ფონიჭალის დასახლებიდან ორ კილომეტრში სოფელი კრწანისი იწყება. კრწანისი გარდაბნის რაიონს ეკუთვნის და დედაქალაქიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში კერძო აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებული რამდენიმე კორპუსია.
ადგილობრივ მოსახლეობა თავს ძირითადად, მესაქონლებით ირჩენს. კორპუსების ეზოს მახლობლად პატარა ბოსლებია. შესაბამისად, ეზოში მოსახლეობასთან ერთად პირუტყვი დადის. სწორედ, ისინი არიან იქვე ტალახის გუბეებზე მოწყობილი სტადიონზე აქტიურად მოთამაშე ადგილობრივი ბავშვების პასიური მაყურებლებლები.
აჭარელ ეკომიგრანტებს სათამაშოდ და სახალისოდ უკვე 23 წელია არ აქვთ საქმე. 1989 წელს კრწანისში დაახლოებით 75 ოჯახი გადმოსახლეს. ოჯახები აჭარაში მეწყერსაშიში ზონიდან გამოიყვანეს. აქვთ სასმელი წყალი და ელექტროენერგია, თუმცა არ აქვთ იმისი იმედი, რომ ხვალ ან ზეგ უსახლკაროები არ გახდებიან.
„20 წელზე მეტია აქ ვცხოვრობთ. ვითხოვთ ამ ბინების დაკანონებას. თუ დაკანონება არ უნდათ, გაგვიშვან ისევ აჭარაში და დაგვიბრუნონ ჩვენი სახლები. 2008 წელს დაიწყეს აქედან ნელ-ნელა ხალხის გაყრა. პოლიციამ ძალიას გამოყეებით კორპუსიდან ორი ოჯახი გაიყვანა. ეკომიგრანტი საგინაძეები ერთ დღეს არ იყვნენ სახლში და პოლიციამ ამით ისარგებლა – მათ ბინა ჩამოართვეს. ალბათ, იგივე ბედი ელის სხვასაც. ვითხოვთ ჩამოვიდეს პრეზიდენტი და დაინტერესდეს ამ საკითხით. ისიც უნდა ითქვას, რომ ხმის ამოღების ყველას გვეშინია, რადგან ჩვენი დამცველი არავინაა“ – ერთმანეთს მხარს უბამენ აჭარელი ეკომიგრანტები, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელის ყველას ეშინია. ამბობენ, რომ მათ გაჩუმებასა და დაშინებაზე გარდაბნის პოლიცია ზრუნავს.
„გვარი რაში გჭიდება?! თუ ვინმე იტყვის, ეს პრობლემა არ არსებობს და რა დაწერეო, აგერ ვართ ყველანი და მოვიდეს. ისე კი, ყველამ კარგად იცის ჩვენი პრობლემის შესახებ” – ამბობენ ეკომიგრანტები და კვლავ სააკაშვილის ჩამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
აჭარელი ეკომიგრანტები თავს მესაქონლეობით ირჩენენ. თითქმის ყველა ოჯახს მცირე მეურნეობა აქვს და შიშობენ, რომ მეორედ ნულიდან დაწყებულ ცხოვრებას კვლავ დაკარგავენ.
პირველი, რაც დასახლებაში გაგაოცებთ, „უცნაური ჯიშის” ხეებია.
ყველამ იცის, რა არის ნაძვის ხე, მაგრამ ცოტას თუ უნახავს ნაგვის ხეები. საყოფაცხოვრებო ნაგავი აქ სახლების წინ, ქუჩებზე, ხეებზე და ბუჩქებზეა მოდებული. სოფლის შიდა გზებზე პატარ-პატარა ნაგავსაყრელებია მოწყობილი. მათ გვერდით კი საქონელს ზრდიან. არ არის გამორიცხული, რომ ნაგვით გამოკვებილი ძროხის რძეს ახლა ჩვენი რომელიმე გარდაბნელი მკითხველიც მიირთმევს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ დასუფთავების სამსახურს რუკაზე კრწანისი ჯერ არ აღუნიშნავს.
კრწანისში პრეზიდენტის ჩასვლის შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია სად შეიძლება მოეწყოს მასთან შეხვედრა. პიარისთვის სოფელის არც ერთი ადგილი არ გამოდგება. მიუხედავად ამისა, კრწანისში მის ჩასვლას აფხაზეთიდან დევილი ორი ოჯახიც ელის.
სოხუმიდან დევნილი ძმები ჯაჭვლიანების ოჯახი ბარაკის ტიპის ორ სახლში უკვე 18 წელია ცხოვრობს. „ამ სახლების დაკანონებას ორივე ოჯახი უკვე 18 წელია ვითხოვთ. როცა გვეცოდინება, რომ სახლი ჩვენია ნელ-ნელა შევაკეთებთ დაადამიანურად ვიცხოვრებთ. სამი შვილი მყავს, 8, 4 და 3 წლის. მე სხვას არაფერს ვთხოვ მთავრობას. ჩემი პატარა მეურნეობა მაქვს. ოჯახს თვითონ ვარჩენთ, მაგრამ სახლის ყიდვის საშუალება არ გაგვაჩნია, ამიტომ ვითხოვთ ამის დაკანონებას. თხოვნაზე გვპასუხობენ, რომ ეს მიწა საძოვრის სტატუსის მქონეა და ეკონომიკის სამინისტრო პრივატიზაციის საშუალებას არ მოგვცემს“ – ამბობს, ვენერა მარხოშვილი-ჯაჭვლიანი.
კრწანისში პრეზიდენტს ყველა თავისი პრობლემით ელის. იმედი აქვთ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას მათი პრობლემები, თუ არა ხმები მაინც დააინტერესებს.