მარნეული, ბოლნისი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო... საქართველოს პრეზიდენტი ახალ საავადმყოფოებს ხან ყოველდღე, ზოგჯერ კვირაგამოშვებით ხსნის, თუმცა ლაზიკასთან შედარებით სავადმყოფოები რა მოსატანია... ლაზიკაზე სალაპარაკოდ კიდევ ბევრი დრო გვექნება, ახლა კი სააკაშვილს საავადმყოფოებში მიეჩქარება.
100 საავადმყოფოს, იგივე ქვეყნის ჰოსპიტალური განვითარების პროექტი რამდენჯერმე ჩავარდა, ბოლოს, საავადმყოფოები რომ არა და არ შენდებოდა, ხელისუფლებამ პარადოქსული გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოთამაშეეების სახით პროექტში სადაზღვევო კომპანიებიც ჩართო. რამ არგო ამ პროექტს, სადაზღვევო კომპანიების მონდომებამ თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, ამაზე ნუ ვიმსჯელებთ. ფაქტია, რომ საოცრება მოხდა და თავმოუბმელმა პროექტმა 100-ის ნაცვლად 150 ახალი საავადმყოფო შვა.
ახალი საავადმყოფოები მშვენიერია, მაგრამ, უკვე კარგახანია, ჟონავს ინფორმაცია, რომ კომპანიები სამედიცინო აპარატურას ყველა საავადმყოფოსთვის ვერ ყიდულობენ და ყოველი ლენტის გაჭრისას ტექნიკას კლინიკიდან კლინიკაში დაარბენინებენ. სხვათაშორის საინტერესოა ისიც, რომ ეს ხმები თვით ნაციონალების რეგიონული ოფისებიდან გამოდის...ისიც კი ითქვა რაჭაში პაციენტები რომ არ ჰყავდათ ”ავადმყოფები ქუთაისიდან გადაიყვანეს თავის წვეთოვანიანადო“...
„თავისუფალი დემოკრატები“ წყალტუბოს ახლადგახსნილი კლინიკის მოსანახულებლად რომ გაეშურნენ, ჟურნალისტებიც ინტერესით ველოდით, რა დაგვხვდებოდა. თბილისიდან გასულებიც არ ვიყავით, წყალტუბოდან ინფორმაციამ გამოჟონა, იქაურ უშიშროებას საავადმყოფოს პერსონალი შეუკრებავს და თათბირს უტარებსო...
მართლა მოეწყო თუ არა საგანგებო თათბირი, ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო ვერ გადავამოწმეთ, მაგრამ თუ ითათბირეს, საინტერესოა, ნეტავ რაზე? წყალტუბოს საავადმყოფოსთან მისულებს ყველა პასუხისმგებელი პირი, ისეთებიც კი, ვისი მოძებნაც ადგილობრივების თქმით, საკმაოდ ჭირს, საავადმყოფოს გამჭვირვალე კართან ერთად თავმოყრილი, რომ იტყვიან, სასურათედ გამოწყობილი და გაღიმებული დაგვხვდა. კარი გაგვიღეს, მიგვიპატიჟეს, შობა-ახალი წელი მოგვილოცეს და კლინიკაც უპრობლემოდ დაგვათვალიერებინეს.
კარგად გარემონტებული კლინიკის ნახვა მართლაც გვესიამოვნა, „ალდაგის“ წარმომადგენელი და კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი ერთმანეთს არ აცლიდნენ მოყოლას, რა თანხა დახარჯეს და როგორ არემონტებდნენ კლინიკას.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ერთდროულად რამდენიმე კლინიკას აშენებს და ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
წყალტუბოში კომპანიამ მხოლოდ 850 ათასი აშშ დოლარი დახარჯა, რადგან აქ მხოლოდ ძველი საავადმყოფოს შენობა გაარემონტეს. 134 მედპერსონალი, ექოსკოპიის აპარატი, საწოლები 15 ადგილზე და 2 პაციენტი, ასეთი სურათი დაგვხვდა წყალტუბოში ჩასულებს. ჩვეულებრივია, რომ მკურნალობის ფასები საკმაოდ ძვირია, ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, ისიც ჩვეულებრივია, რომ ღარიბი მოსახლეობისთვის მკურნალობა კვლავ ხელმიუწვდომელია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წყალტუბოს საავადმყოფო „ალდაგი ბისიაის“ ამბულატორიული კლინიკების ქსელის ნაწილია, რომელიც „ჩემი ოჯახის კლინიკის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ნათელია, რომ აქ სერიოზული მკურნალობა მოსახლეობას ვერ ჩაუტარდება. ამბულატორიული მომსახურებისთვის კი წყალტუბოელებს საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა მოუწევთ.
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წარმომადენლის, ვიქტორ დოლიძის განმარტებით, „მარტო ლენტის გაჭრა პრობლემას არ შველის, ყველა ახლად გახსნილ საავადმყოფოში იდენტური პრობლემებია. ის, რომ პრეზიდენტი სადაზღვევოებს საავადმყოფოებს იძულებით აშენებინებს, მეორე საკითხია, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჯანდაცვის სერვისი ადგილობრივებისთვის საყოველთაო და ხელმისაწვდომი არ არის, როგორ უნდა გადაიხადოს ხალხმა ამხელა თანხები. იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა კვალდაკვალ გავყვებით და ყველაფერს შევამოწმებთ, რასაც გახსნის“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ კლინიკის თანამშრომელთა სამი თვის გაუცემელი ხელფასები სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოეკითხოს, რადგან „ალდაგის“ შესვლამდე ის იყო პასუხისმგებელი.
ისე, მართლა საინტერესოა საერთოდ სჭირდებოდა თუ არა საერთოდ „ალდაგს“ ეს კლინიკა, ან როგორ უნდა ამოიღოს იმერეთის რეგიონში ჩადებული 8 მილიონი დოლარი.
ამ წინასაარჩევნოდ „ალდაგი“ რომ „ალდაგია“ და იცი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ძმის კომპანიაა, ისიც კი შეგეცოდება. არა, საქმე მთლად ასეც არ არის, სადაზღვევოები ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს მაინც მიიღებენ, მაგრამ ხალხს დაზღვეულებს და დაუზღვევლებს საფუძვლიანი მკურნალობის შანსი ნამდვილად არ აქვთ. მოხერხება არ გინდა გარემონტებულ-გაკრიალებული საავადმყოფოც კი ფასადად რომ აქციო? არადა აქვს ამ ხელისუფლებას ამისი ნიჭი.
საავადმყოფოდან გამოსულებს ფეხმძიმე ქალი დაგვხვდა, საავადმყოფოს გახსნაზე პრეზიდენტთან უცდია გასაუბრება, მაგრამ ვერ მოუხერხებია და ჩვენ შემოგვჩივლა, რომ თუ 1200 ლარი ვერ იშოვა, ბავშვს ვერ გააჩენს. მას არც დაზღვევა აქვს და არც ოჯახში მუშაობს ვინმე... ნაცნობი სურათია, მსგავსი რამ წყალტუბოში კი არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდება. არადა სააკაშვილი რომ ამბობს, ეს საავადმყოფოები ხალხისთვის შენდებაო, საინტერესოა, ნეტავ ვის გულისხმობს?