რუსეთმა მსო-ში შესასვლელად 6-თვიანი ვადა „დაგვითქვა“

რუსეთმა მსო-ში შესასვლელად 6-თვიანი ვადა „დაგვითქვა“

რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაში სააქართველომ, შესაძლოა, ხელი ვეღარ შეუშალოს, რადგან აშშ-ს ქვეყნის ხელისუფლებაზე ძლიერი გავლენა აქვს. ასეთი წარმოდგენები აქვთ შექმნილი რუსეთში და არა მარტო მედიის წარმომადგენლებს, არამედ ამ ქვებნის ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკებსაც.

 

მოსკოვში სჯერათ, რომ რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, შესაძლოა, უკვე 2011 წლის შუა პერიოდში გახდეს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ორგანიზაციაში შესვლისთვის რუსეთს არავითარი პრინციპული წინააღმდეგობა აღარ აქვს. რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის იგორ შუვალოვის სამდივნოში აცხადებენ, რომ ამ საკითხში მთავარი პრობლემა საქართველოს პოზიციაა, თუმცა ამ პრობლემის გადალახვაში მოსკოვს, შესაძლოა, საქართველოსა და თავად სავაჭრო ორგანიზაციაზე აშშ-ის ძლიერი გავლენა დაეხმაროს.

 

რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას 1993 წლიდან ცდილობს.  დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობისას კი ეს პერსპექტივა რეალური გახდა. ჩრდილეოთის მედიაში ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 6 თვე რუსეთის მოწინააღმდეგეთათვის, მათ შორის საქართველოსთვის ბოლო შანსი იქნება, რათა მათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება დაბლოკვას მოანდომონ. ამის შემდეგ ორგანიზაციასთან რუსეთის „მისაერთებლად“ ფორმალური პროცედურები გაიმართება.

 

აგერ უკვე 5 წელია სწორედ ასეთი „ფორმალური პროცედურები“ უშლის ხელს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესავლელად, მაგრამ კრემლში იხტიბარს არ იტეხენ. იმისათვის რომ საწადელს მიაღწიონ, წელიწადში ორჯერ მაინც ახალ-ახალ კომბინაციას გაათამაშებენ (როგორც იყო რუსეთ-ყაზახეთ-ბულორუსის საბაჟო კავშირის შექმნა), მაგრამ ძალიან მალე ირკვევა, რომ მორიგი გეგმა ჩაფლავებულია.

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად საქართველო საკუთარი ინტერესების საზიანოდ პოზიციის დათმობას არ აპირებს. ხუროშვილის თქმით, ორგანიზაციის წესდების თანახმად, ამ ორგანიზაციაში რუსეთის მისაღებად  ჩვენი ქვეყნის პოზიცია გადამწყვეტია. კერძოდ, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ახალ წევრს იღებენ, ამას მისი ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს.  საქართველო კი სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სარგებლობს.

 

„საქართველოს მხრიდან შესაბამის მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე თამარ კოვზირიძე მონაწილეობენ. ეს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამაზე შესაბამისი განცხადებები გაკეთდება“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

 

როგორც ცნობილია, ქართული მხარე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ამ ქვეყნისაგან საქართველო-რუსეთის საზღვრებთან, კერძოდ აფხაზეთსა და როკის გვირაბთან უკანონოდ მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას ითხოვს.