სოფლის მეურნეობის ვაუჩერების დარიგება ერთობ კურიოზულად მიმდინარეობს. ყველგან იმდენი უზუსტობაა, რომ საქმეს ე.წ. დამატებითი სიებიც ვერ უშველის. ან რა დამატებით სიებზეა საუბარი, როცა ქვემო მლეთაში მცხოვრები ოჯახების ლამის ნახევარი საერთოდ გამორჩენილია აღრიცხვიანობიდან. ასეთ “უზუსტობას” ერთი დამატებითი სია არ შველის, ხოლო დამატებითის დამატებითი სია ჯერჯერობით არავის არსად შეუდგენია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში მცხოვრებ 12 ოჯახს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად გათვალისწინებული 30-ლარიანი ვაუჩერი დღემდე არ მიუღია.
“ქვემო მლეთაში სულ 27 კომლი ცხოვრობს. ვაუჩერი 12 ოჯახს არ მოგვცეს. სხვა დროს ვაუჩერს ყოველთვის გვაძლევდნენ ხოლმე. რაიონის ხელმძღვანელობას მივმართეთ. გვითხრეს, გამოგვრჩით და შეცდომას გამოვასწორებთო. როგორ შეიძლება 12 ოჯახი გამოგრჩეს? ჩვენს სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს”, - განაცხადა ქვემო მლეთის მკვიდრმა შოთა ბურდულმა.
ქვეშეთის თემის რწმუნებული ვანო ებრალიძე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ქვემო მლეთაში 12 ოჯახი ვაუჩერს დაგვიანებით მიიღებს. “ქვემო მლეთისა და არაგვის პირის მოსახლეობის ვაუჩერები აირია და 12-მა ოჯახმა ვაუჩერი ამიტომ ვერ მიიღო. პრობლემა მალე მოგვარდება”, - ამბობს ებრალიძე.
ჯერჯერობით სიაში ვერ მოხვდა სოფელ ვარიანში მცხოვრები გლეხების ნაწილიც. მათი თქმით, მიიღეს პირობა, რომ დამატებით სიების შედგენისას ვაუჩერებს აუცილებლად დაურიგებენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა გამოცდილების გამო, გლეხებს დამატებითი სიების არ სჯერათ.
“არ მოუციათ ვაუჩერი. მართალია, ეს 30 ლარი მინიმალურია და მიწას ვერ დამიმუშავებს, მაგრამ გაჭირვებული გლეხისთვის მაინც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თუ მთავრობა ამბობს, რომ ყველა გლეხი მიიღებსო, რატომ უნდა დავკარგო? ერთხელ არ ვიყავი სიაში, მეორეჯერ, რით ვერ მოგვარდა ეს პრობლემა?
სასურსათო ვაუჩერებს, რომ არიგებდნენ, ისიც არ მომცეს. მივედი, მოვითხოვე, მაშინაც ასე მიპასუხეს დამატებითი სიები შედგებაო, მაგრამ მაინც ვერ მივიღე. დამატებითი სია მართლა თუ არსებობდა ისიც არ ვიცი”, - ამბობს ვარიანში მცხოვრები გლეხი.
როგორც ჩანს, ვაუჩერების დარიგების პროცესი მთავრობისთვის დიდ თავსატეხად გადაიქცევა. ვაუჩერების გაცემა ჯერ ხეირინად არც კი დაწყებულა და უკვე ყველაფერი თავდაყირა დგება. ამიტომაცაა, რომ ოპოზიცია სამართლიანად მიუთითებს, რომ ეს პროგრამა ხელისუფლების პიარის ნაწილია.
“პრეზიდენტის განცხადებით ამ პროგრამის მიზანია წაახალისოს მოსახლეობა, რათა მომავალ წელს მიწის ბევრად უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს, სინამდვილში კი ეს პროგრამა არნაირად არ ამსუბუქებს გლეხის მდგომარეობას. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება მთავარი პრიორიტეტია, რა შედეგის მომცემია ამ ვაუჩერების დარიგება, როცა 1 ჰექტარი მიწის დამუშავებისთვის 25-30 ლიტრი საწვავია საჭირო, 30 ლარიანი ვაუჩერით კი მხოლოდ 12-13 ლიტრის შეძენაა შესაძლებელი”, - აცხადებს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის წევრის და გურჯაანი საკრებულოს დეპუტატი გაბახაძე.
მისივე თქმით, საქართველოში ხელოვნურადაა გაზრდილი საწვავის ფასი და ხელისუფლება უქმნის გლეხებს ისეთ პირობებს, რომ შეიძინონ საწვავი და არ გაანაღდონ ვაუჩერები, რათა არ მოხდეს ბიუჯეტიდან თანხების გადინება, მოახლოვებულია საპარლამენტო არჩევნები და თანხები ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება. ამ ქმედებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სრული გულგრილობა და ცინიზმი თავისი ხალხის მიმართ.
“მოვითხოვ, მიეცეს გლეხებს საშუალება კუთვნილი ვაუჩერის ფულადი განაღდებისთვის, ეს თანხა მართალია არასაკმარისია მიწის დასამუშავებლად, ხოლო ზამთრისა და უკიდურესი გაჭირვების ფონზე ნამდვილად წაადგება მოსახლეობას”.
გლეხები ვაუჩერს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, ან სასუქის შესაძენად გამოიყენებენ. სასუქის ვაუჩერით ყიდვა იმ სავაჭრო ობიექტებში იქნება შესაძლებელი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა.
1020
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85