“ობიექტივს“, presage.tv-სა და “ღია ბოქლომის“ რედაქციას - მადლობას გიხდით იმ თანადგომისათვის, რომელიც ჩემი უდანაშაულო და ნაწამები შვილის საქმესთან დაკავშირებით გამოიჩინეთ; გიგზავნით ჩემს მიერ მომზადებულ წერილს და გთხოვთ, დაბეჭდოთ. ვფიქრობ, ამ წერილით ხელს შევუწყობთ გიორგის დაცვას მოსალოდნელი საფრთხისგან.
ჩემი შვილი 13 იანვარს მოინახულა ჩვენი ოჯახის, გიორგის უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა. მან შეგვატყობინა, რომ 12-ში საღამოს რვა საათზე (არასამუშაო საათებში!) გიორგისთან იმყოფებოდა გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე. მან მოითხოვა დამატებითი ჩვენების მიცემა, იმაზე, რომ თითქოს 9 თვის წინ ქსანში გიორგის თვალი ჰქონდა ნატკენი (რაც სინამდვილეს არ შეესაბამება!) და “ვინმემ ხომ არ გცემაო?!“ ანუ გამომძიებელი ახლა დაინტერესდა იმ ამბით, რაც არ მომხდარა.
გიორგიმ ეს უარყო და მისი ადვოკატი მოითხოვა. ის ადვოკატს არ დააკავშირეს. ამიტომ უარი განაცხადა ჩვენება მიეცა შეთითხნილ ფაქტთან დაკავშირებით. მას უკვე მიცემული აქვს ჩვენება წამების ფაქტზე და ეს გამოიძიონ!
გიორგი ოქროპირიძეს ჰყავს ოთხი ადვოკატი: დავით ჯანდიერი, რომელიც მის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში იცავს; მანანა კობახიძე “კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ მიხეილ ღონღაძე და ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლებიც გიორგის ინტერესებს შიდა ინსტანციებში იცავენ. 13 იანვარს არც ერთ მათგანს არ შეხმიანებიან.
ზემოხსენებულ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გიორგიმ ადვოკატის დახმარებით სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურს შეატყობინა და მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა, ვინაიდან ახლოვდება 17 იანვარი - საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოდან გიორგის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს და მკურნალობის ჩატარების საკითხს სწორედ 17 იანვრამდე უნდა გასცეს პასუხი და ამიტომ, 17-მდე დარჩენილ ნებისმიერ წუთს, საპატიმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროვოკაცია შეიძლება მოაწყონ, ან ჩემი შვილის წამება გააგრძელონ, ვინაიდან იგი ისევ განთავსებულია სამარტოო საკანში, რაც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს სამკურნალოდ გადაყვანილი პატიმრისთვის, სადაც ასევე მას შეუზღუდეს ნორმალური კვება (ვერ სარგებლობს მაღაზიაში პროდუქტის შესაძენი ბარათით), რაც ესოდენ აუცილებელია ჰეპატიტის ინტერფერონით მკურნალობის დროს, ვერ სარგებლობს ჰაერზე ყოფნის უფლებით, რაც ესოდენ აუცილებელია მისი დაზიანებული ფილტვებისთვის, იმყოფება ანტისანიტარიაში!
გიორგი ეცადა უდანაშაულობა თავის ქვეყანაში დაემტკიცებინა, მაგრამ არაერთი უტყუარი მტკიცებულების მიუხედავად ეს ვერ შეძლო და იძულებული გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. სწორედ ეს გახდა მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზი - მისგან საჩივრის უკან გამოტანას მოითხოვენ.
ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ გასული წლის 27 დეკემბერს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება N18 სამკურნალო დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის წინააღმდეგ, ახლა პროკურატურა გიორგიზე ზეწოლას გამომძიებელ ზურაბ სამხარაძის მეშვეობით ახდენს.
როდესაც სახეზეა სახელმწიფო მოხელეთა დანაშაული მრავალი მუხლით, სსს კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, დამნაშავეებს კრებითობით უნდა მიესაჯოთ: 1.წამება (144(1) მუხლი), 2.ცემა (125-ე მუხლი), 3.ძალადობა (126 მუხლის მე-2 ნაწ.”ა” ქვეპ.), 4.გიორგის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის (127-ე მუხლი), 5.არაადამიანური მოპყრობა (144(3)), 6.დანაშაულის პროვოკაცია (145-ე მუხლი), 7.უდანაშაულო ადამიანის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ (ადმინისტრაციულ) პასუხისგებაში (146-ე მუხლი), 8.იძულება (150-ე მუხლი), 9.მუქარა (151-ე მუხლი), 10.დევნა (სტრასბურგის საჩივრის გამო (256-ე მუხლი), 11.სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი);
12.სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლი), 13.განმარტებების, ჩვენების მიცემის იძულება (არასამუშაო საათებში, ადვოკატის გარეშე (335-ე მუხლი), 14.სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენების ფაქტი (ნაოპერაციევ ადგილებზე ცემა, სისხლიანი ღებინება, თავის კეფის არეში, შუბლზე დაზიანებები, ფეხის დაზიანება), ფსიქოლოგიური სტრესი (117-ე მუხლის 3 ნაწ. “გ” ქვეპ., 5 ნაწ. “გ”,”ე” ჯგუფურად, 7 ნაწ. “ ა-ბ-გ-ე-“ პუნქტით), 15.სამარტოო საკანში შეთითხნილი ბრალდებით წამება, რაც დღემდე გრძელდება, მედპერსონალის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა (342-ე მუხლი - სამსახურეობრივი გულგრილობა);
16.დახმარების არგაწევა ავადმყოფისთვის (მედპერსონალის, საავადმყოფოს დირექციის მიერ განსაცდელში მიტოვება (128-ე მუხლი), 17.მედპერსონალის მიერ სათანადო და დროული დაუხმარებლობა (129-ე მუხლი), 18.ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (მკურნალობის ნაცვლად ცემა-წამება და “კარცერში“ მოთავსება (130-ე მუხლი), 19.საშიში ინფექციური გადამდები დაავადებებით - შიდსით, ტუბერკულოზით დაავადებულებთან განზრახ მოთავსება – შიდსის, ტუბერკულოზის განზრახ შეყრის მიზნით ( 131-132-ე მუხლები)!
ჩვენ ხომ სამართლიან საქართველოს ვაშენებთ?! ჰოდა, ეს არის ჩემი განაჩენი ერთადერთი შვილის ცემა-წამებისთვის! ვნახოთ, ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებიდან რომელი ან რამდენი მუხლით წარმართავს პროკურატურა გამოძიებას და რამდენად მიუკერძოებელი იქნება. ამით დავრწმუნდებით არსებობს თუ არა სამართალი, რამდენი მუხლით დაისჯებიან სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები, სად-ის წარმომადგენლები და მედპერსონალიდან ის კონკრეტული პირები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებენ და მონაწილეობას იღებენ წამებაში! ამ გამოძიებით ნათელი გახდება იცავს თუ არა სახელმწიფო 22 წლის ახალგაზრდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს!
ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედებები, სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის ფონზე მხოლოდ იმ მიზნით განხორციელდა, რომ გიორგი ოქროპირიძეს უარი ეთქვა სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივარზე და შეეწყვიტათ ევროპული სასამართლოს მითითება ძვირადღირებულ მკურნალობაზე - ცე ჰეპატიტით ჩემი შვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, ცეცხლსასროლი დაზიანებების და ჩატარებული ოპერაციების შემდეგ დაავადდა.
“კარცერში“ მოთავსებითა და მედიკამენტების ნაცვლად ცემა-წამებით მკურნალობის გამო გიორგის ჯანმრთელობა გაუუარესდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. “კარცერში“ სუნთქვა უჭირს, ასთმური შეტევები დაეწყო, ცემის მერე ფილტვებისა და ღვიძლის ტკივილი აწუხებს, ცემის შემდეგ კოჭლობს, არ აქვს პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, შეეზღუდა და ვერ სარგებლობს კომუნიკაციის საშუალებებით. შეეზღუდული აქვს ჰაერზე გაყვანა, სრულფასოვანი კვება, რადგან ვერ სარგებლობს სასურსათო ბარათით, რაც ესოდენ აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის.
მას სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე ცეცხლსასროლი დაზიანებები აქვს ფილტვის, ღვიძლის, პერიტონიუმის, დიაფრაგმის. მისი გლდანის N18 დაწესებულებაში ყოფნა, სადაც მას მიადგა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური დაზიანებები და სადაც ამჟამად ისევ “კარცერშია“, განგრძობადი დანაშაული, წამებაა!
სახალხო დამცველმა 2011 წლის 27 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით ჭაკუასადმი მიწერილ რეკომენდაციაში პირდაპირ მიუთითა, რომ გიორგი ოქროპირიძე სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სხვა (უსაფრთხო!) დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდებოდა ცე ჰეპატიტზე დაწყებული მკურნალობა.
ეს რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა. ჩემი შვილი ისევ იქ იმყოფება, სადაც აწამეს და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან 2011 წლის 9 სექტემბერს მოსული წერილით გახდა ცნობილი, რომ საქმე მიიღეს და რომ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც დაევალა 2012 წლის 17 იანვრამდე გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ამავდროულად, გიორგისთვის მკურნალობა ცე ჰეპატიტზე.
ახლოვდება 2012 წლის 17 იანვარი და “სტრასბურგელად” წოდებული გიორგი ოქროპირიძე ნაწამებია, იმის გამო, რომ იბრძვის სამართლიანობის, თავისი უდანაშაულობის აღსადგენად და არ გამოაქვს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოდან!
ცირა გოდერძიშვილი