„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებმა“ გორის ოფისის დაფუძნება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყეს. ეს ჩვენთვის, თბილისიდან ჩასულთათვის იყო შეხვედრა, თორემ, რაც ადგილზე დაგვიხვდა ამას, უიმედოთა მოლოდინი ჰქვია. ზედა ნიქოზელები დიდი ხანი ელოდნენ, რომ ხმას ვინმეს გააგონებდნენ, ვინც ცოტათი შეეშველებოდა მათ გაუსაძლის ყოფას. ელოდებოდნენ, რომ თუნდაც თავიანთი ტკივილი ეთქვათ და ეგრძნოთ, რომ მათი მოსმენა ვინმეს აინტერესებდა. ის დღე ასეთი იყო: მათ უსმენდნენ და, როგორც აღმოჩნდა – არა მხოლოდ. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკუთარი სახსრებით, პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოების კომპლექტი და მცირეოდენი დახმარება უკვე გაგზავნა ზემო ნიქოზში.
თუმცა, თავიდან მივყვეთ... საამაყო ავტობანი მთავრდება და ჩვენც ვგრძნობთ, რომ საქართველოს იმ ნაწილში შევდივართ პრიორიტეტს რომ ვერ უწოდებ. ბეტონის გზას ჯერ, ალაგ–ალაგ, დანგრეული ასფალტი ცვლის, შემდეგ - სოფლის ოდესღაც მოხრეშილი გზა. საგუშაგოსთან გვაჩერებენ „ზემო ნიქოზში მეუფესთან მივდივართ“, – ვეუბნებით გუშაგს და ისიც დაკითხვის გარეშე გზას გვითმობს.
საზღვარს რაც უფრო ვუახლოვდებოდით, სულ უფრო დამთრგუნველი სურათი იშლება. ერთ დროს მდიდარი სოფლები ისე საცოდავად გამოიყურებიან, იფიქრებ, დრო გაჩერდაო – ძაღლებიც კი არსად ყეფენ. ვერსად შენიშნავთ შემოდგომისთვის დამახასიათებელ ფუსფუსს და გადაძახილებს. ქუჩაში კანტი–კუნტად მოსიარულე გამვლელებიც ფეხაკრეფით დადიან. ზემო ნიქოზამდე კიდევ არა უშავს –დახუნძლული ვაზის მტევნები ბარაქის ელფერს აძლევენ ამა თუ იმ ეზო–კარს, მაგრამ ვაშლის ბაღები გამოიყურება მეტად საცოდავად. სოფლები ნასოფლარს უფრო ჰგვანან.
ზემო ნიქოზში ასულებს კიდევ უფრო მძიმე სურათი გვხვდება. შუახნის მამაკაცი თავს დასტრიალებს თხილიოდენა პამიდვრებს, რომლებსაც გამხმარი ფოთლებიდან მოწითალო ელფერი გამოარჩევს. მივესალმეთ – მოგვესალმა. საუბრის გაბმა ვცადეთ, მაგრამ უნდობლად შემოგვხედა და გაგვეცალა. სამაგიეროდ, მოხუცი ვასო კვიწინაძე აღმოჩნდა ენაწყლიანი, როგორც კი დაგვლანდა უმალ ჩვენსკენ წამოვიდა. არც უკითხავს ვინ ვიყავით, პირდაპირ სათქმელზე გადავიდა:
–ხომ ხედავთ რა დღეში ვართ, ყველაფერი გადახმა, ოსებმა წყალი გადაგვიკეტეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ერთი არხი გაგვიჭრა და ამ ონკანის იმედად ვართ 18 ოჯახი, საიდანაც ორ დღეში 2 საათით მოდის წყალი, ამბობს მოხუცი და იქვე შორიახლო მოწანწკარე ონკანისკენ იშვერს ხელს. ონკანთან ქალი დგას და „ვერნილაკის“ თეთრი პლასტმასის ჭურჭელში სარეცხს ავლებს.
მოხუცი ვასო მელაპარაკება, თან გულთან იდებს ხელს – ახლახანს ოპერაცია გავიკეთე, აი ის, რა ჰქვია? – მეც არ ვიცი რა ჰქვია და ველოდები როდის გაიხსენებს – ჰო, პროსტატა – ნათესავებმა და მეზობლებმა შემიგროვეს ფული, ზოგიც ვისესხეთ, მაგრამ ახლა იმას ვდარდობ, ვალი როგორ გადავიხადო.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ხართ?
– არა, მომიხსნეს.
რატომ?
– აბა რა ვიცი, შვილო?
ამასობაში ხანშიშესული ქალბატონი გვიახლოვდება, ნელი ლომსაძედ გამეცნო. არც იმას აინტერესებს, ვინ ვარ და რატომ ვუსვამ ამდენ კითხვას მის მეზობელს.
– ხედავთ, რა დღეში ვართ ამ გაძაღლებულ ყოფაში? – როგორც ჩანს, ჩვენს ბოლო ფრაზებს მოჰკრა ყური და აგრძელებს – 5–სულიანი ოჯახი მყავს, ჩემი გოგო 4 წლის წინ თბილისში ერთ–ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა და ახლა ამოუქექეს... გვითხრეს, დახმარება არ გეკუთვნითო. არადა, ყველანი უმუშევრები ვართ. ჩემი ბიჭი ნერვულადაა დაავადებული და სახლიდან ვერ გამოდის. გოგოც უმუშევარია, ერთადერთი შემოსავალი ბაღებიდან გვქონდა, მაგრამ ისიც დავკარგეთ. 95 ძირი ხე მოიჭრა ჩემს მამულში. უწყლობამ ყველაფერი გაახმო.
აღარავინაა ჩვენი განმკითხავი. რაც ჩვენ გადავიტანეთ მტერს არ ვუსურვებ, აგე იქ (მოპირდაპირე მხარეს იშვერს ხელს), ჩვენს ჯარისკაცს ჩემს თვალწინ ტვინი გაასხმევინეს. 47 დაჭრილი სახლში მყავდა შეფარებული. ორი წელი გავიდა და სისხლი ვერ გამოვლიე ოჯახში, თეთრეული ჩვენი ბიჭების სისხლითაა გაჟღენთილი.
ამასობაში, სოფლის ეკლესიასთან ხალხი გროვდება. ჟურნალისტებიც იქ არიან შექუჩული. სოფლის მოსახლეობას ირაკლი ალასანია წრეში ყავს მოქცეული, თითქმის, ყველა ერთად ლაპარაკობს:
– ბავშვებს წიგნები არ აქვთ, არავის უფიქრია, რომ ჩვენს შვილებსაც უნდათ სწავლა, ოჯახი ვერ გამოგვიკვებია და წიგნები რითი უნდა ვიყიდოთ?... ზამთარი კარს მოგვადგა და შეშა არ გვაქვს, რომ რამეთი გავთბეთ. რას გვიპირებენ, ასე ცხოვრება შეიძლება?... წყალი მაინც მოგვცენ, ყველაზე მდიდარი სოფელი გვქონდა და დღეს მშივრები ვართ... სანამ ცხინვალში გადავდიოდით, ჩვენს თავს ვპატრონობდით – რძე, ყველი, მაწონი იქ გადაგვქონდა და ვყიდდით, ახლა რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ?...
ყველას ერთი გასაჭირი ადგას, დალხენილი არავინაა, ყველა თავისთან გვეპატიჟება, რომ ტყვიებისგან დაცხრილული სახლები გვაჩვენონ, ჩვენც მორჩილად აღმართს მივუყვებით, ვიღაცის სახლში გვეპატიჟებიან... ამას სახლი აღარ ჰქვია, მხოლოდ გაულესავი კედლები და სახურავია, საიდანაც წყალი ჩამოდის, შესასვლელს კარიც კი არ აბია, მიწური მოჩანს, არ ვიცი აქ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ფაქტია – ცხოვრობენ.
გვერდით სახლიდან ქალბატონი გამოდის, მასაც იგივე პრობლემები აქვს, რაც დანარჩენ ნიქოზელებს. ცრემლები ერევა – „მრცხვენია ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ რა ვქნა, გვშია, არ ვიცით თავი რით გავიტანოთ“.
ალასანია ყველას გულდასმით უსმენს და კიდევ ერთხელ აკონკრეტებინებს: „მთავარი პრობლემა: წყალი, სასკოლო სახელმძღვანელოები, შეშა“.
„ეს არის ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობისადმი. როგორც კი თბილისში ჩავალთ, აუცილებლად დავსვამთ საკითხს ხელისუფლების წინაშე და მოვთხოვთ, რომ თქვენი ყველა ეს პრობლემა გადაჭრან“, – პირდება ალასანია.
მოპირდაპირე მხარეს შემაღლებული ადგილია, მაღლობზე სასაფლაოა. ავდივართ. აქედან ცხინვალი ხელისგულზე მოსჩანს. გვაფრთხილებენ, მოვერიდოთ მაგ ადგილს: „ჩვენი სოფლელი ბიჭი საფლავზე იყო ასული, საფლავის ქვას წმენდდა, რომ იქედან ვიღაცის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. შეიძლება მისთვის არც დაუმიზნებიათ, მაგრამ ტყვია ბრმაა და...“ საკუთარი ყურით ვისმენთ სროლის ხმას, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, სროლა, თითქმის არ გაჩერებულა.
უკან, ეკლესიისკენ ვბრუნდებით, თავშეყრის ადგილას. მეუფე სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ომის დროს ერთი დღით არ მიუტოვებია იქაურობა. ყველა პატივს სცემს, ნიქოზელები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი პატრონი მეუფეა, ყველას, რითაც შეუძლია, ეხმარება. სანამ პოლიტიკოსები მეუფესთან საუბრობენ, ისევ ხალხთან მივდივარ, ღობესთან რამდენიმე ქალნბატონი დგას და ერთმანეთში საუბრობენ. ერთი პედაგოგია – ციცინო ჯავახიშვილი. ერთი წელია სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.
რას გერჩოდნენ, რატომ გაგათავისუფლეს?
– ისედაც სულ თვალში ვეჩხირებოდი. უამრავი დახმარება მოდიოდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დარაჯმა მითხრა, საწყობში ვერ ვატევო. ჩვენამდე კი არცერთი მოსულა. სულ ვკითხულობდი, რა იქნა ის დახმარებები–თქო? ისინი კი მეუბნებოდნენ, რაც შენი საქმე არაა, ნუ კითხულობო. ძალიანაც კარგად ვიცოდი სადაც მიდიოდა, თავისიანებს უნაწილებდნენ. თუ „ნაციონალი“ არ ხარ, არაფერს ეღირსები. სახლებიც იმათ შეუკეთეს, ვინც „ნაციონალებთანაა“. ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი მეუღლე „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანდა და მეც გამომიშვეს სამსახურიდან. სასამართლოში ვიჩივლე, მაგრამ სკოლის დირექტორმა, თამაზ მელანიშვილმა პირდაპირ მითხრა: ახლა ჩვენი დროა, და როცა თქვენები მოვლენ შენც მაშინ მოდიო (მაია ნადირაძე გამახსენდა – რ.ჯ.).
მეორე ქალბატონი მედდაა, ისიც გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ რატომ – არ იცის. მესამე კი, პედაგოგია და ისიც უმუშევარი. მოკლედ, სოფელში, როგორც გავიგე, ყველა დასაქმებული „ნაციონალია“. რაოდენ პარადოქსიც უნდა იყოს, ომის მიუხედავად, ოსებზე ცუდს არავინ ამბობს და ცხინვალის გზის გახსნას ნატრობენ. –
ამ ომმა თქვენი დამოკიდებულება არ შეცვალა? – ვეკითხები.
– ხალხს რას ვერჩით, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, რომ ძნელია იმას ხაზი გადაუსვა. მერწმუნეთ, გზა რომ გახსნან, ერმანეთს გადავეხვევით. ჩვენ ხომ ცუდად ვართ, მაგრამ ისინიც არანაკლებ დღეში არიან. ადრე ყველი თუ 50 მანეთი ღირდა, ახლა 200 მანეთი ღირს. ჩვენ იქ ვერ გადავდივართ და მათაც გაუძვირდათ პროდუქტი. იმათაც უნდათ, რომ ძველებური ურთიერთობა აღდგეს. ჩვენთან ბევრი შერეული ოჯახია და კარგია, რომ შვილები მშობლებს ვერ ნახულობენ? ტელეფონით თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს, ესაა და ეს.
სანამ ეს ყველაფერი დალაგდება, ალბათ, აქ აღარავინ დარჩება. გაჭირვებამ ხალხი აიძულა სოფლიდან წასულიყო. ჩვენს სოფელში 80 ოჯახი უკვე გამოიკეტა. ვინც დარჩა, იქედანაც ახალგაზრდები ყველანი ქალაქში არიან გადახვეწილები. ძალიან გვიჭირს, ბედნიერია ის ოჯახი, ვისაც სახლში ერთი პენსიონერი მაინც ყავს, რადგან სხვა შემოსავალი ნიქოზელებს არ გვაქვს. ამას წინათ, ზურაბ არსოშვილი იყო ჩამოსული, ხალხი რომ მივიდა, ხელი აუქნია, თქვენთან არ ვარ მოსული და თქვენთან, რომ მოვალ მერე მოგისმენთო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ სოფელში ჭორი დადის, რომ ხელისუფლებას აქ ბაზების აშენება უნდა და იმიტომაც არ გვაქცევენ ყურადღებას, რომ ყველანი გავიკრიფოთ აქედან.
ვამშვიდებ – ამდაგვარი არაფერი მსმენია და ეს ყველაფერი ჭორია–თქო, მაგრამ ვერც იმის ახსნას ვპოულობ, რომ ვუთხრა, ასე რატომ გაიმეტა საკუთარმა ხელისუფალმა. ამასობაში სოფლის მეორე ბოლოში გვეპატიჟებიან მორიგი გაჭირვების სანახავად. მივყვებით, ისევ იგივე სურათი, დაბომბილი ეზო–კარი, ტყვიებით დაცხრილული სახურავები, გადამხმარი ხეხილი და კასრებით საგულდაგულოდ შეგროვილი წვიმის წყალი.
ისევ ეკლესიასთან ამოვდივართ, აქვე ერთი მოხუცი ცოლ–ქმარი ცხოვრობს. ლეილა კანდელაკი ალბათ, 80 წლისაა, შეიძლება არცაა, მაგრამ გაჭირვებამ სიბერის დაღი დაასვა. აგვისტოს ომმა მოხუცი თითქმის მთელს მსოფლიოს გააცნო. რომელი ქვეყნიდან არ ჩამოდიოდნენ ჟურნალისტები მის სანახავად, ყველამ გაიგო, რომ ლეილა ბებო ომის დღეებში საკუთარ სარდაფში იმალებოდა. ქმარი კი ორჯერ ყავდათ გატაცებული და სასწაულით გადარჩა. ისე იყო შეშინებული, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეზოშიც არ გამოდიოდა.
მოხუცები ეზოში ფუსფუსებდნენ. წვრილად გამოვკითხე როგორ ცხოვრობდნენ. „რა გითხრათ შვილო, ჩემი ამბავი ქვეყანამ გაიგო და ჩევენმა ხელისუფლებამ ვერა. ისიც არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი სარდაფში, ბოლოს რომ ამოვედი ხალხს დავუძახე – მშია და რამე მაჭამეთ–თქო. ასე გაიგეს, რომ ცოცხალი ვიყავი” – იხსენებს ქალბატონი ლეილა.
მეზობელი მომიბრუნდა და მეუბნება: „სარდაფში რომ ჩავედით წარწერები ჰქონდა გაკეთებული – „13 აგვისტო, ცოცხლები ვართ“.
„90 ლარი მაქვს პენსია, ორ ობოლს ვზრდი და აბა როგორ ვიქნებით პენსიის ანაბარა?! ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს, ახლახანს ავიღე პენსია და გეფიცებით, 5 ლარის მეტი თუ დამრჩენოდა, პური და შაქარი რომ მაინც ვიყიდო და ჩაი დავლიოთ, – მოხუცი ცრემლებს იმშრალებს და განაგრძობს – ეს ფიცრები მომცეს სახლის შესაკეთებლად – და ღობესთან დალაგებულ ხის მასალას მაჩვენებს. ორი ბომბი ჩამოვარდა ჩემს ეზოში და ხომ ხედავთ სახლი რა დღეშია. ამ ფიცრებით მე რა უნდა გავაკეთო, გადასახური მასალა მე არ მაქვს და მუშების ფული. ამიტომ, ვუთხარი ესეც წაიღეთ და თქვენი იყოს–მეთქი”.
ეკლესიასთან შეგროვილი ხალხი კი დაშლას არ აპირებს, იმედის თვალით შემოგვყურებენ და თითოეულ წვრილმან პრობლემას არ ტოვებენ უყურადღებოდ. სოფელი დახმარებას და შველას ითხოვს. ერთი ქალბატონი საგანგებოდ გამოწყობილიყო, გორში წაყვანას გვთხოვს.
„თუ ჩვენი პატრონი არავინაა, მაშინ გვითხრან და გაგვიხნან გზა ცხინვალთან, ჩვენც იქ წავალთ და ჩვენს თავს ვუშველით”, – ამბობს, მაგრამ ამის სათქმელად გორში წასვლა რატომ უნდა ვერ ვხვდები.
ასეთ შედეგამდე მიიყვანა ვითარება ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ. ეს ის ხალხია, რომელიც მოწყალებას არავისგან ითხოვს. მათ სიმშვიდე უნდათ და წყალი, რომ თავიანთ ოჯახებს მაინც მიხედონ. მათი ეს მოთხოვნა, ზოგადად, ალბათ, ძალიან მცირეა, მაგრამ მათთვის ძალიან ბევრი. ის, რაზეც ნიქოზელები საუბრობენ, დიდი ხანია ხელისუფლებისთვის ცნობილია და ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიის თუ ჟურნალისტების აქტივობამ ხელისუფალს რაიმე აიძულოს. ვნახეთ, მოვისმინეთ და თბილისში დაბრუნებულებმა ვთქვით. ნიქოზელები კი საკუთარ პრობლემებთან და ტკივილთან პირისპირ დავტოვეთ.
დღის მეორე ნახევარში კი გორში ვიყავით. არც აქ ულხინს ხალხს. ლაურა ბილაშვილი მიყვება:
„ჩვენ ყველა პოლიტიკოსის გამოსვლა გვაინტერესებს, რადგან ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი ჩამოსვლით განებივრებული არ ვყავართ. ჩვენც ისე გვიჭირს, როგორც ყველას. გორი ფაქტობრივად მკვდარია, თქვენთან თბილისში იმის პერსპექტივა მაინც გაქვთ, რომ დასაქმდებით, აქ კი ესეც არ გვაქვს. თუ „ნაციონალი“ არ ხარ, სამსახურს ვერ ეღირსები. ქალი 50 წლის ვხდები და მაძალებენ ინგლისური ისწავლეო. ჩემს ქვეყანაში მაიძულებენ ფილმებს ინგლისურ ენაზე ვუყურო, ჩემს ასაკში ტელევიზორით ინგლისურს ვერ ისწავლი. ესაა ჩვენი რეალობა.“