2012 წლის დასაწყისში ევროკავშირის ხელმძღვანელობას ახალი პრობლემა გამოუჩნდა. საბერძნეთის, იტალიის და ესპანეთის მოუგვარებელ პრობლემებს უნგრეთის გასაჭირი დაემატა. კერძოდ, ევროს ზონაში არშემავალი ეს ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა, თანაც, პირველადი დახმარების გაწევის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
უნგრეთის ეკონომიკა ერთ-ერთი პირველი გახლდათ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც საბაზრო რეფორმების გატარების მხრივ წარმატებებს მიაღწია. საბჭოური რელსებიდან ევროპულზე გადასვლის პერიოდი საკმაოდ რბილი და ხანმოკლე აღმოჩნდა. შედეგად, 90-იანი წლების ბოლოდან ქვეყნის ეკონომიკა თავდაჯერებულ ზრდას დემონსტრირებდა.
მაგრამ ეს მიღწევები დროებითი აღმოჩნდა. თანაც, ისინი ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან ვალების მასიურ აღებას ეფუძნებოდა. შედეგად, უნგრული ეკონომიკის ზრდა 2000-იანი წლების ევროპულ კრიზისამდე რამდენიმე წლით ადრე გვარიანად შენელდა. რეცესია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, რამაც დიდი გაოცება გამოიწვია.
როცა კრიზისმა მთელი ბებერი კონტინენტი მოიცვა, უნგრეთი დეფოლტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სერიოზული ჩარევის წყალობით გადაურჩა, რომელმაც 2008 წლის ოქტომბერში 15 მილიარდი დოლარი შეაშველა. იმ დროისათვის ეს დიდძალი თანხა იყო, თანაც უნგრეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ანტიკრიზისული დახმარება მიიღო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მალე მსგავსი დახმარებები ევროს ზონის წევრ სახელმწიფოებს დასჭირდებოდათ.
ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზარდა. 2009 წელს გადადგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფერენც დიურჩანი, რომელიც ერთობ ოდიოზურ ფიგურად ითვლებოდა. შემდეგ წელს კი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩენებში სასტიკად დამარცხდა, გამარჯვება კი მემარჯვენე ძალებს დარჩა.
ახალი, მემარჯვენე მთავრობა პრემიერ ორბანის მეთაურობით რატომღაც მემარცხენეთათვის დამახასიათებელი რადიკალურობით მოქმედებდა. მაგალითად, 2010 წელს სახელმწიფომ კერძო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოახდინა. შემდეგ ერთობ მკაცრად დაიბეგრა საბანკო სექტორი და, რაც ყველაზე გასაკვირია, ცენტრალური ბანკი აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუქვემდებარეს.
ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველაფერ ამას აპროტესტებდნენ, მაგრამ უნგრეთის მთავრობა არავის და არაფერს ყურადღებას არ აქცევდა. მეტიც, ორბანის მთავრობამ 2010 წელს ახალ კრედიტზე უარი განაცხადა.
ცხადია, ეკონომიკური სასწაული არ მოხდა. უნგრეთის ეკონომიკა თითქოს ცოტათი წელში გაიმართა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სახელმწიფოს გარე ვალმა შიდა პროდუქტის 85 პროცენტს მიაღწია, რაც ყველა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს შორის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეროვნული ვალუტის, ფორინტის კურსი გვარიანად დაეცა, კიდევ უფრო დაბალი გახლდათ უნგრული ობლიგაციების სარეიტინგო შეფასება.
ბოლოს და ბოლოს სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეროვნული სიამაყე დროებით მაინც მოეთოკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან ახალი სესხის აღებაზე ალაპარაკდნენ. თანაც ამჯერად უნგრეთს 20 მილიარდი ევრო სჭირდება. ფონდის ხელმძღვანელობა უარს არ ამბობს, მაგრამ წამოაყენეს გარკვეული პირობები. პირველ რიგში მოითხოვეს ცენტრალური ბანკის განთავისუფლება და კიდევ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სხვადასხვაგვარი რეფორმის გატარება.
მიუხედავად იმისა, რომ კრედიტი სასიცოცხლოდ სჭირდება, უნგრეთის მთავრობა დათმობაზე წასვლას და რეფორმების გატარებას არ ჩქარობს და ყოყმანობს. მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 20 იანვარს გაიმართება და ალბათ მაშინ გაირკვევა, შეთანხმდებიან კრედიტორები და უნგრელები, თუ საქმე დეფოლტის გამოცხადებამდე მივა.
ცხადია, დეფოლტი და ვალუტის მკვეთრი დევალვირება ძალიან მტკივნეული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, სავარაუდოდ, კრედიტი უკიდურესი ზომების მიღების აუცილებლობას მხოლოდ გარკვეული დროით გადადებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებსაც უნგრეთის ფინანსურ სისტემაში კაპიტალდაბანდებები აქვთ განხორციელებული, შესაძლო დეფოლტი ძალიან არ აწყობთ. უფრო ცუდი კი ის არის, რომ უნგრეთი შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი მაგალითი და ევროპის ბევრმა ქვეყანამ მომავალში მისი მიბაძვით კრიზისთან ბრძოლას დეფოლტი ამჯობონის.
ასე რომ, მართალია, უნგრეთი ევროს ზონაში არ შედის, მაგრამ ევროპული ფინანსური სტაბილურობის შემდგომ დამრღვევი მაინც გახლავთ.
1188
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85