აფხაზი სამღვდელოების საკითხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს

აფხაზი სამღვდელოების საკითხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს

აფხაზი სასულიერი პირების ე.წ. ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს შეხვდნენ, სოხუმში არსებული მდგომარეობა გააცნეს და ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებები და შუამდგომლობა სთხოვეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, პატრიარქი მათ დაყენებული საკითხების განხილვას დასთანხმდა.

აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მსოფლიო პატრიარქის მიწვევით“, უწმინდეს ბართლომეს სტამბულში აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წარმომადგენლები დოროფეი დბარი, ანდრეი ამპარი, დავით სარსანია და სხვა სასულიერო პირები შეხვდნენ. 

სეპარატისტები ამ შეხვედრას „ისტორიულს“ უწოდებენ იმის გამო, რომ აფხაზი სასულიერო პირები საუკუნეების განმავლობაში პირველად მიიღო ოფიციალურად მსოფლიოს პატრიარქმა.

მათი ინფორმაციით, უწმინდესმა პატრიარქმა ბართლომემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო ყველა დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში არსებულ საეკლესიო საკითხთან არის დაკავშირებული.

„წმინდა მიტროპოლიის წარმომადგენლებმა დაწვრილებით მოუთხრეს პატრიარქს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მთელი პრობლემატიკა. მამა დოროფეი დბარმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხალხის საეკლესიო საკითხი შეუძლებელია გადაწყდეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის გზით, მომხდარი ომისა და შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობების გამო. მეტიც, ამ საკითხის გადაწყვეტა ასევე შეუძლებელია ნებისმიერი ორმხრივი მოლაპარაკებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევის გარეშე“, – იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღებით მოუსმინა სტუმრებს და თხოვა მათ, აფხაზი ხალხისათვის გადაეცათ, რომ დედა ეკლესია ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო მდგომარეობა კანონიკურად გადაწყდეს“.

მათი ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის საერო და სასულიერი შეკრების მიმართვა უახლოეს მომავალში იქნება განხილული მსოფლიო საპარტიარქოს წმინდა სინოდის მიერ.

არქიმანდრიტმა დოროფეი დბარმა აფხაზი სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქთან გამართულ შეხვედრას „უმაღლესი“ შეფასება მისცა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე დაყენებულ საკითხებს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი განიხილავს.

„გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული შეხვედრა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, კონსტანტინოპოლის დროიდან მოყოლებული, არასოდეს აფხაზეთის სასულიერო პირებს არ ჰქონიათ მსგავსი შეხვერდა ოფიციალურ დონეზე“, – განაცხადა დბარმა აფხაზური ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მთავარი ეკლესიაა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, „ვის ხელშიც იმყოფება ჩვენი საეკლესიო საკითხის გადაწყვეტა“.

თავის მხრივ, ე.წ. სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია, რომელიც აფხაზეთის გახლეჩილი ეკლესიის ერთ მხარეს იმყოფება, მეორე მხარეს მყოფი აფხაზი სასულიერი პირების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის კომენტირებისას აცხადებს, რომ „კონსტანტინოპოლის პატრიარქს აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

„უფრო მარტივადაც გეტყვით, თქვენთვის რომ გასაგები იყოს: რუსი ბიჭები აქ თავიანთ სიცოცხლეს წირავენ, რუსეთი გვაღიარებს და ჩვენ რაღაც გაურკვეველი ძალებისკენ ვიწევთ? ეს ღალატად მიმაჩნია.

ამიტომაც ვინ ეს გააკეთა - ანდრეი ამპარი, დოროფეი დბარი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სისულელეებით არიან დაკავებულნი. მათი პოზიცია არ არის აფხაზეთის ეკლესიის პოზიცია და აზრი“, – აცხადებს ბესარიონ აპლია და აღნიშნავს: „ეს აკრძალული ადამიანები არიან და მათ საუბრის უფლება არ აქვთ, არათუ აფხაზეთის სახელით, არამედ საერთოდ მართლმადიდებლობის სახელით. ისინი აკრძალულნი არიან, მათ არ შეუძლიათ არც წერა და არც საუბარი“.

მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა, ეს აფხაზურ ეკლესიაზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება.

აპლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის საკითხი მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს:

„და არავითარი სხვა დადგენილება. არც კონსტანტინოპოლი და არც იერუსალიმი - ჩვენ არც არაფერს ველით და არც არაფერს ვაკეთებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან მტრები აფხაზური მართლმადიდებლობისა. ისინი რაღაცნაირად აღმოჩნდნენ იმ პროცესში, რომელსაც ევროპული ინტეგრაციული ხასიათი აქვს და რომელიც გვაშორებს მართლმადიდებლობას“.

ცნობილია, რომ აპლია და მისი მომხრეები დაპირისპირებულნი არიან  კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ნამყოფ აფხაზ სასულიერო პირებთან - დავით სარსანიასთან, დოროფეი დბართან და ანდრეი ამპართან. ეს უკანასკნელნი როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ახალგაზრდა ფრთას წარმოადგენენ.

გასული წლის 15 მაისს ამ სამმა სასულიერი პირმა ახალ ათონში საერო და სასულიერი დიდი შეკრება გამართა, ისინი რუსეთის პატრიარქიის მიერ აფახზეთში სასულიერი პირების დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ. ახალ ათონში გამართული დიდი შეკრების შედეგად აფხაზეთის ეკლესიაში ორი ერთმანეთთან დაპირსპირებული ფრთა წარმოიქმნა. ახალგაზრდა ფრთამ წმინდა მიტროპოლია შექმნა და რუსეთის ეკლესიის აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა.

საქართველოს საპატრიარქოში სტამბულის შეხვედრის „ოფიციალურობას“ არ ადასტურებენ. აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„როგორც ცნობილია, აფხაზურ საიტზე apsnwpress.info გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში მიიღო ე. წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონაზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია.

აღნიშნულის გამო საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდენციის თხოვნით და როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა.

არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს“ წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან „ოფიციალური ვიზიტი“, ან თუნდაც „ოფიციალური შეხვედრა“.

მან ასევე განაცხადა შემდეგი: „კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს. დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის“.