზე სულ სამი ადამიანი მივიდა. მათგან ერთი ამ აქციის მოთავე, კლარა შუკვანი იყო. აქციას სააკაშვილის რეზიდენციის კანცელარიიდან გამოსული მეოთხე ადამიანიც შეურთდა - შუახნის მამაკაცი, რომელიც თავისი პრობლემის გამო ზესტაფონიდან ჩამოვიდა, სააკაშვილთან განცხადების შესატანად. ვიდეოკამერა, რომ დაინახა იქაურობას გაეცალა.
კლარა შუკვანმა ხელში მეგაფონი დაიჭირა და კიდევ ერთხელ გაიმეორა დაახლოებით ის, რაც 13 იანვარს ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში თქვა - ძეგლი ღამით, ქურდულად დადგეს, სვანეთში ხალხს სჯერა, რომ ამ სიმახინჯის მესტიაში დადგმის თაობაზე სააკაშვილმა არაფერი იცის, თორემ ამას არ დაუშვებდაო. შუკვანს ხელში ძეგლის გადიდებული ფოტოები ეჭირა და მოითხოვდა მოაშორეთ ეს სიმახინჯე სვანეთსო.
სანამ კლარა შუკვანი მეგაფონით საუბარს დაიწყებდა, მასთან დაცვის თანამშრომელი მივიდა, რაციით ხელში და დაინტერესდა ვინ იყო მეგაფონიანი ქალბატონი და რას ითხოვდა. პასუხის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლა. აქციის სამი მონაწილიდან ერთი სვანეთში მცხოვრები ინგლისელი იყო, რომელიც სვანებს რამდენიმე წელია ინგლისურ ენას ასწავლის. იგი ქართულად მშვენივრად საუბრობდა, ხელში ფოტოაპარატი ეჭირა და სურათებს იღებდა.
აქციის გასაშუქებლად ხუთი ჟურნალისტი ვიყავით მისული და ერთმანეთს იმას ვეკითხებოდით, ღირდა თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქციის შესახებ მასალის მომზადება. ჩემი მკითხველის წინაშე თავი ვალდებულად ჩავთვალე დამეწერა ის, რაც ვნახე, ანუ ის, რაც ამ აბზაცის ზემოთ წაიკითხეთ. მეტი დასაწერი არც არაფერი იყო.
ახლა რაც შეეხება მკითხველისთვის დაპირებულ ოფიციალურ ინფორმაციას, იმ ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც მესტიის ცენტრში დაიდგა. 13 იანვარს მომზადებულ მასალაში სათაურით - “აღშფოთებული სვანები ორშაბათს სააკაშვილის რეზიდენციასთან იკრიბებიან“, აღნიშნული იყო კულტურის სამინისტროს დაპირების შესახებ, რომ ძეგლთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ორშაბათს მივიღებდით. ასეც მოხდა.
უცვლელად გთავაზობთ ჩემს მიერ გაგზავნილ კითხვებზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან მოსულ პასუხებს:
რა ჰქვია მესტიის ცენტრში დადგმულ ძეგლს და რას იტყვით მის შინაარსზე?
-თამარ მეფე.
ვინ არის ძეგლის ავტორი?
-ძეგლის ავტორი არის ვაჟა მელიქიშვილი, ხოლო ასლის ავტორი პაატა გიგაური, ჯგუფთან ერთად.
რა მასალის გამოყენებით და რომელ წელს შეიქმნა ეს ძეგლი?
-ბრინჯაო, შეიქმნა 2011 წელს.
როდის დაამონტაჟეს ზემოხსენებული ძეგლი მესტიის ცენტრში?
-2011 წლის 28 დეკემბერს.
სად იდგა, სანამ მესტიის ცენტრში დადგამდნენ?
-არსად.
ადასტურებთ თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ძეგლი ადიგენში იყო ჩატანილი, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო იქ ვერ დაამონტაჟეს?
-ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
რა ნიშნით შეირჩა ეს ძეგლი? კონკურსი იყო გამოცხადებული, თუ რაიმე სხვა ღონისძიების შედეგად გადაწყდა მისი მესტიაში დამონტაჟება?
-სამინისტროში წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მოწონების შემდეგაც გადაწყდა მისი დაფინანსება. ძეგლის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ავტორთა ჯგუფთან.