სამურაების სული თანამედროვე იაპონიაში და 2008 წლის აგვისტოს შემდგომი საქართველო

სამურაების სული თანამედროვე იაპონიაში და 2008 წლის აგვისტოს შემდგომი საქართველო

ჰაგაკურე: სამურაის გზა, ღირსების წიგნი

მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელ პოლოტ-კამიკაძეებს ყოველთვის თან მიჰქონდათჰაგაკურესტომი, თავიანთი გმირული გაფრენების დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინიკამიკაძესწორედ საგას პროვინციაში დაიბადა და მერე გავრცელდა მთელს იაპონიაში. კამიკაძეების უმრავლესობაც საგადან იყვნენ...

 

საინტერესოა სამურაების საბრძოლო ხელოვნების ტრადიციის დღევანდელი დღე, თანამედროვე იაპონიაში და იაპონელთა ამ გამოცდილების გააზრება თანამედროვე საქართველოზე ფიქრისას. თქვენდამი მოკრძალებით, სწორედ ამ საკითხებზე შევაჩერებ ცოტა ხნით თქვენს ყურადღებას.

 

მეორე მსოფლიო ომში დამარცხებისა და კაპიტულაციის შემდეგ, იაპონიამ შეძლო საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინა ამერიკული ოკუპაციის წლები, ეკონომიკური დახმარება და დემოკრატიული ცვლილებები. ამ პერიოდში აღდგენილ იქნა ეროვნული მრეწველობა და მოკლე ხანში დაიწყო ეკონომიკის ფორსირებული ზრდა, რამაც იაპონიის მმართველ წრეებს საშუალება მისცა ამაყად და ხმამაღლა განეცხადებინათ "იაპონური სასწაულისა" და იაპონელთა განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ.

   

სამურაების ღირსების წინგნი ”ჰაგაკურე”,  სამურაების კოდექსი - ბუში-დო (მეომრის გზა) და მასში ასახული პრინციპები, "ახალი" იაპონიის საზოგადოებამ წარმატებულად გამოიყენა თანამედროვე მსოფლიო რეალობაში და იაპონელების ძირითად სამოქმედო პრინციპად აქცია. ომის შემდგომი საყოველთაო ფრუსტრაციის და ატომური დაბომბვების ფონზე, რომლის შედეგები ძნელად წარმოსადგენიც კი არის არაიპონელთათვის, იაპონია გადარჩა და შეიცვალა. ერთ დროს აგრესორი და ჰიტლერის მოკავშირე ქვეყანა საინტერესო და მიმზიდველი გახდა მთელი მსოფლიოსათვის იმ გასაკვირი ეკონომიკური მიღწევებით, რომლებზეც დღეს ყველამ იცის. ამ მიღწევებმა იაპონელთა "განსაკუთრებულობის" იდეა ააღორძინა და ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აქცია.

 

შენიშვნა/პარალელები:

2008 წელს, საქართველოს დანაწევრების შემდეგ, საქართველოს მთავრობა შეეცადა გაემხნევებინა საკუთარი ხალხი და რამდენიმე ბრავადული ”ღონისძიებაც” ჩაატარა, უმეტესად ტელევიზიისა და კონოს დახმარებით (გაიხსენეთ ამრიკელი რეჟისორის, რენე ჰარლინის, საქართველოში ომზე ფილმის ანეკდოტური გადაღებები რუსთაველზე, ”მოზეიმე” ქართველი ხალხის თანდასწრებით, ერზაც-სააკაშვილით, ენდი გარსიას შესრულებით, 2009 წელს).

 

ქართველებს კარგად გვახსოვს ის ბრაზი და დამცირება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველა ნორმალურ ადამიანს დაეუფლა საქართველოში. გვახსოვს უცხო ტანკებსა და ბტრ-ებზე მომჯდარი უცხოტომელები, რომლებიც თავისუფლად დასეირნობდნენ საქართველოს გულში, ქართლში. ისინი გულგრილი სახეებით გვიყურებდნენ და უდარდელად აბოლებდნენ თავიანთ წეკოს; გვახსოვს საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის პირას სახელდახელოდ აშენებული ”ლტოლვილთა ქალაქები”; გაწამებული დევნილების დაშლილ-დარბეული დემონსტრაციები;

 

სამწუხაროდ, არ გვახსოვს მთავრობისა და ხალხის გულწრფელი შემართება ქვეყნის აღორძინებისათვის; არ გვახსოვს ხელებდაკაპიწებული შრომა საექსპორტო წარმოების განსავითარებლად, უპოვრების დასაპურებლად და უმუშევრების დასასაქმებლად; არ გვახსოვს გმირობის მაგალითები ხელისუფალთა მხრიდან, რომლებიც მისაბაძი გახდებოდა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა; არ გავხსოვს განათლების, ეკონომიკის ან თავდაცვის ”სახელმწიფო” ან ”ეროვნული პროგრამა”, რომელიც გახდებოდა საქართველოს წინამძღოლი აგვისტოს ომის შემდეგ დამდგარ რეალობაში.

      

შორს ვარ იქიდან, რომ იაპონიისათვის ამერიკელების მიერ მოწყობილი ატომური ჯოჯოხეთი, რუსების მიერ საქართველოს ოკუპაციას  შევადარო (ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ორი, სხვადასხვა მასშტაბის მოვლენა იყო), თუმცა მსურს ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ ამ საკითხებზე:

 

რუსებმა დაინდეს ქართველები და საქართველო - ეს ნათელი გახდება, თუ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს, ამერიკელების მიერ იაპონიის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებს შევადარებთ:

 

- 1945 წლის აგვისტოს ატომურ დაბომბვამდე, აშშ, 1942-1945 წლებში და განსაკუთრებით 1945 წლის 7 თვის განმავლობაში, ბომბავდა და ანადგურებდა სამიზნედ არჩეულ, 67 (!) იაპონურ ქალაქს, რომელთა უმრავლესობა, 1945 წლისათვის, უკვე თითქმის განადგურებული იყო, ხოლო ამ ქალაქების 500,000 მეტი მცხოვრები - დაღუპული. 

- 1945 წლის აგვისტოს, 2 ატომური დაბომბვის შემდეგ, კაპიტულაციაზე იაპონელთა გადაწყვეტილებას კიდევ 6 დღე დასჭირდა. ეს მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ რუსებმა დაინდეს ჩვენი ქვეყანა და ამრიკელებივით არ გაასწორეს იგი მიწასთან. ყველაფერი შედარებითია.

 

ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომმა ვერაფერი გვასწავლა. ომისშემდგომი წლების იაპონელები ადექვატურად შეხვდნენ იმ უბედურებას, რაც მათ ქვეყანას დაატყდა - მათ წარმატებით შესძლეს ”ატომური” შიშის გადალახვა და სწორად მიმართეს თავიანთი ძალისხმევა ქვეყნის ასაღორძინებლად. გაიხსენეთ, იაპონია, ატომურ დაბობმბვამდე, ძალიან მძიმე და ძვირიან ომს აწარმოებდა აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, წყნარი ოკეანის აუზსა და აღმოსავლეთ აზიაში; მიუხედავად ამისა, ომის დამთავრებიდან 10-15 წელიწადში იაპონია ექსპორტიორი ხდება და იწყებს თავის ძლევამოსილ სვლას მსოფლიო ეკონომიკაში.

ამ დროს, გაიხსენეთ 2008 წლამდე საქართველო: ინვესტიციების ბუმი, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა პროცენტები, სიმპათიები დასავლეთიდან. სამწუცაროდ, ვერაფერს გეტყვით საქართველოს ომისშემდგომ წინსვლასა და მიღწევებზე. უბრალოდ არაფერი გვაქვს სათქმელი.

       

ეკონომიკური მონაცემები შედარებისთვის:

საქართველომ 2001 წელს მოიწია 306,479 ტონა ხორბალი (წყარო: მსოფლიოს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ე.წ. ფაო)

საქართველომ 2007 წელს მოიწია   74,900 ტონა ხორბალი (წყარო: იგივე, რაც ზემოთ).

2009 წელს, ხორბლის  მოსავალმა - დაახლ. 53,900 ტონა შეადგინა

შეკითხვა:  სად არის პროგრესი? საქართველოს, წელიწადში, თავის გამოსაკვებად, დაახლოებით 800,000-დან 1 მილიონ ტონამდე ხორბალი სჭირდება. რატომ არ მოგვყავს ხორბალი? არ მოდის?

 

იაპონელთა შესახებ ერთ-ერთ წიგნში (Brown, People of Japan) ვხვდებით ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1938 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის,  ქალბატონ პერლ ბაკის ფრაზას: "...იმ ფაქტმა, რომ ბელადებმა თავიანთი ხალხი ომში ბრწყინვალე გამარჯვების ნაცვლად საშინელ დამარცხებამდე მიიყვანეს, ძლიერ შეძრა იაპონელები. ეს იყო როგორც მათი არსების, გონებისა და სულის, ასევე სხეულის მარცხი. ისინი აღარ იყვნენ ისეთი ხალხი, როგორიც თავი ეგონათ..." 

 

შეკითხვა: როგორი ხალხი ვართ ჩვენ დღეს? გვგონია, რომ ისევ ისეთები ვართ, თუ შევიცვალეთ? შეგვძრა თუ არა ჩვენ იმ საშინელმა დამარცხებამ, რომელთანაც ჩვენმა ”ბელადებმა” მიგვიყვანეს?

 

გენერალ მაკ-არტურის  საოკუპაციო მთავრობამ, ქვეყნის (იაპონიის) მმართველი აპარატის დემოკრატიზაციასთან ერთად, სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა იაპონურ ნაციონალიზმსა და მილიტარიზმს, ომამდელ სახელმწიფო ცენზურას, ისტორიული და სოციალურ-პოლიტიკური დისციპლინების ომამდელ სისტემას (რაიმე ხომ არ გეცნობათ ზემოთთქმულიდან ბატონებო?)

       

ამავე დროს აშშ ძალიან ფრთხილად იქცეოდა (!) იმ საკითხებში, რომლებიც იაპონურ ეროვნულ ფასეულობებსა და თვითშეგნებას ეხებოდა, რადგან სამომავლოდ მათ იაპონიის სახით საიმედო სავაჭრო და იდეოლოგიური პარტნიორი ესაჭიროებოდათ წყნარი ოკეანის რეგიონში.

       

მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, ლიტერატურაში, კინოსა და თეატრში. ანტიმილიტარისტული კამპანიის ფონზე აიკრძალა ტრადიციული საბრძოლო სკოლების მუშაობა. ეს შეეხო ძიუ-დოს, აიკიდოს, კენდოს, კარატეს და სხვა ტრადიციულ საბრძოლო სისტემებს.

 

მაკ-არტურის შტაბი შეეცადა სრულიად გაენადგურებინა იაპონელებისათვის ბუნებრივი - ფეოდალური ლოიალობისა და ეროვნული უპირატესობის ფესვები, რომლებიც ტრადიციული იაპონური თეატრის კაბუკის იდეოლოგიურ საფუძველს შეადგენს.  ერთ-ერთ დირექტივაში პირდაპირ იყო ნათქვამი კაბუკის მავნებლობის შესახებ (იმდროინდელი ამერიკელები თავიანთი კატეგორიულობით დიდად არ განსხვავდებოდნენ 40-იანი წლების რუსი და გერმანელი "იდეოლოგებისაგან", რომლებმაც მსოფლიო დაღუპვის პირას მიიყვანეს).

 

ზემოთხსენებულ დირექტივაში, რომელიც 1945 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ კაბუკის ტიპის თეატრი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ხალხზე, რადგან მასში ნაჩვენებია ლოიალური დამოკიდებულება ღალატის, ვენდეტის, მკვლელობისა და თვითმკვლელობის (სეპუკუ, ჰარაკირი), შურისძიების მიმართ. ეს კი უშლის ხალხს გააცნობიეროს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ურთიერთობები. ამის შედეგად კაბუკისა (იაპონური ტრადიციული დრამატული თეატრი) და ძიორურის/ბუნრაკუს (ტრადიციული იაპონური თიჯინების თეატრის ერთ-ერთი სახეობა)

 

თეატრები "ფეოდალური იდეოლოგიის პროპაგანდის" მიზეზით აიკრძალა. ამან, როგორც მოსალოდნელი იყო, ომის შედეგებით გაუფერულებული იაპონური იდეალებისა და ბუშიდოს მრავალსაუკუნოვანი პრინციპების ხელახალი პოპულარიზაცია გამოიწვია და იაპონელთა ენერგია, ოკუპანტების მიერ შელახული ეროვნული კულტურის დაცვისაკენ მიმართა.

 

შეკითხვა: ბავშვებო, ვინ არის ოკუპანტი, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს ლახავს საქართველოში?

 

ამერიკელების მიერ შემოღებული ხელოვნური აკრძალვები მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა(!), მაგრამ მაკ-არტურის შტაბის კატეგორიულობამ ძლიერი ბიძგი მისცა იაპონიაში 50-იან წლებში დაწყებულ ფართო იდეოლოგიურ კამპანიას, რომლის მიზანი დაკარგული ეროვნული და სულიერი ფასეულობების აღდგენა გახდა. ამას მოჰყვა იაპონიის მთავრობაში ე.წ. "სახელმწიფო-ნაციონალისტური" აქტივობის ზრდა. ეს გამოიხატა 11 თებერვლის მონარქიული დღესასწაულის - იმპერიის დაარსების დღის აღდგენით, სკოლებში "მორალური აღზრდის" კურსის შემოღებითა და კულტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამით.

 

მოგვიანებით, 60-იან წლებში, იაპონიის სამრეწველო განვითარების ბუმის დროს, განათლების ცენტრალური საბჭო ერს (საკუთარ ერს და არა ევროსაბჭოს, პიტერ სემნების ან კეთრინ ეშთონს!), "ადამიანის ფორმირების" ახალ პრინციპს სთავაზობს. პრინციპის ძირითადი მომენტები თანამედროვე მსოფლიოში იაპონიის მისიის, ქვეყნის მნიშვნელობის ზრდის, იმპერატორის განსაკუთრებული როლისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

 

შენიშვნა: ეს პროგრამა ხომ არ წააგავს იმას, რომელიც არ გვაქვს და აი, უკვე 20 წელია გვიკაკუნებს კარზედ, ჩვენ კი ჯიუტად არ ვუღებთ?

 

ამ სახელმწიფო პროგრამამ, იაპონური "ეკონომიკური სასწაულის" ფონზე, შედეგად გამოიღო იაპონური კულტურის არნახული ზრდა (!). გააქტიურდა კაბუკისა და ნოოს თეატრების მოღვაწეობა, შუა საუკუნეების ისტორიის, კულტურის, პოეზიისა და ფერწერის კვლევა, პოპულარული გახდა ტრადიციული საბრძოლო სკოლები. პარალელურად დაიწყო იაპონური კულტურის ექსპორტი ევროპასა და ამერიკაში.

 

ოსტატები, ინსტრუქტორები, ტექნიკური აღჭურვილობა, ყველაფერი ეს მთავრობის ხელშეწყობით ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, რასაც ბუნებრივად თან ახლდა იაპონური ცხოვრების წესის, ფასეულობათა, ტრადიციული მსოფლმხედველობისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაცია მსოფლიოში. იაპონური ბუდოს ათეულობით სახეობიდან რამდენიმემ არნახული "საბრძოლო" ბუმი გამოიწვია ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში. ამ სახეობებიდან აღსანიშნავია ძიუ-დოსა და კარატეს არნახული პოპულარობა მსოფლიოში, აიკიდოსა და კენდოს რამდენიმე მილიონი მიმდევარი იაპონიის გარეთ, რაც თავისთავად მიუთითებს იაპონური ტრადიციული ბუდოს წარმატებებზე მსოფლიოს მასშტაბით.

 

ბუშიდოს იდეა, რომელიც დასაბამს XII საუკუნეში იღებს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოკუგავას სიოგუნების მმართველობის პერიოდში (1603-1867) და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სამურაების ფენის ცხოვრების წესს განსაზღვრავდა. მეიძის ეპოქაში (1868-1912), ამ დროისათვის დამახასიათებელი ბურჟუაზუილ-დემოკრატიული ცვლილებების პარალელურად, ახალმა ოფიციოზმა "ბუშიდოს კოდექსი" მოხერხებულად გამოიყენა "ახალი სამურაების" მორალისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად.

 

სამურაისა და სიუზერენის უნიკალური ურთიერთობები გამოყენებულ იქნა იაპონური კორპორაციებისა და კომპანიების მმართველობაში. წარჩინებული სამურაების გვართა წარმომადგენლების საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოიალურობა და უსაზღვრო ერთგულება "პატრონისადმი", წარმატებულად განხორციელდა იმდროინდელი მენეჯმენტის სისტემაში და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამან განაპირობა ტოკუგავების პატრიარქალური იაპონიის მოულოდნელად სწრაფი ადაპტაცია და ინტეგრაცია თანამედროვე ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ სისტემაში.

 

იაპონიის ახალი ისტორიის ეს ნაწილი ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება შეუსაბამო ე.წ. "ეროვნული თავისებურებები" მსოფლიოში ჩამოყალიბებულ წარმატებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას (ჩათვალეთ პროგრესს), რომელსაც კომუნისტები კაპიტალიზმს უწოდებდნენ, დღეს კი ბურჟუაზიულ დემოკრატიას ვეძახით.

 

"ბუშიდოს კოდექსის" მოდერნიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 30-40-იან წლებში, იაპონიის იმპერიული და მილიტარისტული ამბიციების ფონზე, რამაც იაპონის კინაღამ დაღუპვის პირას მიიყვანა.

 

"ბუშიდოს კოდექსის" რეალიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს დღეს და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველასათვის ცნობილია იაპონელ მოსამსახურეთა უსაზღვრო ერთგულება თავიანთი სამუშაო ადგილისადმი, მათი ერთგვარი "პატრიოტიზმი" კომპანიისადმი, დილის ჰიმნები, უნიფორმები, მოკლე შვებულებები და მსოფლიოში ეტალონად ქცეული "იაპონური ხარისხის" დამადასტურებელი წინადადება: Made in Japan.

 

"მზის შვილები" დღესაც იმ ტრადიციით საზრდოობენ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს მათმა სახელოვანმა წინაპრებმა. ამ ერისათვის დამახასიათებელი გუნდურობისა და საქმისადმი (ბატონისადმი, ქვეყნისადმი, ოჯახისადმი) ერთგულების ტრადიციის საფუძველი მეომარ-სამურაების ასკეტური, მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების წესში დევს. ამ წესმა გენეტიკური თავისებურების ფუნქცია შეიძინა და არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა ერს, რომლის ისტორია, ერთი შეხედვით, დაუსრულებელი სისხლისღვრისა და ომების ისტორიად შეიძლება აღიქვა ადამიანმა.

 

"ბუშიდოს კოდექსი", როგორც მას ევროპელები უწოდებენ, წარმოადგენს ძენ-ბუდიზმისა და ნეოკონფუციანიზმის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ქცევისა და ეთიკური რეგლამენტაციის წესების ნაკრებს, რომელიც ადამიანისათვის ადვილი გასაგებია. როგორც წესი, აღნიშნული ნორმების საფუძველს წარმოადგენს ძველი კონფუციანისტური პრინციპები: ბატონისადმი უსაზღვრო ერთგულება, მშობელთა პატივისცემა, ასაკითა და მდგომარეობით უფროსთა პატივისცემა, ზრდილობიანობა და მოკრძალებულობა, ზომიერება ჭამისას და ჩაცმისას, საგვარეულოს პატივისცემა და სახელის გაფრთხილება, საბრძოლო და ნატიფ ხელოვნებების შესწავლა და მუდმივი დახვეწა.

 

ბუშიდოს უმთავრესი მიზანი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ხშირად - თავგანწირვა. ვალის მოხდის პრაქტიკული გზა ხუთი ძირითადი "მუდმივისადმი" (ჰუმანურობა, სამართლიანობა, კეთილგანწყობა, სიბრძნე და სიმართლე) აბსოლუტურ მორჩილებას მოიცავდა. ყველა ეს სიკეთე კონფუციანური საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემაში ემსახურებოდა და განსაზღვრავდა ე.წ. "ხუთ კავშირს": მოსამსახურეს (იაპონურად სამურაი) და ბატონს შორის, მამასა და შვილს შორის, ქმარსა და ცოლს შორის, უფროსსა და უმცროსს შორის და მეგობრებს შორის. სამურაი ვალდებული იყო, ზემოთხსენებული კავშირებისათვის განსაზღვრული რეგლამენტით ემოქმედა ნებისმიერ სიტუაციაში და მკაცრად დაეცვა ქცევის დადგენილი ნორმები.

 

რა შეიძლებოდა ყოფილიყო სამურაისათვის დაკისრებული ვალის მოხდის გარანტია საერო ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ბუდოს ხელოვნების დაუფლება და ბუდოს მეშვეობით ზეცის, მიწისა და ადამიანის კოსმიური კავშირის საიდუმლოს წვდომა მუდმივი, თავგანწირული ვარჯიშისა და ძენ-ბუდისტური ფსიქოფიზიკური ტრეინინგის მეშვეობით. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რამდენად მისაღებია შუასაუკუნეებისდროინდელი, თუნდაც ტრადიციული, საზოგადოებრივი და პერსონალური ქცევის ნორმები დღეს, თანაც იაპონიაში, ანუ ქვეყანაში, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში პროგრესისა და რაციონალურობის სიმბოლოდ აღიქმება?

 

"სამურაების მორალის" დღევანდელი იდეოლოგები გვპასუხობენ, რომ თანამედროვე ყოფის პირობებში, როდესაც ადამიანი ტექნოლოგიურ გარემოში ცხოვრობს, რაც უამრავი სტრესით, ცვლილებით, დაძაბულობითა თუ მოულოდნელი სიტუაციებით ხასიათდება, ბუშიდო ადამიანს ეხმარება ჩამოყალიბდეს ძლიერ პიროვნებად და თავის ტალანტი და ენერგია სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს მიუძღვნას. შუა საუკუნეების მსგავსად, ბუშიდოს სულისკვეთების მატარებელს შეუძლია გახდეს ქვეყანაში მიღებული კანონებისა და საზოგადოებრივი ნორმების დამცველი. ეს ის ფუნდამენტია, რომელიც გართულებულ და ძნელად გასაგებ სიტუაციებში, მაღალი იდეალებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედების საშუალებას გვაძლევს.

 

ამის დასტურად გვინდა მოვიხმოთ ერთი მაგალითი, რომელიც სამშობლოსადმი ერთგულებისა და ბუშიდოს ნორმებისადმი აბსოლუტურ მორჩილებას გამოხატავს:

           

1944 წელს, II მსოფლიო ომის დროს, საიმპერატორო არმიის ერთ-ერთი დანაყოფის ოფიცერმა ონოდამ თავისი უშუალო უფროსისაგან მიიღო სამხედრო ბრძანება: დარჩეს ჯარისკაცებთან ერთად ფილიპინების არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე და დივერსიები ჩაატაროს მტრის წინააღმდეგ. ოფიცერი ონოდა დაემორჩილა უფროსის ბრძანებას და დაიწყო მოქმედება. სამურაი ონოდას "ომი" გაგრძელდა 1974 წლამდე! მან ეს საქმიანობა შეწყვიტა მხოლოდ მისი უშუალო უფროსის ბრძანებით, რომელიც 1974 წელს საგანგებოდ ჩაიყვანეს ფილიპინებში. ონოდა მხოლოდ მის ახალ ბრძანებას დაემორჩილა და სამშობლოში 30 წლის შემდეგ დაბრუნდა. თავის ინტერვიუში ონოდა ამბობს: "არ ვნებდებოდი. მე მოვალე ვიყავი მხოლოდ უშუალო უფროსის ბრძანებით მემოქმედა... ხელქვეითთა დაღუპვა არ მინაღვლია, სურვილი კი მქონდა მათი სიკვდილისათვის შური მეძია... მშობლები არ მახსოვდა. ვფიქრობდი, თუ დაღუპულად მთვლიან, სულიერად ამაღლდებიან-მეთქი, ეს კი სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა მათ..." (იაპონელები, ვ.პრონნიკოვი, ი.ლადანოვი).

 

იაპონელებმა შესძლეს მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური შეცდომები და ომის ბოლოს ამერიკელების მიერ მოწყობილი ატომური ”ჯოჯოხეთი”, იაპონიის გამაძლიერებელ და იაპონელთა პიროვნული სრულყოფის ფაქტორად ექციათ.

 

ქართველებმა უნდა შევძლოთ, 2008 წლის ომი და მისი შედეგები, ჩვენი ქვეყნის აღქმისათვის მაინც გამოვიყენოთ და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა - რა გვინდა ჩვენ?