ახალი საავადმყოფოები - დაავადების ახალი ფორმა

ახალი საავადმყოფოები - დაავადების ახალი ფორმა

 
ახალი საავადმყოფოების თავზე შავი ღრუბლები შეგროდნენ. უკვე დღე არ გავა, რომ წარმატებული ჰოსპიტალური რეფორმა არ გააპროტესტონ ექიმებმა, პაციენტებმა, პროფკავშირებმა, ოპოზიციამ. ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს და რაიონიდან რაიონში, საავადმყოფოდან საავადმყოფოში ინვენტარის გადაზიდვ-გადმოზიდვით არის დაკავებული. 

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ წყალტუბოში ახლადგახსნილი რაიონული საავადმყოფო დაათვალიერა. ოპოზიციის წარმომადგენელი კლინიკაში მომსახურების პირობებს გაეცნო და დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა ადგილობრივებისთვის.
საავადმყოფოს სამსართულიანი შენობა, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაიმ” შეიძინა 100 ახალი საავადმყოფოს ფარგლებში გარემონტდა, მის რეაბილიტაციას და ინვენტარიზაციაზე 1 700 000 ლარი დაიხარჯა. კლინიკა 15 საწოლზეა გათვლილი, მომსახურების ფასები კი თითქმის თბილისის კლინიკებში არსებულ ფასებს უტოლდება.

დოლიძის განცხადებით, ყველა ახლადგახსნილ საავადმყოფოში პრობლემა არის სტანდარტული, კერძოდ, საავადმყოფოები ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. “მიხეილ სააკაშვილი მარტო ლენტების ჭრაზე და ტყუილების გავრცელებაზეა გადასული. ეს საქმეს არ უშველის, ეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმა არ არის”, - აღნიშნა დოლიძემ.

საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალს სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია. რა თქმა უნდა, ეს არ არის “ალდაგი ბისიაის” ბრალი, რადგან ის მაშინ არ იყო ამ საავადმყოფოს მფლობელი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ეზრუნა, რომ ექიმები უხელფასოდ არ დაეტოვებინა.

დავალიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საავადმყოფოს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ლევან გოჩიაშვილმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ ამ ახალ კლინიკას მედპერსონალის დავალიანება არ აქვს, დავალიანება ჰქონდა ძველ იურიდიულ პირს, რაზეც ინფორმაციას ისინი არ ფლობენ. ამჯერად საავადმყოფოში მხოლოდ ორი პაციენტი ჰყავთ მოთავსებული, ერთი, რომელმაც გუშინ იმშობიარა, ხოლო მეორემ ოპერაცია გაიკეთა.

საავადმყოფოებში მკურნალობის მაღალი ტარიფებით დაინტერესდა ლეიბორისტული პარტიაც. მთავარი მშრომელებით თვლიან, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია, რადგან მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ აქვს.
როგორც ლეიბორისტების გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, იმ ადამიანების დასაფიქსირებლად, რომლებსაც მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებათ, პარტიის ოფისში “ცხელი ხაზი” გაიხსნა.

“საქართველოში ჩართული და ამოქმედებულია ე.წ. “ჯანდაცვის სიკვდილის” მანქანა, რაც მოსახლეობის სოციალური გენოციდის შემადგენელი ნაწილია, სააკაშვილი კი ყოველდღე ხალხს თვალში ნაცარს აყრის, რეგიონიდან რეგიონში დაატარებს მოძრავ-გადასატან სამედიცინო აპარატურას და ხსნის 15-ადგილიან კლინიკებს, რაც სინამდვილეში, მისი საოჯახო ბიზნესის - სადაზღვევო კომპანიებისთვის ფულის გათეთრების საშუალებას წარმოადგენს.

რეალურად, რიგითი მოქალაქეებისათვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია, რასაც ადასტურებს სხვადასხვა კლინიკაში მოცემული მკურნალობის ტარიფები: ექიმის კონსულტაცია 15-50 ლარი, აპენდიციტის ოპერაცია - 700-800 ლარი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადება - 1300-1500 ლარი, კუჭის რეზენცია - 2000-5000 ლარი, შუნტირება - 15 000-20 000 ლარი და სხვა”, - განაცხადა შატბერაშვილმა და დასძინა, რომ დღეისათვის ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

ჯანდაცვის სისტემაში სერიოზულ პრობლემებს ადასტურებს ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია. მისი თქმით, “5-ვარსკვლავიანი საავადმყოფოები” მხოლოდ გარეგნულად ბრჭყვიალებს. “ბოლო მოდელის” სამედიცინო ტექნიკა კი რაიონიდან რაიონში სიარულის გამო, უკვე მწყობრიდან გამოდის. 

“ახალი საავადმყოფოები ბიჟუტერიის მსგავსად მხოლოდ გარეგნულად “ანათებს”. 5-ვარსკვლავიანი საავადმყოფოს ელემენტები, მხოლოდ 1-ელ და მე-2 სართულებზე ჩანს, ზედა სართულების დასამთავრებლად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სამედიცინო აპარატები რაიონიდან რაიონში დააქვთ”, - აცხადებს ჯანაშია. 

გარდა ამისა, სერიოზული პრობლემები აქვს მედპერსონალს. ჯანაშიას ინფომარციით, ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, გაურკვეველი მიზეზის გამო, საერთოდ სამუშაოს გარეშე დარჩა. “დღეს, ექიმები ძალიან დაუცველები არიან. ბევრი მათგანი უხელფასოდ ქუჩაში გაყარეს. თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო მომსახურება ერთი სუბიექტის ხელში იყოს, ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის უხეში დარღვევა”, - დასძენს ჯანაშია.