დიტო გელოვანი: ბოლო კვირა კახასთან ერთად საქართველოში

დიტო გელოვანი: ბოლო კვირა კახასთან ერთად საქართველოში

…მოკლედ, ჩვენ ვერ გაგვიგია და, საქართველოში თურმე მიდის გადამწყვეტი ბრძოლა სიბნელესთან და ბნელ ძალებთან. იბრძვიან საურონის ლაშქარი და ნათლით მოფენილი თეთრი საძმოს წევრები. თანაც, ამ ბრძოლაში თურმე თავისუფლების ბედი წყდება. და ამ სისულელეების, ამ მესიანისტურ, მართლაც რომ ბნელ, ფუნდამენდალისტურ თეზისებს ისვრიან ადამიანები, რომლებიც თავს არა მხოლოდ ლიბერალებს უწოდებენ, არამედ ლიბერალიზმის ფლაგმანებად მიაჩნიათ თავი და ინკვიზიციური მეთოდებით ცდილობენ ხელისუფლებასთან ერთად დაამკვიდრონ ის მახნჯი ღირებულებების სისტემა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ ლიბერალიზმს უწოდებენ.

სინამდვილეში, ისინი ფუნდამენტალისტები არიან, ასე ვთქვათ - ლიბერალ-ფუნდამენტალისტები, გაცილებით ბნელნი, ვიდრე ოდესღაც მათ მიერვე გაპიარებული ბასილი მკალავიშვილის მომხრეებს წარმოგვიდგენენ.

ბნელნი არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ არიან უმეცარ-უწიგნურები, არამედ, პირველ რიგში, მათი ბოღმიანი, შეუწყნარებელი, აგრესიული მიდგომების გამო; იმის გამო, რომ ამტკიცებენ, თითქოს ერთადერთ ჭეშმარიტებას ისინი ფლობენ.

(კახა კაციტაძე, „ბნელეთი და მასთან მებრძოლები“. Presage.tv 12.09.2011)

 

17 იანვარს, სამშაბათს, ირაკლი ბერიშვილის წლისთავია... ერთი წლის შემდეგ კახა კაციტაძის წლისთავი იქნება... საკუთარ სიკვდილს უფრო იოლად შეეგუები კაცი, ვიდრე ასეთი მეგობრების და ასეთი ადამიანების გარდაცვალებას. ჯერ ირაკლის წასვლა ვერ დამიჯერებია და ახლა კახაც აღარ არის. ოცდახუთი წელია დაუჯერებელი ამბები ხდება. ბევრნი ვიყავით ამ ოცდახუთი წლის წინ და არ ვიცი – ხვალ, თუ ოცდახუთი წლის შემდეგ, როდესაც დომენიკოსავით ჩამოვსხდებით „მარადახალი მდინარის“ პირას, ალბათ დომენიკოსავით გავიფიქრებთ: “ნუთუ ყოველივე... ნუთუ ყოველივე ეს?..“

 

ბოლოს ერთი თვის წინ შემეხმიანა კახა. ხმა ჰქონდა ისეთი... და ახლა, ღამღამობით, როცა სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავალ, ირაკლისთან ერთად კახასაც დაველაპარაკები.

 

ნუთუ ყოველივე ეს?..

 

ნუთუ ყოველივე ის... ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში... ნუთუ აქვს აზრი ყოველივე ამას:

 

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

- 1 იანვრიდან ყველა ინსტანციის მოსამართლეს შავი მანტია აცვია.

- სააღმზრდელო საქმიანობაში ახალი ჯარიმები ამოქმედდება.

- ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა წელსაც გაგრძელდება.

- აკაკი ბობოხიძე - მტკვარზე ჰესების მშენებლობის პროექტი არა, მაგრამ იდეა არსებობს.

- საქსტატის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით შვედეთის სტატისტიკურ სამსახურში გაემგზავრებიან.

- „ლეიბორისტულმა პარტიამ“ აქცია „ბოდიშით, თქვენ გელით სიკვდილი“ გამართა.

 

დიახ, ვიცით, რომ სიკვდილი გველის, მაგრამ რა საჭიროა მობოდიშება? გვითხარი – გავიგეთ. მთავარია გაგება, გაგება იმისა, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ყველანი მოვკვდებით, ხოლო მესაფლავე თითოოროლას თუ დაიტირებს.

 

„სახეებს, რომლებიც იკრიბებიან დარბაზებში, ძველი ტერმინით რომ ვთქვათ, „სტავკები“ აქვთ სახეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, განსაზღვრული თანხები იყო დადგენილი სხვადასხვა ფაკულტეტზე მოსაწყობად. პრეზიდენტის განცხადებით, ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოში დღეს ბევრ სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის დეფიციტია“ – ამ ნიუსის სათაურში სააკაშვილისავე სიტყვები იყო გამოტანილი – „დღეს ყველაზე მთავარი, სამართლიანობის განცდა დაბრუნდა“.

 

სამართლიანობის განცდა დაბრუნდაო და, როგორც ჩანს, ვიღაცეებმა მართლა დაიჯერეს. დაიჯერეს მოსამართლეებმა და პირველი იანვრიდან შავი მანტიით შეიმოსნენ – უსამართლობის გარდაცვალებას გლოვობენ და, თუ სააკაშვილს დავუჯერებთ, თითოეულ მათგანს, იმ მგლოვიარე სახეზე „სტავკები“ აწერია.

 

სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე არასოდეს შემიტანია ეჭვი ქართველი მესაფლავეების კვალიფიკაციაში და ამიტომ, როცა ის დღე დადგება (მწვადი შეწვით, „ლედ ზეპელინი“ და „პინკ ფლოიდი“ ჩართეთ), მშვიდად მივანდობ საკუთარი სამარის გათხრას. მე – კი, მაგრამ სხვები?

 

მთელი 2003 წლის განმავლობაში მეკითხებოდნენ: „ასე რატომ გეზიზღებიან „ნაციონალები“? ვპასუხობდი: „ისინი საქართველოში ვერ ხედავენ საკუთარ საფლავებს“. ახლა უკვე ვხვდები, რატომაც – ქართველი მესაფლავეების კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარებათ.

 

„მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ინსტინქტია , ცუდი რაც არის, დაივიწყოს. მე მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები; იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით, ახლა ამათ ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას, ჩვენც ხომ გვეკუთვნის რაღაც. არაფერი არ ეკუთვნით - ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში“ – ეს გრძელი ტირადა სააკაშვილმა გორში, საავადმყოფოს გახსნისას წარმოთქვა, შესავალი კი ასეთი იყო: „ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან“.

 

ათასობით ჩამოყავთ ინგლისურის მასწავლებლები, მაგრამ ათასობით უცხოელი მესაფლავე რომ ჩამოიყვანონ, ამ სიტყვების ავტორის ადგილი არასოდეს იქნება ქართულ მიწაში და ეს ჩვენზე უკეთ მან იცის და მათ იციან. უბრალოდ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იმ დროისთვის, როცა ეს დღე დადგება (სუში მოამზადეთ, სოფო ნიჟარაძე ჩართეთ) ქართული მიწა ბუნებაში აღარ არსებობდეს.

 

როგორც ირაკლი ბერიშვილი იტყოდა, აი, თქვენ კი მოგხვდათ ნიკო ბურის! ყველას – მიუხედავად ასაკისა, სქესისა, კანის ფერისა, სიმაღლისა და მანტიის ფერისა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 1 იანვრიდან ყველა ინსტანციის მოსამართლე შავი მანტიით შეიმოსა. მანამდე, შავი ფერის მანტია მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეცვათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვანე, საქალაქოს მოსამართლეებს კი – შინდისფერი.

 

„დღეიდან მუშაობას ვიწყებთ ახლებურად“ – ალბათ ასე მიმართა კოტე კუბლაშვილმა ერთი ინსტრუმენტით შექმნილ შავებში გამოწყობილ ლაჟვარდისფერ ადამიანებს და ყოველი კაზუსი და გადაცდომა, რაც კი აქამდე მომხდარა, ალბათ მანტიების მრავალფეროვნებას დააბრალა. „დღეიდან მუშაობას ვიწყებთ ახლებურად“ – ალბათ ასე ეტყვის კუბლაშვილი თავის სამწყსოს, როდესაც მოსამართლეებს თავზე პარიკებს დაახურავს.

 

რაც არ უნდა ჩაიცვან და რაც არ უნდა დაიხურონ, მაინც დაეხურებათ და, ირაკლის თქმისა არ იყოს, მაინც მოხვდებათ ნიკო ბურის.

 

როგორც ზემოთ გითხარით, გასულ კვირაში სააკაშვილმა გორში საავადმყოფო გახსნა და თქვა, რომ „ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან“. იქვე ისიც თქვა, მუმიები მხოლოდ ფილმებში ბრუნდებიანო... ფილმებიდან, დეტექტივებიდან და სამეცნიერო ლიტერატურიდან ვიცი, რომ დამნაშავეები, განსაკუთრებით – მკვლელები, ყოველთვის უბრუნდებიან დანაშაულის ადგილს. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ მიხეილ სააკაშვილის გახშირებული ვიზიტები გორში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საავადმყოფოები ბევრგან გაიხსნა და გორი მხოლოდ ერთ–ერთი გაჩერება იყო.

 

საავადმყოფოები ბევრგან გაიხსნა, ყველა სააკაშვილმა გახსნა და მადლიერმა ქართველმა ერმა მას ამის გამო „ატკრივალკაც“ კი შეარქვა. სააკაშვილი სხვადასხვა თანამდებობის პირების მოხსნითაც არის ცნობილი და „ატკრივალკსთან“ ერთად „პროპოშნიკის“ საპატიო წოდებაც რომ მივანიჭოთ, ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავდება. პროპკა, რომელმაც პროპოშნიკობას მიაღწია. ენაცვალოს თემური ბიძია...

 

თუმცა, დავუბრუნდეთ საავადმყოფოების გახსნას და მინდა გითხრათ ის, რაც მითხრეს – თურმე, როგორც კი რომელიმე საავადმყოფოს გახსნის ცერემონიალი სრულდება, მაშინვე ხდება „ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის“ დემონტაჟი და მთელი აპარატურა იმ ობიექტზე გადადის, რომელიც ჯერ არ გახსნილა. „მხსნელები“ და „გამხსნელები“  მორიგი ქალაქისკენ მიემართებიან. წინ მიდის აპარატურა, მას მიყვება სააკაშვილის პროპკებით დატვირთული რამდენიმე ავტობუსი, შემდეგ დაცვა, შემდეგ ატკრივალკა–პროპოშნიკი და ბოლოს ისევ დაცვა.

 

ეგ კი არა, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ისიც მითხრეს, ამბროლაურის საავადმყოფოს გახსნაზე ავადმყოფები რაჭაში ქუთაისიდან ჩაიყვანესო. ამათსას რას გაიგებ... მაგრამ იმას უკვე ყველა ხვდება, რომ საავადმყოფოების გასახსნელად საკუთარი ფეხით ავადმყოფი დადის და დაცვაც თან დაყვება.

 

აი, ერთი ნიუს–დიაგნოზიც: „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საავადმყოფოების მშენებლობა ემსახურება იმას, რომ თითოეული მოქალაქისათვის ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს. „არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში უცხოპლანეტელები ეწვიონ საქართველოს და თუ ეწვევიან, არ მგონია, რომ საავადმყოფოში გამოვარდნენ სამკურნალოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.

 

მე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის მომხრე ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება ერთი ფრთიანი გამონათქვამი – „ავადმყოფი ლოგინში უნდა იხმარო“. და არა მხოლოდ ავადმყოფი – ბევრი ექიმი, უფრო მეტი მეწარმე და უამრავი ლიდერიც. პროპკებიც, რა თქმა უნდა...

 

გასულ კვირას ერთ მაკულატურაში ორმა პროპკამ რაღაც დაჯღაბნა და რომ არა ინტერნეტი და ფეისბუქი, ვინმე ზურაბ ოდილავაძისა და რამე მამუკა ხერხეულიძის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფს ვერც ვერავინ წაიკითხავდა. წავიკითხე. ამ ორი ბირდაბირის აზრით, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოწონს, ყველა არის პუტანა. იქვე არის ილუსტრაცია – ფრანგი პარტიზანები კოლაბორაციონისტების დასახვრეტად ემზადებიან.

 

მინდოდა მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ სხვამაც იგივე იფიქრა და დაწერა კიდეც:

 

„წავიკითხე აღნიშნული ნახერხი ტექსტი – „პუტანების ქვეყანას – არა“ და, ვიცოდი რა, რომ ორი ავტორი ჰყავდა, ერთობ გამიკვირდა „ვწერ“, “მეუბნებიან“, „ვიცი“, „მე“ და ა.შ. როგორც ვხვდები, წერის დროს ორნი ერთ არასებად იყვნენ შერწყმულნი და ეს ნეხვი (როგორც ზ. დათუაშვილმა უწოდა სტატიას) სწორედ ასე დაიწერა – ერთი მეორეს ხერხავდა, მეორე კი ოდელია–დელიათი ამხნევებდა.

ავტორების შემდეგ არის მრავალწერტილი. ერთ არსებად შერწყმული ორი ავტორის აზრით, იქ კიდევ ბევრი გვარი ჩაიწერებოდა, ანუ ბევრი მოაწერდა ხელს.

ბევრი რომ არ ვიწვალოთ, გავამარტივოთ და მრავალწერტილის ნაცვლად ასე ჩავწეროთ – „და სხვა დედამ...ები“.

საერთოდ კი, დედამ...ებზე დროის დაკარგვა არ ღირს და, ვფიქრობ, ამ ორთან და სხვა დედამ...ებთან ურთიერთობის წესი უნდა შევიმუშავოთ. წესის ჩემეულ ვარიანტს ერთი ძველი ანეკდოტის სახით გთავაზობთ:

მიხო თევზაობს. მიტომ დაინახა და ფიქრობს: „მივალ და ვკითხავ – „დაიჭირე რამე?“ თუ მეტყვის, რომ დაიჭირა, ვეტყვი – „ამ ჩემ ყ...ს, თუ დაიჭირე“. თუ მეტყვის, რომ ვერ დაიჭირა, ვეტყვი: „ჩემ ყ...ს დაიჭერ“. მივიდა მიტო და ეკითხება: „მიხო, დაიჭირე რამე?“ მიხომ მოიხედა და უთხრა“ „წადი, შენი ბოზი დედაც მო...ნ“.

მოკლედ, არ ღირს მაგათთან კამათში დროის დაკარგვა, ისედაც დავკარგეთ 20 წელი. როცა რამეს დაწერენ, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ნული. მაგრამ თუ მაინც შეიყოფენ ცერა თითს და ხეზე ვირის ასვლამდე აღარ გამოიღებენ, მშვიდად მივუტრიალდეთ და ვუთხრათ: „წადით, თქვენი ბოზი დედაც მო...ნ“.

აი, ასე“.

 

და როდესაც წავიკითხე, რომ „საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით 0,5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი ამოქმედდება“, მაშინვე გავიფიქრე: „ხოლო ხელისუფლების ცვლილებას მაგდენიც არ უნდა. მთავარია გაგება“

 

ასეთი კვირა იყო.

 

ნუთუ, ყველაფერი ეს?.. ნუთუ ყველაფერი ის?.. ნუთუ ყველაფერი ასე?..

შენ რას იტყვი, კახუშ?

 

კ. (კახასგან) დიახ - ქართული საზოგადოება ებრძვის ასეთ სიბნელეს. სიბნელეს, რომელიც თავს ცოდნის სინათლედ წარმოგვიდგენს. და ამ ბრძოლაში მართლაც ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუგინდ იმ იდეის გამო, რომ ვერავის ექნება საბოლოო ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია.

მართლაც რომ სწორი ნათქვამია – “აქ და ახლა, ბოროტება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ კარგი ადამიანები უქმად (უფრო ზუსტად - უმოქმედოდ - კ.კ.) იქნებიან”.

(კახა კაციტაძე, „ბნელეთი და მასთან მებრძოლები“. Presage.tv  – 12.09.2011)