მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის 45-დღიანი ცემა-წამება დასრულდა - პატიმარი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის N17 საპატიმროში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ობიექტივს“ მსჯავრდებულის უფლებების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ უთხრეს.
კახაბერ ბარათაშვილის წამების შესახებ ნოემბრის ბოლოს ნანა კაკაბაძისგან შევიტყვეთ. 28 ნოემბრიდან მოყოლებული პატიმარი არაერთხელ სცემეს და აწამეს, რის შესახებაც პირველი სტატია სათაურით „პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს, თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“ 2011 წლის 29 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ და იქიდან მოყოლებული დღემდე პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მკითხველს ვაწვდიდით.
მსჯავრდებულ ბარათაშვილზე ჩვენს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალების მოძიება ამ სათაურებითაა შესაძლებელი: „პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“; „პატიმარ ბარათაშვილის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა“; „პატიმარმა კახაბერ ბარათაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა“. „ნაოპერაციევ პატიმარს დირექტორმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ“.
„ობიექტივის“ ეთერში კოტე ინაშვილმა პატიმარ ბარათაშვილის საქმეს არაერთი გადაცემა მიუძღვნა. გაზეთ „რეზონანსში“ ამ თემაზე ეკა ბასილაიამ სტატია გამოაქვეყნა.
ადვოკატი კახაბერ მუმლაძე ემადლიერება ყველა იმ უფლებადამცველს, ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას (განსაკუთრებით „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, „ემპათიას“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“), რომლებმაც პატიმრის წამების შეწყვეტაში თავიანთი აქტიურობით წვლილი შეიტანეს. ადვოკატი გამორჩეულ მადლობას უხდის სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის სამსახურის ხელმძღვანელს დანიელ მგელიაშვილს, „იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის, რაც მათ კახაბერ ბარათაშვილთან მიმართებაში გამოიჩინეს“.
წამების შეწყვეტის მიუხედავად, ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ცემა-წამებაში მონაწილე პირების დასასჯელად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. კახაბერ მუმლაძე ამბობს, რომ საქართველოში სამართალს თუ ვერ იპოვნიან, ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ.
„გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ამ 45 დღის განმავლობაში პატიმარს დაბანის უფლება შეზღუდული ჰქონდა; ამ ხნის მანძილზე არცერთხელ არ გაუყვანიათ ჰაერზე; არ აძლევდნენ კოვზს და საჭმელს ჯამით უდგამდნენ, ისე, როგორც ცხოველს; გარკვეული პერიოდი ფსიქიურად დაავადებული პატიმრების საკანში ჰყავდათ; 35 დღე სამაარტოო საკანში გაატარა, სადაც 24 საათის განმავლობაში პროჟექტორი ანათებდა და თვალის მოხუჭვის საშუალება არ ჰქონდა; მის საკანთან 24 საათის განმავლობაში ბადრაგი მორიგეობდა და ყოველ 15 წუთში ეხმიანებოდა, ალბათ იმიტომ, რომ გაეგო პატიმარი ცოცხალი იყო თუ მკვდარი“, - ამბობს კახაბერ მუმლაძე და ჩვენი თხოვნით, კიდევ ერთხელ ასახელებს იმათ გვარებს, ვინც ბარათაშვილის წამებაში (გაშიშვლებული პატიმრის მორგში ჩაყვანა, ცემა, გაკოჭვა, ცივი წყლის დასხმა, გაუპატიურებით მუქარა, თავზე დაფურთხება) მონაწილეობდნენ:
„პატიმარმა პიროვნულად მხოლოდ სამი მათგანი ამოიცნო: N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ვაჟა ცხვედიანი; ამავე საპატიმროს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი“.
კახაბერ ბარათაშვილს გათავისუფლებამდე 11 თვე დარჩა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე ბარათაშვილისა და ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეების მსგავსებაზე საუბრობს:
„ფოტორეპორტიორები, რომლებმაც 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევისას ფოტოები გადაიღეს, ხელისუფლებამ დააპატიმრა და თავიანთ თავზე ააღებინა ჯაშუშობის ბრალდება. ამაზე ლამის მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს, რაც ჟურნალისტებმა გამარჯვებად შეაფასეს.
ბარათაშვილის საქმე ამ მასშტაბის არაა, მაგრამ ადამიანი აწამეს, ღირსება შეულახეს, საწოლში აფურთხებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თირკმელში კენჭის გავლით დაავადებულ ადამიანს ცივ წყალს ასხამდნენ, მორგში ჰყავდათ ჩაგდებული, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, გააშიშვლეს, ტანსაცმელი ჩამოართვეს და მას შემდეგ, რაც ბარათაშვილის საქმეში სახალხო დამცველის ოფისი, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ჩაერთვნენ და მსჯავრდებულის ოჯახმა მიმართა ევროკავშირის, ამერიკისა და საფრანგეთის ელჩებს, შედეგად მოჰყვა ის, რომ ეს ადამიანი საწამებელი ობიექტიდან დააბრუნეს იმ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ადრე იყო, ანუ რუსთავის N17 საპატიმროში.
არ ვიცი როგორ შევაფასო, რა დავარქვა ამას, წარმატება?! ვთვლი რომ გასაკეთებელი წინ არის - გამოძიება უნდა ჩატარდეს და კონკრეტულმა დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. პატიმართან მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით „ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები და უახლოეს დღეებში დასკვნას დადებენ, რის შემდეგაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ბარათაშვილის საქმეს გადავუგზავნით ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხებში“.