როგორც ხელისუფლება აცხადებს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 1-ელ ოქტომბერს შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას კანონი არ დაურღვევია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით არავინ იცის, მომავალ წელს თითოეული სფერო როგორ დაფინანსდება.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უკვე აცხადებს, რომ მომავალ წელს საბიუჯეტო დეფიციტი 2%-ით შემცირდება. პარლამენტის თავმჯდომარე კი დარწმუნებულია, რომ „ნამატი 2 მილიარდი ლარით ეკონომიკური განვითარების სტიმულირება მოხდება“.
„მთლიანი პარამეტრი არის 6 მილიარდ 960 მილიონი ლარი. დეფიციტი არის 4,3%, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებლისგან 2%-ით განსხვავდება. ეს არის უკვე ძალიან კარგი. გათვალისწინებულია საგადასახადო ზრდა, დაახლოებით 700 მილიონზე მეტი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ხდება ჩანაცვლება. ანუ, საგადასახადო შემოსავლები კი იზრდება, მაგრამ დაიკლებს კრედიტების რაოდენობა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროცენტს მშპ-თან მიმართებაში, არის 29%. რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან წელს იყო 32%. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, ნომინალებში რომ ავიღოთ, მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით, 20 მლიარდიდან იზრდება 22 მილიარდ 800 მილიონამდე, რაც თავისთავად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი.
საინტერესო ის არის, რომ არავინ იცის, ამ თანხის განაწილება როგორ ხდება და რომელი სფეროსთვის რა თანხა იქნება გამოყოფილი. ამის შესახებ პირდაპირი განცხადება ბიუროს სხდომაზეც გაკეთდა. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, განათლებისა და სოციალური სფეროები. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაიწყებენ ჯანდაცვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტები, რომლებიც სათანადო სამინისტროებთან ერთად შეიმუშავებენ პრიორიტეტული სფეროს დაფინანსების პარამენტრების საკითხს და შემდეგ უკვე მთავრობის მხრიდან გადამუშავებული ვარიანტის განხილვაში ჩაერთვება პარლამენტის ყველა ფრაქცია და კომიტეტი.
ეს კი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, უბრალოდ, კანონის დარღვევაა და მეტი არაფერი.
„წესით, პროექტი რომ შემოდის, გაწერილი უნდა იყოს პარამეტრები და მერე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, არის თუ არა მთავრობის ასეთი ვარიანტი მისაღები. ახლა კი გამოდის, რომ ეს მთავრობამ და პარლამენტმა ერთად უნდა გააკეთოს. კი, ბატონო, თუ მთავრობას პარლამენტის დახმარება სჭირდება, რა პრობლემაა, მაგრამ ეს თავის დროზე უნდა მომხდარიყო. იმის გამო, რომ კანონი არ დარღვეულიყო და ბიუჯეტის პროექტი 1-ელ ოქტომბრამდე შემოეტანათ. ხომ არ შეიძლება, რომ ცარიელი ფურცლები შემოიტანო? მე უფრო ის მგონია, რომ იქნება რაღაც პირობითი ციფრები ჩამოწერილი. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ მთავრობა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ასე არასერიოზულად უდგება. მე არ ვიცი, ასეთი მთავრობის და ასეთი ხელისუფლების ნდობა საერთოდ რამდენად არის შესაძლებელი“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი კი ჯიუტად აცხადებს, რომ პარამეტრები გაწერილია, თუმცა ამ პარამეტრების დაკონკრეტება უჭირს.
„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გაწერილი არის კონკრეტულ ხარჯებზე. მინდა, გითხრათ, რომ ხრჯვითი ნაწილი არის შემცირებული და შემცირება მოხდა ადმინისტრაციული ხარჯების 30 მილიონით შემცირების ხარჯზე. ოდნავ ზედმეტი ხარჯიც კი არ იქნება გაწეული. ჩვენ ამის ფუფუნება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. პრიორიტეტები უცვლელად რჩება. ბოლომდე უნდა იქნას დამთავრებული ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამა. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და აუცილებლად დასრულდება. ხოლო სადაც საჭიროა, რომ შემცირდეს, იქ შემცირდება“, - აცხადებს გია ხუროშვილი.
რაც შეეხება იმას, რომ ჯანდაცვის სფერო რჩება პრიორიტეტულად და ჯერ კიდევ უცნობია, ეს პრიორიტეტი საერთოდ რაში იქნება გამოხატული, ხუროშვილი ამას იმით ხსნის, რომ „აქ საუბარი არის ახალ პროგრამებზე“.
„როგორც იცით, ამ სფეროში იყო მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად, რეფერალურ პროგრამებზე ვისაუბროთ. მთავრობა ცალსახად თვლის, რომ ეს არ იყო ეფექტური პროგრამა და ამით მხოლოდ ის კატეგორია სარგებლობდა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მთავრობის ცალკეულ წარმომადგენლებთან და მათთან თანაბარ პირობებში არ აყენებდა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა უფრო სასარგებლო და უფრო ხელმისაწვდომი პროგრამით უნდა ჩაენაცვლოს. ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა და ამის მიხედვით იქნება უკვე პროგრამული დაფინანსება განაწილებული“, - აცხადებს ხუროშვილი.
ფაქტია, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უკვე არსებობს. წესით, ასეთ ვითარებაში პარლამენტი მთავრობისგან პასუხისმგებლობის აღების საკითხს უნდა აყენებდეს. პარლამენტის თავმჯდომარე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ბიუჯეტი, ფაქტობრივად, 2 მილიარდით გაიზრდება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს თანხა დარჩება კერძო სექტორში ეკონომიკის გასავითარებლად“.
თუმცა ეს როგორ მოხდება, ჯერ არავინ იცის. უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არც პროექტის წერილობითი ვარიანტი. პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ პროექტი შესულია და იმის გამო, რომ დოკუმენტი მოცულობითია, მის გადამრავლებას დრო სჭირდება. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კი აცხადებს, რომ „პროექტი არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი და პარლამენტის საიტზეც უახლოეს პერიოდში დაიდება“.