ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობა, შესაფერის დღეებში, საკმაოდ სარფიანი საქმეა. მით უფრო, ე.წ. საახალწლო სოფლებში, რომლებიც თბილისის ცენტრალურ ადგილებში ეწყობა. სხვათა შორის, წლეულს ასეთი სოფელი ზუგდიდშიც გაიხსნა.
ჯიხურების ჩადგმა საახალწლო ვაჭრობისთვის მერიის უფლებამოსილებაა და მათი დროებით განთავსების უფლება ელექტრონულ აუქციონზე გამოაქვს, სადაც გამარჯვებულებს, ან უფრო ხშირად, გამარჯვებულს ავლენს. წლეულს თბილისში საახალწლო სოფლის მოწყობისთვის ტენდერი 25 ნოემბერს გამოცხადდა. მერიის ქონების მართვის სააგენტომ 2 დეკემბერს აუქციონი უკვე დასრულებულად გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. 4,55 კვ.მ. ფართის ჯიხურის იჯარის საწყისი ფასი 250 ლარით განისაზღვრა, ხოლო 7,5 კვ.მ. ფართის ჯიხურებისა - კი 400 ლარით. სამწუხაროდ, ინფორმაცია, რამდენი პირი მონაწილეობდა აუქციონში, ვინ გაიმარჯვა და გაიზარდა თუ არა საწყისი საიჯარო თანხა - დახურულია და ოქმისა თუ საკუთრების მოწმობის ვებგვერდიდან ჩამოტვირთვა მხოლოდ გამარჯვებულის პირადი ნომრის მითითების შემდეგ არის შესაძლებელი.
ჯიხურების დროებითი მფლობელისა თუ მფლობელების ვინაობაზე არც პარლამენტის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში საუბრობენ. ჯიხურის რამდენიმე გამყიდველის ჩაწერაც კი მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის პირობით გახდა შესაძლებელი.
ეკა დ. (გამყიდველი): "ჩემთვის ეს დროებითი, ერთთვიანი სამუშაოა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სანამ შვილებს სკოლაში არდადეგები აქვთ, ოჯახში დამატებითი შემოსავალი შემეტანა. გამყიდველი ვარ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემმა უფროსმა ტენდერში გაიმარჯვა და ჯიხურის განთავსების უფლება მოიპოვა. ძირითადად სათამაშოებითა და საახალწლო აქსესუარებით ვვაჭრობთ. დილით 11 საათზე ვიწყებთ მუშაობას და ღამის 1-ელ საათამდე არ წყდება ხალხის ნაკადი. ყველაზე სარფიანი დღე 31 დეკემბერს გვქონდა. მე პირადად ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, სამზარეულოდან ვერ გამოვდიოდი ხოლმე, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ახალი წლის ღამეს ქუჩაში გამოსული ამდენი ადამიანი ვნახე. ძირითადად ყიდულობენ სათამაშოებს, საახალწლო სუვენირებს. კარგად იყიდება საკარნავალო ატრიბუტები, ნიღბები, ფერადი პარიკები, სანტა კლაუსის ქუდები.
- ბაზრობის ფასებთან შედარებით რამდენად უფრო ძვირია თქვენთან საახალწლო პროდუქცია?
- რა თქმა უნდა, რამდენიმე ლარით უფრო ძვირია, მაგრამ მაინც კარგად ყიდება. მაგალითად, ნიღაბი, რომელიც ჩვენთან 7 ლარი ღირს, ბაზრობაზე შესაძლოა 5 ლარად იყიდოთ. დღეში საშუალოდ 400-500 ლარი გვაქვს შემოსავალი.
- თქვენი ხელფასი რამდენი იქნება ამ ერთი თვის განმავლობაში?
- არც ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ 15 ლარს გვიხდიან დღეში.
- ახალ წელს აქ შეხვდით?
- ჩემთვის ეს იყო პირველი ახალი წელი, რომელსაც, ფაქტობრივად, ქუჩაში შევხვდი. ჩემი შვილები და მეუღლე მოვიდნენ და ყველა ერთად ვიყავით. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო აქ ახალი წლის ღამეს, მსახიობები, პარლამენტარები და ბევრი რამ შეიძინეს კიდეც.
ნინო ს.: "ხალხი ძირითადად საახალწლო ქუდებს, ნიღბებს და რა თქმა უნდა, სათამაშო დრაკონებს ყიდულობს. რაც შეეხება სიძვირეს, ახალ წელს მომხმარებელი ნაკლებად დაეძებს ფასს, რადგან ყველას სურს, ბავშვის გული გაახაროს და რამდენიმე ლარის სხვაობის გამო უარს არ ეუბნება სასურველი სათამაშოსა თუ აქსესუარის შეძენაზე".
წლეულს თბილისურ საახალწლო სოფელში ძირითადად ერთფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი, განსხვავებული მხოლოდ ტირის ჯიხური და მობილური ოპერატორის სერვისცენტრია. მსოფლიოში კი საახალწლო ბაზრობებს სულ სხვა ელფერი და დანიშნულება აქვთ.
მრავალფეროვანი და საინტერესო საშობაო ბაზრობის მოწყობის ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია. ჩვენს საახალწლო სოფელში ძირითადად ჩინური სათამაშოებითა და იმ პროდუქციით ვაჭრობენ, რომელიც ბაზრობებზე უფრო იაფად იყიდება. უცხოეთში კი ასეთი საშობაო სოფლები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ასევე ტურისტების მოზიდვაზე. მაგალითად, პრაღაში საშობაო ვაჭრობა მშვიდობის მოედანზე ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იწყება. ძირითადად ვაჭრობენ ხელნაკეთი სუვენირებით და მომხმარებლებს ტრადიციული საახალწლო კერძებისა და ტკბილეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობენ. პრაღაში საშობაო ბაზრობაზე გამოსულ მომხმარებელს შეუძლია, იქვე მოხარშული გლინტვეინი დააგემოვნოს და შემწვარი ღორის ხორცი ან კარტოფილის ღვეზელი დააყოლოს. სამახსოვროდ ან სასაჩუქრედ კი ისეთი სუვენირი შეიძინოს, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში ნამდვილად ვერ შეხვდება.
ევროპაში პირველი საშობაო ბაზრობა კი თურმე დრეზდენში გაიხსნა 1934 წელს. ევროპული საშობაო ბაზრობები კათოლიკურ შობამდე სამი კვირით ადრე იხსნება. ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ათასობით სავაჭრო კარავი, ვაგონი და ატრაქციონი იშლება, რომლებსაც გარს ქუჩის მსახიობები, ჯამბაზები და ილუზიონისტები ეხვევიან. ამ ბაზრობაზე მოსახვედრად ტურისტები საგანგებოდ ჩადიან, რადგან იქ ხელმისაწვდომ ფასად, სასაჩუქრე პროდუქციის გარდა, ადგილობრივი კერძების დიდი არჩევანი ეგულებათ. ვენაში საშობაო ბაზრობა ერთგვარ გამოფენა-გაყიდვას ჰგავს, სადაც შეგიძლია გასინჯო შემწვარი წაბლი თუ ადგილობრივი კონდიტერების მომზადებული ათასგვარი ნუგბარი. ფინეთში საშობაო ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თავად სანტა კლაუსი და მისი გარემოცვა გაუმასპინძლდება ირმის პაშტეტითა და განსაკუთრებული ფინური გლინტვეინით, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ყველაზე "ტკბილი" საშობაო ვაჭრობა კი ბრიუსელში ეწყობა, სადაც 200-მდე ჯიხურსა თუ დახლზე ბელგიური შოკოლადისა და ტკბილეულის ნამდვილი ზეიმი იმართება. ტალინში საახალწლო ბაზრობაზე დაუჯერებლად იაფად შეიძლება ხელით ნაქსოვი შალის სვიტერებისა და აქსესუარების, ასევე შუშისა და კერამიკისგან დამზადებული ტრადიციული ესტონური ნაკეთობების შეძენა.
P.S. სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ბაზრობებზე გამგზავრების ორგანიზება არაერთი ტუროპერატორის მომსახურებაში შედის და ტურისტებს ევროპის ათი საუკეთესო საშობაო ბაზრობის ჩამონათვალსაც სთავაზობენ. თბილისის საახალწლო სოფელში კი გაწბილებული ტურისტებიც ვნახე, ცხვირაბზუებული რომ ათვალიერებდა ჯეკსონის ქუდებსა და იდუმალი მკვლელის ნიღბებს...
1370
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85